2014-2015 წლების სეზონი სუპერთასით დასრულდება

სუპერლიგის2014-2015 წლების სეზონი 31 მაისს, სუპერთასის გათამაშებით დასრულდება. სეზონის ბოლო ტიტული გაზაფხულის ბოლო დღეს გათამაშდება. ლეგენდარული მოთამაშისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი და თბილისის „დინამო“გაითამაშებენ.

სწორედ ამ გუნდებმა გაინაწილეს მიმდინარე სეზონის 2 უმთავრესი ტიტული: შსს-აკადემია სუპერლიგის ჩემპიონი გახდა,„დინამომ“ კი თასის გათამაშებაში იმარჯვა. წლების მანძილზე არსებული ტრადიციის თანახმად, სუპერთასიც ჩემპიონმა და თასის მფლობელმა უნდა გაითამაშონ. სუპერთასის მატჩი  31 მაისს, სპორტკომპლექს „არენაში“, 18:00 საათზე დაიწყება.

დინამო არენაზე გამწვანების აქცია მოეწყო

16 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამწვანების აქცია მოეწყო. აქციაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, საფეხბურთო კლუბ დინამოს მფლობელმა რომან ფიფიამ და ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მიიღეს მონაწილეობა. აქციის ფარგლებში სტადიონის ტერიტორიაზე დაირგო 60 ძირი კვიპაროსის ხე.

 

ზვიად სიჭინავა: კაცზე ოთხი, ინტერნეტით და პირადობით!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გადამყიდველებისთვის ასაცილებლად მუშაობა უკვე დაიწყო… უფრო სწორად, დაამთავრა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე უეფადან გუშინ დაბრუნდნენ და სუპერთასთან დაკავშირებული ასეთი სიახლე ჩამოიტანეს:

მეტოქე გუნდების ქომაგებისთვის განკუთვნილი ბილეთების გარდა, სუპერთასის მატჩზე დასასწრები აბსოლუტურად ყველა ბილეთი ონლაინ-გაყიდვაში იქნება, ანუ ყველა ბილეთი ინტერნეტით გაიყიდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ასევე ყველა ბილეთი მხოლოდ პირადობის მოწმობით გაიყიდება. ერთ ქომაგს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. ვფიქრობ, ასეთი ხერხით მაქსიმალურად შევამცირებთ სუპერთასის მატჩის ბილეთების გადამყიდველების ხელში მოხვედრის ალბათობას _ გვითხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

შეგახსენებთ, სუპერთასის მატჩი ეროვნულ სტადიონზე 11 აგვისტოს გაიმართება. ბელეთების ფასები კი, ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას შეთანხმებით, სუპერთასის ისტორიაში ყველაზე დაბალი 7, 15 და 30 ევრო იქნება. 11 აგვისტოს მატჩის ერთი მეტოქის ვინაობა, ევროპის ლიგიდან, 27 მაისს გაირკვევა, მეორე, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი _ 6 ივნისს…

უეფას სუპერთასის რეგლამენტით, მეტოქეთა ქომაგებისთვის 3-3 ათასი ბილეთი გამოიყოფა, დანარჩენი, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, ინტერნეტით და პირადობის მოწმობით გაიყიდება… შეგახსენებთ, ჩვენი ეროვნული სტადიონი 54 549 ქომაგზეა გათვლილი. ამ რაოდენობაში ის ადგილებიც იგულისხმება, რომლებიც მატჩის მომსახურე პოლიციელებს, სტიუარდებსა და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ ხოლმე დაკავებული.

gff.ge

თბილისში ჩასატარებელი სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ორი თვით ადრე დაიწყება

დღეს თბილისში ჩასატარებელი უეფას სუპერთასის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც გაირკვა, მატჩზე დასასწრები ბილეთები ორი თვით ადრე გაიყიდება. 3-3 ათასი ბილეთი მონაწილე კლუბებზე იქნება განაწილებული. გარდა ამისა, დამატებით 10 ათასი სათადარიგო ბილეთი გამოიყოფა. ხსენებული ბილეთებიდან დარჩენილები კი თბილისში, „დინამო არენასა“ და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონების სალაროებში გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ბილეთების შეძენა Biletebi.ge-ზეც იქნება შესაძლებელი. ბილეთები მხოლოდ საპასპორტო მონაცემებით გაიყიდება და ერთ ადამიანზე ცხრაზე მეტი ადგილი არ გაიცემა.

