მანჯუკიჩის პირველი კომენტარი “მილანში” გადასვლის შემდეგ

მარიო მანჯუკიჩმა “მილანში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“მადლობელი შესაძლებლობისთვის, გადმოვსულიყავი ასეთ დიად კლუბში. ჩემთვის დიდი პატივია ამ ლეგენდარული ფორმის ჩაცმა და “როსონერისთვის” ბრძოლა. მხოლოდ იმას დაგპირდებით, რომ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯები და მაქსიმუმს გავიღებ გუნდის დასახმარებლად”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე ხორვატმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი “მილანს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ექნება, კიდევ ერთი წლის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით. 34 წლის თავდამსხმელი “როსონერის” რიგებში 9-ნომრიანი ფორმით ითამაშებს.

მარიო მანჯუკიჩი “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, ხორვატი ფეხბურთელი ინგლისურ გუნდს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ “წითელი ეშმაკები” მარიო მანჯუკიჩის დამატებას ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება არ შედგა. ინგლისელები პაულო დიბალას მიმართაც იჩენდნენ ინტერესს.

ინგლისის პრემიერლიგის XII ტურის თავზე “მანჩესტერ იუნაიტედს” სატურნირო ცხრილში 16 ქულით მეშვიდე პოზიცია უკავია.

მანჯუკიჩს პრემიერლიგაში გადასვლა სურს

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა მაურიციო სარის თავკაცობის პირობებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ახლა ნავსაყუდელის გამოცვლა სურს.

როგორც იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, 32 წლის ფეხბურთელი იანვრის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდში გადაბარგებას შეეცდება. მანჯუკიჩით ყატარული კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა ხორვატ ფეხბურთელს ამ ქვეყანაში გადასვლის სურვილი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩს მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” ფორმით არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ის არც გუნდის საჩემპიონთალიგო განაცხადშია შეყვანილი.

ცნობისათვის, ხორვატ ფეხბურთელსა და “ბებერ სინიორას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

მანჯუკიჩი: “იუვენტუსი” ადრეული წლებიდანვე მომწონდა”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა მარიო მანჯუკიჩმა იტალიური კლუბის მიმართ სიმპათია არ დამალა.

“იუვენტუსი” ადრეული წლებიდანვე მომწონდა. მე “მარსონიაში” ვთამაშობდი, რომელსაც ისეთივე ფორმა აქვს, როგორც ტურინულ კლუბს. სწორედ ამ დროიდან მომწონს “იუვენტუსი”.
ბედნიერი ვარ, რომ “ბიანკონერის” წევრი გავხდი. ვიცი, რაოდენ დიდ კლუბში მოვხვდი. “იუვენტუსს” მთელ მსოფლიოში ჰყავს ფანები. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მე ამისთვის მზად ვარ”, – მანჯუკიჩის სიტყვებს Football Italia აქვეყნებს.

 

ოფიციალურად: მანჯუკიჩი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა.

29 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა “ბებერ სინიორასთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულებამ 19 მილიონი ევრო შეადგინა, რომელიც სამ ნაწილად იქნება გადახდილი. მანჯუკიჩის წარმატებულად თამაშის შემთხვევაში, მადრიდული კლუბი დამატებით ორ მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი “ატლეტიკოში” 2014 წლიდან თამაშობდა. ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში ხორვატმა ფეხბურთელმა 28 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მანჯუკიჩი: „მოხარული ვარ, რომ „ატლეტიკოში“ გადმოვედი“

მიუნხენის „ბაიერნის“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი მადრიდის „ატლეტიკოში“ ითამაშებს.

დღეს ხორვატმა ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერმა 22 მილიონი ევრო შეადგინა.

„ბედნიერი ვარ, რომ „ატლეტიკოში“ გადმოვედი. ამ გუნდს კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ „ატლეტიკოში“ ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ, მათ კარგი სპეციალისტი თავკაცობს. ვფიქრობ, შემიძლია, რომ გუნდისთვის სასარგებლო სამუშაო გავწიო“, – მანჯუკიჩის სიტყვებს „მარკა“ ციტირებს.

 

კამერუნი — ხორვატია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბალკანელთა თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 24 გადაცემა და კარში 4-ჯერ დაარტყა.