სპორტკომპლექს არენაში საკალათბურთო სეზონის უკანასკნელი შეხვედრა შედგა. სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ ქვეყნის ჩემპიონი „შსს-აკადემია“ და თასისი მფლობელი თბილისის „დინამო“ წარსდგნენ.
შეხვედრა პირველივე წუთებიდან თანაბრად წარიმართა, თუმცა სასტარტო მეოთხედი „აკადემიელთა“ მცირე უპირატესობით, 25:21 დასრულდა. მატჩის მსვლელობა არც მეორე პერიოდში შეიცვალა და დიდ შესვენებაზე გუნდები 5 ქულიანი სხვაობით გავიდნენ – 45:40.
შესვენების შემდეგ ნომინალური მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. „დინამო“ მეტოქის შეჩერებას შორეული ტყორცნებით ცდილობდა, მაგრამ ხოშტარიას შეგირდები ბევრ შეცდომას უშვებდნენ და საბოლოოდ დასკვნითი მეთხედის წინ ტაბოლზე 13 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 70:57.
ბოლო მეოთხედში, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე „დინამომ“ სხვოაბის შემცირება 5 ქულამდე მოახერხა და შეხვედრას ცოტა ხნით ინტრიგა დაუბრუნდა, თუმცა მეტის გაკეთება თასის მფლობელებმა ვეღარ შეძლეს და საბოლოოდ შსს-მ დამაჯერებლად, 84:76 იმარჯვა.
შსს-აკადემიას ბექა წივწივაძემ ულიდერა, რომელმაც შეხვედრა 19 ქულით დაასრულა. 16 ქულით შეეწია გამარჯვებულებს გიორგი შარაბიძე, გიორგი ცინცძის ანგარიშზე კი 15 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა დაგროვდა. დინამოში საუკეთესო იყო ბესო ლეჟავა, რომელმაც დიდი შედეგიანობა გამოავლინა და შეხვედრა 36 ქულით დაასრულა. 15 ქულით დახურა სეზონი გიორგი ვახანიამ.
შსს აკადემია 84-76 დინამო
კოტე ტუღუში (,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი, სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი): ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველოს ჩემპიონობას თავისი დატვირთვა აქვს, სუპერთასს – თავისი. ამიტომ მიხარია, რომ სეზონი ასეთი გამარჯვებით დავხურეთ. ძალიან დიდი შრომა იყო ამ ყველაფერში ჩადებული და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ მონაწილეს, როგორც მოთამაშეებს, ასევე მწვრთნელებს, ექიმებს, გუნდის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს, აბსოლუტურად ყველას, მათ უდიდესი შრომა გაწიეს… რთულად დავიწყეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.
საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის ოჯახმა დააწესა და მისი მფლობელი გახდა კლუბ ოლიმპის მოთამაშე ნოდარ გოგოძე. სეზონის საუკეთესო ახალგაზრდას პრიზი ზვიად მიქაძის შვილებმა სალომემ და იოანამ გადასცეს.
გამორჩეული მოთამაშის პრიზი
აღნიშნული პრიზი წლეულს პირველად გათამაშდა. პრიზი დიდი ქართველი კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელობისაა და ის სეზონის გამორჩეული მოთამაშისთვის დარსაძის ოჯახმა დააწესა. მისი მფლობელი გახდა ოლიმპის მოთამაშე ნოდარ გოგოძე, რომელსაც გელა დარსაძის სახელობის თასი დაღუპული კალათბურთელის მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა.
ნოდარ გოგოძე (სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი): ძალიან გახარებული ვარ, ჩემთვის პირველი ინდივიდუალური პრიზებია , რა თქმა უნდა, სასიხარულოა და ძალიან დიდი სტიმულია. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ გელა დარსაძის სახელობის პრიზი მივიღე, გელა დარსაძე ჩემი ნათლია და ერთ-ერთი მასწავლებელი იყო.
საუკეთესო მოთამაშე (MVP)
2014-2015 წლების საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც მონაწილეობა სუპერლიგის მწვრთნელებმა, კომისრებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ შსს-აკადემიას ლიდერი გიორგი ცინცაძე გახდა, რომელსაც პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცა.
გიორგი ცინცაძე (2014-2015 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელი): წარმატებული სეზონი იყო, როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის. შსს-აკადემიამ თითქმის ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც სრულად ჩამოყალიბების შემდეგ მიიღო მონაწილეობა. სუპერთასი ჩვენი რიგით მესამე ტიტულია ამ სეზონში და ეს დიდი შრომის ხარჯზე მოხდა. დიდი მადლობა გუნდელებს, მწვრთნელებს, კლუბისა და სუპერლიგის ხელმძღვანელობას, გულშემატკივარს და საერთოდ, ყველას, ვინც ჩვენს მატჩებზე დადიოდა.