რაც შეეხება ფასს, ის შვიდიდან ოცდაათ ევრომდე შეადგენს.

უეფას სუპერთასი თბილისშია

ხვალ, 20 მარტს, სასტუმრო”Radisson”-ში ქართული საზოგადოებისთვის უეფას სუპერთასის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას სფფ-ის ხელმძღვანელები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ვიცე პრემიერი კახა კალაძე და თბილისში დაგეგმილი უეფას სუპერთასის ელჩი გიორგი ქინქლაძე დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასითვის მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ტრიუმფატორი გუნდები “დინამო არენაზე” 2015 წლის 11 აგვისტოს იბრძოლებენ.

იტალიის სუპერთასისთვის ბრძოლაში “იუვეს” “ნაპოლიმ” აჯობა

იტალიის სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” და თასის მფლობელი “ნაპოლი” დაუპირისპირდნენ. ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მატჩი ნეაპოლიტანელებმა პენალტების სერიით მოიგეს.

მე-5 წუთზე “ბიანკონერი” კარლოს ტევესმა დააწინაურა, რომელმაც “ნაპოლის” მცველების  კალიდუ კულიბალისა და ფაუზი გულამის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და გაიტანა. მეორე ტაიმის შუაწელს გონსალო იგუაინმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.106-ე წუთზე პოლ პოგბას ეფექტურ თამაშს არანაკლებ ეფექტურად ტევესი გამოეხმაურა და არგენტინელმა დუბლი გაიფორმა, თუმცა 118-ე წუთზე იგუაინმა კვლავ იყოჩაღა და მატჩი პენალტების სერიებამდე მიიყვანა. თერთმეტმეტრიანი დარტყმები “ნაპოლის” ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს — რვიდან ექვსი გაიტანეს, როცა ტურინელებმა შვიდიდან ხუთი პენალტი გამოიყენეს.

ამრიგად, იტალიის სუპერთასი “ნაპოლის” საკუთრება გახდა. ნეაპოლიტანელებმა ეს ტიტული არსებობის მანძილზე მეორე მოიგეს, პირველად იტალიის სუპერთასს 1990 წელს დაეუფლნენ.

იტალიის სუპერთასი:
“იუვენტუსი” — “ნაპოლი” 2:2 (პენ. 5:6)

გოლები: ტევესი 5′, 106′ — იგუაინი 68′, 118′.

დინამოს სუპერთასი ჩისკომ მოაგებინა

დღეს, “დინამო არენაზე” წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ “დინამო თბილისი” და საჩხერის “ჩიხურა” წარდგნენ. შეხვედრა გამორჩეული კიდევ ერთი მიზეზით იყო. თბილისელთა კაპიტანი, ჩისკო მუნიოსი, კარიერაში უკანასკნელ შეხვედრას სწორედ ქვეყნის მთავარ სტადიონზე ატარებდა. აღსანიშნავია, რომ ესპანელ ლეგიონერთან ერთად კარიერა დღევანდელი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ალექსი კრიჭშვილმა დაასრულა.

პირველი მომენტი თბილისელებმა მე-5 წუთზე შემქნეს. ჩისკოს კარგი პასით დასარტყმელ პოზიციაზე პაპუნაშვილი გავიდა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა. სტუმრებმა მეტოქეს 6 წუთში დეკანოიძის სახიფათო დარტყმით უპასუხეს, რის შემდეგაც გუნდემბა მცირე პაუზა აიღეს. შემდეგ მომენტი მე-20 წუთზე შეიქმნა, როდესაც ჩისკო შორი დისტანციიდან ცდილობდა გატანას, თუმცა მისი დარტყმა ქვილითაიას იოლი ნადავლი გახდა. ესპანელს გატანა 34-ე წუთზეც შეეძლო. თბილისელთა კაპიტანი პაპუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ საჩხერელთა კარის დალაშქვრას თავური დარტყმით ცდილობდა, თუმცა ბურთმა მიზანს ამჯერადაც ვერ მიაღწია.

ტაიმის ბოლომდე თბილისელთა ტერიტორიული უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, თუმცა საგოლე მომენტების რაოდენობაზე ეს არ ასახულა. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა “დინამოს” მხოლოდ 45-ე წუთზე მიეცა – ჩისკოს მიერ შესრულებული ჯარიმა ცოცხალმა კედელმა მოიგერია და ტაიმიც უგოლოდ დასრულდა.

