სად ხურდებოდა მარიო გიოტცე “ბორუსიასთან” მატჩში

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ტრიბუნქვეშა გვირაბში ხურდებოდა, რათა ყოფილი გუნდის ქომაგების მხრიდან ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

რონალდუს დუბლით “რეალმა” უეფას სუპერთასი მოიგო

მადრიდის “რეალსა” და “სევილიას” შორის უელსის დედაქალაქ კარდიფში შემდგარი უეფას სუპერთასის მატჩი “სამეფო კლუბის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ორივე გოლი მადრიდელთა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

“რეალი” 30-ე წუთზე დაწინაურდა. შეტევის მარცხენა ფლანგზე გარეტ ბეილი გაიჭრა და საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთს შორეულ ძელთან რონალდუმ მიუსწრო, მეტოქეს პოზიციურად აჯობა და “სევილიას” კარის ბადეც შეარხია.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დუბლი მეორე ტაიმის დებიუტში გაიფორმა. ამჯერად საგოლე პასი კარიმ ბენზემამ გააკეთა, რონალდუმ კი 16 მეტრის მანძილიდან მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

ამრიგად, “რეალმა” არსებობის ისტორიაში უეფას სუპერთასი მეორედ მოიგო, მანამდე “სამეფო კლუბი” აღნიშნულ ტიტულს 2002 წელს დაეუფლა, როდესაც ჰოლანდიური “ფეინოორდი” დაამარცხა.

უეფას სუპერთასი
“რეალი” — “სევილია” 2:0 (1:0)

“რეალი”: კასილასი, პეპე, რამოსი, ფაბიო კოენტრაუ (მარსელო 84′), კარვახალი, კროოსი, როდრიგესი (ისკო 72′), ბეილი, მოდრიჩი (ილიარამენდი 86′), რონალდუ, ბენზემა.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

“სევილია”: ბეტო, ფასიო, ფერნანდო ნავარო, პარეხა, კოკე (ფიგეირაში 84′), კრიხოვიაკი, დანიელ კარისუ, დენის სუარესი (რეიესი 79′), ვიტოლო, ვიდალ-პარეუ (ასპასი 66′), ბაკა.
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი.

გოლები: რონალდუ 30′, 49′.
გაფრთხილებები: კარვახალი 45′, კროოსი 53′ — ვიტოლო 42′, ფერნანდო ნავარო 66′.

მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

უეფას სუპერთასი — ანჩელოტის წინასამატჩო სიტყვა

დღეს უეფას სუპერთასის მატჩში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” ევროპის ლიგის ჩემპიონ “სევილიას” უელსის დედაქალაქ კარდიფში დაუპირისპირდება. “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პოზიტიურად არის განწყობილი და ამბობს, რომ გუნდს ახალ სეზონში შარშანდელი წარმატების გამეორება შეუძლია.

“არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და პირდაპირ გეტყვით, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს გამარჯვებისთვის. “რეალის” დონის კლუბისთვის ეს ლოგიკურიც გახლავთ. გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გასულ სეზონში. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ შარშანდელი სეზონის წარმატების გამეორება შეგვიძლია. “სევილია” ისე ითამაშებს, როგორც წინა სეზონში თამაშობდა. მეტოქე ოდნავ შეიცვალა, შუა ხაზში ახალი ფეხბურთელები მივიდნენ, თუმც საერთო სურათი უცვლელია.

კრიშტიანუ რონალდუ მზად არის, არანაირი პრობლემა არ აქვს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამდეგ მატჩში მაქსიმუმი გაიღოს, პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ტონი კროოსი დაახლოებით ხუთი დღეა, ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, რომ მას და ხამეს როდრიგესს “სევილიასთან” დებიუტი ექნებათ. მოედანზე იკერ კასილასიც იქნება. ის მუყაითად მუშაობს და ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაშიც.

გარეტ ბეილს საოცარი სეზონი ჰქონდა. მან ჩემპიონატი წინასასეზონო მზადების გარეშე დაიწყო. გარკვეული დრო დასჭირდა ფორმის დასაბრუნებლად. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ის უკვე იცნობს გუნდის ატმოსფეროს და თანაგუნდელებს. დარწმუნებული ვარ, ბეილი ამ სეზონშიც შესანიშნავად ითამაშებს. წინასასეზონო მომზადება ძალიან კარგად გაიარა. ის სასურველ კონდიციებშია როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. გასულ სეზონთან შედარებით, მან უფრო დიდ წარმატებას უნდა მიაღწიოს”, – ანჩელოტის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.

