ესპანეთის ნაკრების წევრები ჩაბი ალონსოს განცხადებით უკმაყოფილონი არიან

„მარკას“ ცნობით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ ჩაბი ალონსოს მიერ გაკეთებულ კომენტარს „ლა როხას“ წევრების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაგირება მოჰყვა.

ბასკმა ნახევარმცველმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანელი ფეხბურთელები გამარჯვებისკენ სწრაფვით დაიღალნენ და გუნდი მუნდიალს ფსიქოლოგიურად მზად ვერ შეხვდა.

ესპანეთის ნაკრების დანარჩენი წევრები თვლიან, რომ ალონსოს მხოლოდ საკუთარი შეხედულება უნდა გამოეხატა და მთელი გუნდის სახელით არ უნდა ესაუბრა. ანდრეს ინიესტამ და დიეგო კოსტამ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს თავიანთი პრეტენზიები წაუყენეს. გარდა ამისა, კომენტარები გააკეთეს იმ მოთამაშეებმაც, რომლებსაც შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევის თეორიული შანსიც დაკარგა.