თამაშის სცენარი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. შევედრა საკმაოდ ნელ ტემპში და მომენტების გარეშე მიმდინარეობა. სიმშვიდე მე-60 წუთზე დაირღვა. საჩხერელთა კონტრშშეტევა პენალტით დასრულდა. მუმლაძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი შესრულება ღონღაძემ ითავა, თუმცა კარს ააცილა და რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

68-ე წუთზე “დინამოს” სწრაფი კონტრშეტევა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეჭრილი პაპუნაშვილის დარტყმით დასრულდა. ქვილითაიას ბურთის დაფიქსირება ამჯერადაც არ გასჭირვებია. ამ ეპიზოდიდან 5 წუთში ანგარიშის გახსნა ცინცაძეს შეეძლო, თუმცა ნახევარმცველის დარტყმული ჯარიმა საჩხერელთა კიპერმა მოიგერია. დამაჯერებლად მოთამაშე ქვილითაია შემდეგ ეპიზოდში შეცდა და დაჭერილი ბურთი ხელიდან გაუშვა. შედეგად, ხელსაყრელ პოზიციაში ლობჟანიძე აღმოჩნდა, რომელმაც კარს მცირე მანძილით ააცილა.

შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გატანას პარუნაშვილი ცდილობდა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკური დარტყმით სცადა ბედი, თუმცა კვლავ უშედეგოდ. ანალოგიურის გაკეთებას მუმლაძეც ცდილობდა. საჩხერელი ფორვარდი მიზანთან უფრო ახლოსაც იყო – “დინამო” ხარიხამ გადაარჩინა.

შეხვედრის ბედი ძირითადი დროის ბოლო წუთზე გადაწყდა. მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი თამაშით ჩისკო მუნიოსმა ისარგებლა, ბურთი თავით ცარიელ კარში გადაგზავნა და კარიერის უკანასკნელ შეხვედრაში საკუთარ გუნდს გამარჯვება და სუპერთასი მოუპოვა.

დინამო თბილისი 1-0 ჩიხურა

გოლი: ჩისკო 90

დინამო თბილისი: იგინეიშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, ჭანტურია, თოთაძე, ცინცაძე, ჯანელიძე (ჩირგაძე 63′), პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, ლობჟანიძე (შერგელაშვილი 79′), ჩისკო (პაპავა 90′).

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ჭელიძე, ქიმაძე, სიხარულია (მუმლაძე 46′), კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე. 

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ლაშა პარუნაშვილი-974564 მაქსიმე ქვცილითაია_860567 დინამო-ჩიხურა_797535 დინამო-ჩიხურა_79764 ჩისკო_097805

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

საქართველოს მორიგი სუპერთასი, რომელიც უცნაურ დროს ტარდება

ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, საქართველოს 2014 წლის სუპერთასის მატჩი გაიმართება, რომელშიც, შარშანდელი მატჩის მსგავსად, ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ შეხვდებიან. 2013 წლის 22 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული მატჩი სოსო ფრუიძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა – ერთადერთი გოლი შეხვედრის 57-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა.

ზოგადად კი, საქართველოს სუპერთასს საკმაოდ უცნაური ისტორია აქვს. წესით, უამრავ სხვა ქვეყანაში, თუ ეს შეხვედრა ამ პერიოდში ტარდება, მაშინ ამ ქვეყანაში ჩემპიონატი ზამთარი-შემოდგომის სისტემით ტარდება. თუმცა, არა საქართველოში… საბედნიეროდ, უშუალოდ ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდება, რითაც ქართული ფეხბურთი ერთ პრობლემას ავტომატურად იცილებს, სამაგიეროდ, ბევრი სხვა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა სეზონის დაწყება იმ გუნდებისთვის, რომელთა სტადიონებზეც ცუდი მინდორია ან რომლებსაც საშინაო მატჩების ჩატარება რეგულარულად ნეიტრალურ სტადიონებზე უწევთ. მსგავსი კლუბები დღევანდელ 16-გუნდიან ჩემპიონატში დღეს მრავლადაა… არსებობს განათების პრობლემაც, რაზეც თუნდაც ის მეტყველებს, რომ რამდენიმე სტადიონიდან სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოება რთულია. ამის გამო დეკემბერში და თებერვალში მატჩები ადრე იწყება.

