ხამესს “რეალში” დაბრუნება სურს

მადრიდის “რეალიდან” მიუნხენის “ბაიერნში” განათხოვრებულმა ხამეს როდრიგესმა “სამეფო კლუბში” დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

“მადრიდში ყველაფერი მაქვს: სახლი, ხალხი, რომელსაც ვუყვარვარ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ჯერჯერობით “ბაიერნთან” მოქმედი კონტრაქტი მაქვს. მიმდინარე სეზონი დასრულდება, რის შემდეგაც ჩემს მომავალს ნათელი მოეფინება. “რეალის” რამდენიმე ფეხბურთელთან აქტიურ კონტაქტს ვინარჩუნებ, ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებით”, – ციტირებს ხამესის სიტყვებს “ასი”.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შედგება ფეხბურთელის აგენტის, “ბაიერნისა” და “რეალის” წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც ხამესის მომავალზე იმსჯელებენ.

ხამესს “რეალში” დაბრუნება სურს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” შემტევ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს მადრიდის “რეალში” სურს დაბრუნება. კოლუმბიელი ფეხბურთელი ბავარიულ გუნდში იჯარის წესით მეორე სეზონს ატარებს, ზაფხულში გერმანელებს 42 მილიონ ევროდ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება მიეცემათ.

27 წლის ნახევარმცველს “ბაიერნის” თავკაც ნიკო კოვაჩთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს. ხამესს გუნდში ხორვატი სპეციალისტის მიერ დანერგილი სათამაშო სტილი არ მოსწონს და ზაფხულში ნავსაყუდელის შეცვლას იმედოვნებს.

“ბაიერნს” ხამეს როდრიგესის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება “რეალისა” და თავად ფეხბურთელის ნებართვის გარეშეც აქვს. არ არის გამორიცხული, ბავარიელებმა კოლუმბიელი ფეხბურთელი გაიფორმონ, შემდეგ კი თავად დააყენონ ის ტრანსფერზე. ხამეს როდრიგესის მიმართ არაერთი წამყვანი კლუბი იჩენს ინტერესს, რომელთა შორის ტურინის “იუვენტუსი”, “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესს მუხლის ტრავმა აწუხებს და მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ მოახერხებს.

ხამესის აგენტი მოლაპარაკებას “მანჩესტერ იუნაიტედთან” აწარმოებს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა შესაძლოა, ნისლიან ალბიონს მიაშუროს.

ბრიტანული გამოცემა “მირორი” წერს, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის აგენტი “წითელ ეშმაკებთან” შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ხამეს როდრიგესი გუნდში შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ნავსაყუდელის შეცვლა სურს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ “სამეფო კლუბი” კოლუმბიელ ფეხბურთელს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეელიოს. როგორც მოგეხსენებათ, “რეალს” ზაფხულამდე ახალი მოთამაშეების დამატება აკრძალული აქვს და მადრიდელები გუნდში მყოფი ფეხბურთელების შენარჩუნებაზე ზრუნავენ.

თუ ხამეს როდრიგესის აგენტსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, კოლუმბიელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადაბარგდეს.

“ინტერმა” ხამესისთვის და ვერატისთვის 150 მლნ გაამზადა

მილანის “ინტერის” ჩინელმა მფლობელებმა გუნდში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტეს.

კერძოდ, დამდეგ ზაფხულს “ნერაძური” მადრიდის “რეალიდან” ხამეს როდრიგესის, “პარი სენ-ჟერმენიდან” კი მარკო ვერატის გადმობირებას შეეცდება. იტალიურმა კლუბმა აღნიშნული ტრანსფერებისთვის 150 მილიონი ევრო გაამზადა.

კოლუმბიელ ფეხბურთელს “სამეფო კლუბში” მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ნავსაყუდელის შესაცვლელად მზადაა.

მარკო ვერატიმ “პარი სენ-ჟერმენის” ახალ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან საერთო ენა ვერ გამონახა და გუნდის გამოცვლაზე ისიც ყაბულს არის.

ხამეს როდრიგესი: “ინტერს” ჩემი დამატება სურდა”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი დამატება მილანის “ინტერს” სურდა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნერიაძური” მზად იყო, კოლუმბიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გაეღო.

“გუნდის შეცვლის თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მქონია, თუმცა “ინტერს” ჩემი დამატება მართლაც სურდა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ყველას ვაგებინებ, რომ “რეალში” დარჩენა მსურს”, – ციტირებს ხამეს როდრიგესის სიტყვებს Onda Cero.