 

უეფას სუპერთასი — უნაი ემერის წინასამატჩო სიტყვა

დღეს უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის “რეალი” და “სევილია” შეერკინებიან ერთმანეთს. “სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი აღიარებს, რომ “რეალი” ფავორიტია, თუმცა მისი თქმით, ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული საკუთარი შანსების გამოყენებას ეცდება.

“ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენებით ერთხელ უკვე მოვახერხეთ “რეალის” დამარცხება (მარტი, 2014 წ. 2:1). ასე რომ, პრეცედენტი არსებობს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, თუმცა “სევილიამ” ევროპის ლიგაზე ნაჩვენები შესანიშნავი სერიით დაამტკიცა, რომ გუნდური შრომისმოყვარეობით ფავორიტის დამარცხება შესაძლებელია, როგორც ეს “ბენფიკასთან” შევძელით. ახალწვეულებს მხედველობაში თუ არ მივიღებთ, “რეალს” ძალიან კარგად ვიცნობთ, თუმცა თავად ჩვენზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გუნდურად, გონივრულად უნდა ვითამაშოთ, შემტევი პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, დაცვაშიც მარჯვედ თამაში გვმართებს. სწორედ ამის წყალობით დავამარცხეთ “რეალი” გასულ სეზონში.

“რეალი” უეჭველად ფავორიტია. გვინდა, რომ ინიციატივა ჩვენ ავიღოთ, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად მოგვცემს “რეალი” ამის საშუალებას. მადრიდელებს შეუძლიათ, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში თამაში გვაიძულონ. კრიშტიანუ, ბენზემა და ბეილი სწრაფები არიან და დაცვის ხაზში მეტოქეს სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ. ნახევარდაცვაში ხამეს როდრიგესს თავისუფლება არ უნდა მივცეთ. ასევე დასაშვებია, რომ თამაში საკუთარ თავზე მოდრიჩმა და კროოსმა აიღონ. ბურთი როგორც კი ჩაგვივარდება, მაშინვე სწრაფ კონტრშეტევებზე უნდა გადავიდეთ.

ბეილის შეჩერება ვერ მოვახერხეთ, როცა მან ჩვენს წინააღმდეგ პირველად ითამაშა. მაშინ ჩვენ ანგარიშით 3:7 დავმარცხდით (ოქტომბერი, 2013 წ.), ბეილი კი იმ დღეს გამორჩეული იყო. როდესაც გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს, შეგიძლია, მშვიდად იყო, მაგრამ როცა ის შენს წინააღმდეგ თამაშობს, მის გასანეიტრალებლად ორმაგი ან სამმაგი მუშაობა გიწევს. ვეცდებით, რომ ეს მოვახერხოთ, თუმც არც სხვა მოთამაშეების დავიწყებას ვაპირებთ”, – უნაი ემერის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “რეალსა” და “სევილიას” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის ხელმძღვანელობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.

 

იტალიის სუპერთასი 23 დეკემბერს შედგება

იტალიის სუპერთასის მატჩი, რომელიც ტურინის „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის გაიმართება, 23 დეკემბერს შედგება. ქართველებისა არ იყოს, იტალიელებმაც საკმაოდ უცნაურ დროს დანიშნეს სუპერთასის შეხვედრა, თუმცა მათი ეს გადაწყვეტილება ნეაპოლელთა თხოვნით არის გათვალისწინებული. „ნაპოლის“ სურს, რომ ზაფხულის დამლევს სრული კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააკეთოს. ამიტომ, ნეაპოლელთა თხოვნით ქვეყნის სუპერთასი წლის მიწურულს შედგება. შეხვედრის ჩატარების ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „ბებერი ქალბატონი“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ნეაპოლიტანურმა კლუბმა კი თასი მოიგო.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ იტალიის სერია A-ს 2014-2015 წლების სეზონი მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გაიხსნება, გათამაშების დასკვნითი შეხვედრა კი 2015 წლის 31 მაისს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

სუპერთასი “ჩიხურასია”

სიცივე, უღიმღამო თამაში და მცირერიცხოვანი გულშემატკივარი. ასე შეიძლება მოკლედ დავახასიათოდ დღევანდელი სუპერთასი.

საერთოდ, ასეთი მატჩის ამ დროს ჩატარება კარგი იდეა რომ არ იყო, ამ აზრს ყველა იზიარებდა. შეხვედრა, რომელიც საზეიმო ვითარებაში უნდა ჩატარებულიყო და წლის ფინალური აკორდი უნდა გამხდარიყო, საკმაოდ ცუდი სანახავი გამოდგა. ეს რამოდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ნათელი იყო, რომ ასეთ სიცივეში ბევრი გულშემატკივარი სტადიონზე არ მოვიდოდა. ფინალი კი, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ნამდვილად არ ქმნის საზეიმო განწყობას. გუნდებიც ამ დროს უკვე გადაღლილები არიან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მატჩი ორგანიზატორები სუპერთასს მოვალეობის მოხდის მიზნით ატარებენ. იმედია სამომავლონ საერთო აზრი გათვალისწინებული იქნება და ამ მნიშვენლოვან თამაშს ქართული ფეხბურთის მესვეურები სეზონის სტარზე დანიშნავენ.