ქართულ ფეხბურთში მუდმივი და ჯერჯერობით არაფრის მომტანი ცვლილებების ჩამოთვლა რომ მოგვინდეს, ალბათ, საკმაო დროის დახარჯვა მოგვიწევს. სამწუხაროა, რომ ამ ცვლილებებს სათანადო შედეგი ჯერჯერობით არ მოუტანიათ. როგორც უკვე აქამდე ერთ-ერთ სტატიაში აღვნიშნეთ, 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა თავისი უარყოფით მხარეები ამ მცირე პერიოდში უკვე გვაჩვენა. საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის შექმნის პერიოდიდანვე უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა, იყო შემთხვევებიც, როდესაც გუნდი სეზონის მიმდინარეობისას არსებობას წყვეტდა. მსგავს მაგალითს დღევანდელ ჩემპიონატში ქუთაისის „ტორპედო“ წარმოადგენს. მართალია, კლუბი არ დაშლილა, თუმცა მისი რიგები მწვრთნელთან და სპონსორ „ვისოლთან“ ერთად უამრავმა ფეხბურთელმა დატოვა.

როდესაც საქართველოს სუპერთასის უცნაურ ისტორიაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მისი ჩატარების თარიღს ვგულისხმობთ. უმაღლესი ლიგის გუნდების რაოდენობის არ იყოს, აქაც მუდმივი ცვლილებებია, ოღონდ ეს ცვლილებები მატჩის ჩატარების თარიღთანაა დაკავშირებული. თუ შარშანდელი სუპერთასი დეკემბერის ბოლოს ჩატარდა, 2013 წელს, „ზესტაფონისა“ და გორის „დილას“ შეხვედრა 22 თებერვალს შედგა. იმავე „ზესტაფონმა“ „გაგრასთან“ 2012 წლის სუპერთასისთვის საერთოდ 29 მაისს ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს სუპერთასი არც კი ჩატარებულა.

ასეთი არასტაბილურობა, როგორც ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის, ასევე უშალოდ ქართული კლუბებისთვის მხოლოდ ზარალის მომტანია. წესით, ეს მატჩი სეზონს უნდა ხსნიდეს და წინა სეზონის ტრიუმფატორები ახალ სათამაშო წელს სწორედ ამ შეხვედრით უნდა ხსნიდნენ. უცხოეთში ბევრი გუნდი სუპერთასს სწორედ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად იყენებს. ეს შეხვედრა მოახლოებულის სეზონისთვის მოსამზადებლად მართლად კარგია, რადგან ერთმანეთს უშუალო კონკურენტები უპირისპირდებიან და მათ ერთმანეთის მინუსებისა და პლუსების გაგების კარგი შესაძლებლობა აქვთ. შემთხვევით არაა, რომ სუპერთასზე ბევრი გუნდი ძირითადი შემადგენლობით არ გამოდის.

იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დადებით ცვლილებას ამ მხვრივაც შეიტანს. მანამდე კი, ხვალინდელ მატჩს დაველოდოთ, რომელიც მართლაც საინტერესო უნდა იყოს. „დინამომ“ ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩი წააგო (ერთ-ერთი სწორედ „ჩიხურასთან“). კახა გოგიჩაიშვილის ფეხბურთელებს არამხოლოდ ბოლო დროინდელი ცუდი სტატისტიკის გამოსწორების, არამედ, შარშან სუპერთასის წაგებისთვის რევაშის აღების შანსი აქვთ. ამავდროულად „ჩიხურა“, მოგების შემთხვევაში, საქართველოს სუპერთასს ზედიზედ მეორედ დაეუფლება და მეოთხე ქართული კლუბი გახდება, რომელიც ამ წარმატებას მაიღწევს. აქამდე სუპერთასი ზედიზედ ორჯერ თბილისის „დინამომ“ (1996 და 1997 წლებში), თბილისის „ამერმა“ (2006, 2007) და „ზესტაფონმა“ (2011, 2012) მოიგეს.

ყველაზე მეტჯერ სუპერთასი თბილისის „დინამომ“ მოიგო. „მტკივრისპირელებმა“ აქამდე რვაჯერ ითამაშეს და ხუთი მატჩი მოიგეს. მეორე ადგილს ორ-ორი თასით „ზესტაფონი“ და „ამერი“ იყოფენ, თუმცა, თბილისურ კლუბთან განსხვავებით, ზესტაფონელები სუპერთასზე სამჯერ გამოვიდნენ (2008 წელს „ზესტაფონმა“ სუპერთასის თამაში „დინამოსთან“ წააგო).