ხამესმა მესის შესახებ ისაუბრა

კოპა ამერიკის წლევანდელი გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე კოლუმბიის ნაკრების მეტოქე არგენტინის ეროვნული გუნდი იქნება. კოლუმბიელთა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა “ალბისელესტეს” ლიდერის, ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

“მესი სხვა სამყაროდანაა. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და ჩემი მასთან შედარება უმართებულოა. ასეთი შედარება ლეოს მიმართ უსამართლო იქნება”, – ხამეს როდრიგესის კომენტარი “მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა.

მატჩი არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის 27 ივნისს, თბილისის დროით შუაღამის 03:30 საათზე დაიწყება.

 

ხამეს როდრიგესმა “ოქროს ბუცი” მიიღო

კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს ბრაზილიაში წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის “ოქროს ბუცი” გადასცეს.

როგორც მოგეხსენებათ, როდრიგესი 6 გატანილი გოლით მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

“6 გატანილი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატზე. ოცნება ამიხდა. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელმა.

ხამეს როდრიგესი: „ამიერიდან მთელი კოლუმბია „რეალს“ უქომაგებს“

მადრიდის „რეალის“ კოლუმბიელი ახალწვეული ხამეს როდრიგესი თვლის, რომ ამიერიდან მთელი კოლუმბია „სამეფო კლუბს“ დაუჭერს მხარს. ფეხბურთელის თქმით, კოლუმბიელები ყოველთვის იმ გუნდს ქომაგობდნენ, რომელშიც თავად როდრიგესი თამაშობდა.

„ამიერიდან 45 მილიონი კოლუმბიელი „რეალს“ უქომაგებს. ისინი მადრიდულ კლუბს წარმატებას უსურვებენ. კოლუმბია ყოველთვის მხარს მიჭერდა, მუდამ ვგრძნობდი განსაკუთრებულ გულშემატკივრობას მათი მხრიდან.

მიყვარს გამოწვევები და გამარჯვებები. შესანიშნავ ადგილას ვარ იმისთვის, რომ ტიტულებს დავეუფლო“, – განაცხადა ხამეს როდრიგესმა ერთ-ერთ კოლუმბიური ტელევიზიის ეთერში.

 

ორ დღეში ხამეს როდრიგესის 345 ათასი მაისური გაიყიდა

მას შემდეგ, რაც ხამეს როდრიგესი ოფიციალურად გამოცხადდა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელად, მის მაისურებზე მოთხოვნა უმალ გაიზარდა.

„რეალში“ გადასვლიდან პირველ 48 საათში კოლუმბიელი ნახევარმცველის 10-ნომრიანი 345 ათასი მაისური გაიყიდა. ამდენად, საათში საშუალოდ 7 187 ფორმა იყიდება.

ამ გაყიდვების საერთო მოგებამ უკვე 33,4 მილიონი ევრო შეადგინა, რომლის 40 პროცენტი პირდაპირ „სამეფო კლუბის“ ბიუჯეტში შევა.

 

ხამეს როდრიგესის წარდგენის დროს ინციდენტი მოხდა

დაახლოებით 30 ათასი გულშემატკივარი მივიდა გუშინ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც მადრიდის „რეალმა“ ახალწვეული ხამეს როდრიგესი წარადგინა.

ფეხბურთელის წარდგენას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მოედანზე ქომაგი შეიჭრა, რომელიც როდრიგესთან ჩახუტებას შეეცადა, თუმცა დაცვამ უმალ განაშორა გულშემატკივარი მოთამაშისგან. კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ქომაგი დაცვის წევრებისგან დაიხსნა და მას სამახსოვროდ ბურთიც აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესმა „რეალთან“ ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ესპანური წყაროების ცნობით, მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღო. კოლუმბიელ ნახევარმცველს ხელფასის სახით წელიწადში 5 მილიონი ევრო მიეცემა. როდრიგესი „რეალში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

ოფიციალურად: ხამეს როდრიგესი „რეალის“ ფეხბურთელია

კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ოფიციალურად გამოცხადდა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელად. მხარეებს შორის ექვსწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ოცნება რეალობად იქცა. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ნაწილი ვხდები“, – აღნიშნა როდრიგესმა.

ხამეს როდრიგესის წარდგენა დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე მოეწყობა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „რეალმა“ 23 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღო, რაც საფრანგეთის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახლავთ.

 

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი დაასახელეს. ფინალური მატჩის შემდეგ არგენტინელ ფეხბურთელს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა — „ოქროს ბურთი“.

„ვერცხლის ბურთი“ წილად ხვდა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ ტომას მიულერს, ხოლო „ბრინჯაოს ბურთი“ ბრაზილიელთა ლიდერ ნეიმარს გადაეცა.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ხელთათმანი“ გადაეცა.

6 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად კოლუმბიის ნაკრების შემტევი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ბუცს“ გადასცემენ.

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა გახდა.