ახლა კი თამაშზეც ვთქვათ. შეხვედრა თბილისი “დინამოს” შეტევებით დაიწყო. პირველი ნახევრის დებიუტში ჩისკოსა და ჯაბა დვალს ჰქონდათ შესანიშნავი მომენტები, მაგრამ გასული სეზონის საუკეთესო შემტევებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ამასაობაში “ჩიხურამ” თამაში  გაათანაბრა და პირველ ტაიმში ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. თუმცა, საჩხერელებმა მომენტის შექმნა მაინც მოახერხეს. გოლის გატანის კარგი შანსი გაბედავამ ვერ გამოიყენა.  ტაიმის ბოლოს ისევ თბილისელებმა შეუტიეს, ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა.

მეორე ნახევრის დებიუტი პირველი ტაიმის სცენარით წარიმართა. შემდეგ კი, ნომინალურმა სტუმრებმა შესძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ორჯერ რეხვიაშვილი ურტყამდა სახიფათოდ, თუმცა პირველ შემთხვევაში ლორიამ ითამაშა კარგად, მეორედ კი ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. მატჩის ბედი 57-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. ამით ტატანაშვილმა კარგად ისარგებლა, ყველას დაასწრო და საკუთარ გუნდს სუპერთასი მოაპოვებინა.
“დინამო” დიდი ძალებით წავიდა შეტევაში, მაგრამ ამაოდ.. “ჩიხურამ” კარგად დაიცვა თავი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ:

მალხაზ ჟვანია (დინამო):  მოწინააღმდეგეს ვულოცავ თამაშის მოგებას. კარგი შეხვედრა გამოდგა. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, მოწინააღმდეგემ კი პირველივე რეალური მომენტი გამოიყენა. მეორე ტაიმში შეცდომების გამოსწორება ვცადეთ, შეტევაშიც უფრო ხშირად გადავდიოდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა.

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): გუშინდელ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ “დინამო” ერთხელ მაინც უნდა დავამარცხოთ და მიხარია, რომ ეს სწორედ დღეს მოხდა. “დინამოსთვის” დღევანდელი გამარჯვება მორიგი ტიტული იქნებოდა, ჩვენთვის კი ეს ნამდვილი მოვლენაა. დასაწყისში ცოტა გაგვიჭირდა. მეთხუთმეტე წუთიდან გამოვასწორეთ თამაში და საბოლოოდ ლოგიკური შედეგიც მივიღეთ.

დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა): რთული მატჩი გამოვიდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ და სასიხარულოა, რომ ეს დაგვიფასდა.

დინამო 0:1 ჩიხურა

გოლი: ტატანაშვილი 57’

დინამო: ლორია, გველესიანი, ხმალაძე, კვარაცხელია, მერებაშვილი (გლიშიჩი 63’), პაპავა, ჩისკო, დვალი, ხურცილავა, კვირკველია, გოგა (ვუო 71’)

ჩიხურა: სომხიშვილი, ლომაშვილი, დეკანოიძე (კვასხვაძე 82’), კაშია, ბეჭვაია, დათუნაიშვილი (ქიმაძე 88’), ოდიკაძე, გაბედავა, ტატანაშვილი, ჯიღაური (ჭელიძე 85’), რეხვიაშვილი

ფოტო: fcdinamo.ge

წლის ბოლო მატჩი მესხზე

ხვალ მიხელ მესხზე 17:00 საათზე საქართველოს 2013 წლის სუპერთასის მატჩი გაიმართება. ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი “დინამო თბილისი” და თასის ფინალისტი “ჩიხურა” დაუპირისპირდებიან.

საჩხერელები სუპერთასზე პირველად იღებენ მონაწილეობას, ხოლო “დინამოსთვის” ეს მეშვიდე ფინალი იქნება. ტიტულის მოპოვება თბილისელებმა ხუთჯერ მოახერხეს.
სუპერთასის ისტორია საქართველოში 1996 წლიდან იწყება. პირველი გათამაშება ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “დინამო”, თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 4-0. მატჩს 7000 გულშემატკივარი დაესწრო.
სუპერთასის უკანასკნელი გათამაშება 2012 წელს “მიხეილ მესხზე” გაიმართა. ერთმანეთს “ზესტაფონი” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ზესტაფონელებმა იმარჯვეს.