მნიშვნელოვანი დღე – უეფას 2015 წლის სუპერთასის ხელშეკრულებები გაფორმებულია

დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა უეფას 2015 წლის სუპერთასის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია. ამით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართული მხარის ჩართულობა და პასუხისმგებლობა უეფას ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე.

ღონისძიების მასპინძელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გახლდათ და მას ბევრი მაღალი რანგის საპატიო სტუმარი ესწრებოდა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი –ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე; ქალაქ თბილისის მერი – დავით ნარმანია და მერიის წარმომადგენლები; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე; თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები.

გაფორმდა სამმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულებები.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი – რევაზ არველაძე უძღვებოდა. თავდაპირველად, ზვიად სიჭინავამ, დავით ნარმანიამ და „დინამო არენას“ დირექტორმა – ნიკოლოზ ჯღარკავამ გააფორმეს სამმხრივი ხელშეკრულება; შემდეგ კი, სფფ-ის პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა ორმხრივი ხელმოწერით დაადასტურეს თანამშრომლობა და პარტნიორობა.

ზვიად სიჭინავა (სფფ-ის პრეზიდენტი): „მიხარია, რომ დღეს ყველა შევიკრიბეთ და მნიშვნელოვანი მემორანდუმი გავაფორმეთ სუპერთასი 2015-ის წარმატებით ჩასატარებლად. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა როგორც ჩვენი ფედერაციისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი დედაქალაქისა და მთლიანად ქვეყნისათვის. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროექტის განსახორციელებლად მუშაობს და იმედი მაქვს, საუკეთესო მასპინძლობასა და ორგანიზებას გავუწევთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას.“

 

სფფ-ის პრესსამსახური

რევაზ არველაძე თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის მზადების შესახებ

გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის თბილისში ჩატარებას გარკვეული საფრთხე შეექმნა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს.

“თბილისში გასამართ უეფას სუპერთასთან დაკავშირებით არავითარი შეფერხება არ არის. იყო რამდენიმე საკითხი, რამაც დრო მოითხოვა. ეს სიტყვიერად დათქმული დედლაინი იყო. მადლობას ვუხდი თბილისის მერ ბატონ დავით ნარმანიას და მის მოადგლეებს, რადგან ძალიან ოპერატიულად ვთანამშრომლობთ, ერთმანეთისთვის კონკრეტული დავალებები გვაქვს მიცემული. ჩემი აზრთ, ორ-სამ დღეში ეს თემა საბოლოოდ დაიხურება, ხელშეკრულება გაფორმდება. არანაირი პრობლემა არ არსებობს”, – აღნიშნა რევაზ არველაძემ.

უეფას სუპერთასი “დინამო არენაზე” 2015 წლის 11 აგვისტოს შედგება.

 

თბილისში გასამართი სუპერთასი ჩაიშლება?

2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის თბილისში ჩატარებას საფრთხის წინაშე დგას. როგორც მოგეხსენებათ, საორგანიზაციო სამუშაოს სფფ-სთან ერთად თბილისის მერია ახორციელებს და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან ორივე სუბიექტს გარკვეული ვალდებებულები აქვს აღებული. თუმცა, თბილისის მერ დავით ნარმანიას შესაბამის დოკუმენტზე ხელი ჯერ არ მოუწერია.

საბუთების ჩაბარების ვადა 17 სექტემბერი იყო. შემდეგ დედლაინმა 29 სექტემბრისთვის გადაიწია, მაგრამ საჭირო დოკუმენტაციაზე თბილისის მერიაში ხელი ჯერაც არ მოუწერიათ.

ფეხბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ პრობლემები დღის ბოლომდე მოგვარდება.

თბილისში გასამართი სუპერთასის ბილეთების ფასი ცნობილია

2014/15 წლების უეფას სუპერთასს თბილისი, კერძოდ კი “დინამო არენა” უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებულების მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 7, 15 და 30 ევრო იქნება. აღნიშნული ინფორმაცია სფფ-ს პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ გაახმაურა.

ბილეთების დიდი ნაწილი მოთამაშე გუნდების გულშემატკივრებზე იქნება გადანაწილებული და უეფას ვებ-გვერდის მეშვეობით გაიყიდება.