დღეს “მიხეილ მესხის” საპრესკონფერენციო დარბაზში ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ჟურნალისტების კითხვებს მწვრთნელები მალხაზ ჟვანია (დინამო) და სოსო ფრუიძე (ჩიხურა) პასუხობდნენ. ასევე თბილისის “დინამოს” და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დავით კვირკველია.

 

სოსო ფრუიძე (ჩიხურა): 2013 წელს ჩვენ თბილისი დინამოს მეოთხედ ვუპირისპირდებით. აქედან ორი შემთხვევაში მატჩის შედეგზე ტიტულის მოპოვებაა დამოკიდებული. თასის ფინალი წავაგეთ. იმედია ხვალ შევძლებთ ჩვენთვის სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ძალიან კარგია ჩვენი გუნდისთვის, რომ თბილისის “დინამოს” დონის გუნდთან გვიწევს თამაში. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით კარგი შეხვედრა ჩავატაროთ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მალხაზ ჟვანიას მივულოცო “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა და მომავალში წარმატებები ვუსურვო.

ჩემი აზრით სუპერთასი ცუდ დროს არის დანიშნული. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, შეხვედრა მეორე წრის დაწყებამდე რომ დანიშნულიყო. სეზონის განახლებამდე კარგი მოსამზადებელი მატჩი გამოვიდოდა. ტრავმირებულები გუნდში არ გვყავს. დინამოდან განათხოვრებული ფეხბურთელების ბედი (რეხვიაშვილი, ჯიღაური) დღეს საღამომდე გადაწყდება. იმედია ისინი შესძლებენ ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე გამოსვლას.
მალხაზ ჟვანია (დინამო): მადლობა ბატონ სოსოს. ხვალინდელი შეხვედრა ჩემთვის ტიტულის მოპოვების პირველი შანსია. გუნდი მზად არის მატჩის მოსაგებად. მოწინააღმდეგეს სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი როგორც ყოველთვის გამარჯვებაა. ტრავმის გამო შესაძლოა ჯაბა დვალმა ვერ ითამაშოს.
ამ პერიოდში სუპერთასის გამართვა პირველ რიგში თამაშის ხარისხზე აისახება. ჩემი აზრით აღნიშნული შეხვედრა სეზონის სტარტზე უნდა ტარდებოდეს.

დავით კვირკველია (დინამო): რთული მატჩი გველის. “ჩიხურა” კარგი გუნდია და სრული მობილიზებით ვემზადებით შეხვედრისათვის. სუპერთასის ჩატარება ზაფხულში ჯობია, მაგრამ თუ ამ დროს ნიშნავენ, უმჯობესი იქნება რომ დღის პირველ ნახევარში ჩატარდეს. 17 საათზე უკვე საკმაოდ ცივა. რაც არც ჩვენთვის არის კარგი და გულშემატკივარსაც დისკომფორტს შეუქმნის.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხვალინდელი შეხვედრისთვის საპრიზო ფონდი, 50 000 ლარი დააწესა. აქედან 30 ათასი გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო 20 დამარცხებულ გუნდს.
შეხვედრა “მიხეილ მესხზე” 17:00 დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჯს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

ფოტო: fcdinamo.ge

დინამო VS ჩიხურა – ურთიერთშეხვედრები

22 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დინამო თბილისი საქართველოს სუპერ თასის მოსაპოვებლად საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 7 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრებში დინამოლებს კოლოსალურიუპირატესობა აქვთ, ჩვენმა გუნდმა საჩხერის ჩიხურას 6 მატჩი მოუგო, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 26:6 არის.

დინამო თბილისი საჩხერის ჩიხურას უკანასკნელად მიმდინარე სეზონში დაუპირისპირდა. უმაღლესი ლიგის IX ტურის შეხედრაში თბილისელებმა მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით – 6:1 იმარჯვეს. აღნიშნულ მატჩში ჩიხურას კარში სამი გოლი ჩისკო მუნიოსმა გაიტანა, დუბლი შეასრულა ჯაბა დვალმა, ერთი ბურთი კი ირაკლი ძარიამ შეაგდო.

P.S. დინამო თბილისს 22 დეკემბერს ერთადერთი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 1992 წელს ჩვენმა გუნდმა თბილისური დერბი მრეტებთან მშრალი ანგარიშით – 5:0 მოიგო. მოწინააღმდეგე გუნდის კარში სამი ბურთი მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანა, ორი კი – შოთა არველაძემ.

FCDinamo.GE