Summer Camp 2014 დასრულდა

Summer Camp 2014, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით და კლუბ ,,სოხუმის’’ კალათბურთელების კოორდინაციით ტარდება, დღეს სრულდება.

კემპი დინამოს ბაზაზე 30 ივნისს დაიწყო და 5 დღეს გაგრძელდა. ესპანეთში ცნობილმა და წარმატებულმა მწვრთნელმა, ანტონიო დე ტორესმა  ვარჯიშები 2 ასაკობრივ კატეგორიაში ჩაატარა – დილით ვარჯიშები 14-დან 18-წლამდე მოთამაშეებისთვის იმართებოდა, საღამოს კი კემპზე 18-წლის ზემოთ ასაკის კალათბურთელები ვარჯიშობდნენ. კემპზე ნებაყოფლობითი იყო მწვრთნელების დასწრებაც.

ესპანელმა მწვრთნელმა კემპიდან შეარჩია ერთი მოთამაშე, რომლის გამგზავრებას და 1-წლიან ყოფნას კანარის კუნძულების ერთ-ერთ საკალათბურთო სკოლაში თავად უზრუნველყოფს. ანტონიო დე ტორესის რჩეული ,,დინამოს’’ კალათბურთელი, 16 წლის გიორგი გოგუა გახდა.

კახა შენგელია(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): კემპი დასრულდა და შეირჩა ერთი მოთამაშე, 1998 წელს დაბადებული გიორგი გოგუა.ვულოცავ მას ამ წარამტებას და ვუსურვებ, ეს მის საკალათბურთო ცხოვრებაში ერთგვარი ტრამპლინი ყოფილიყოს. რაც შეეხება ვარჯიშებს, სამუშაო პროცესმა საკმაოდ ნაყოფიერად და კარგად ჩაიარა, თვითონ ანტონიო დე ტორესიც კმაყოფილია და იმედს ვიტოვებთ, კიდევ ჩამოვა საქართველოში.

ანტონიო დე ტორესი(კემპის მწვრთნელი): ვფიქრობ, ამ რამდენიმე დღიანი ვარჯიშების შემდეგ მოთამაშეები დონეს გააუმჯობესებენ, ისინი ძალიან ბევრს მუშაობდნენ და ვარჯიშობდნენ. 4 დღეში რადიკალური ცვლილებები შეუძლებელია, მაგრამ მათ აქვთ საკმაოდ კარგი საკალათბურთო განათლება, კარგი საფუძველი და ამ დღეებშიც მაქსიმალურად ბევრი რამ ისწავლეს. რაც შეეხება გიორგი გოგუას, ის ერთ-ერთი საუკეთესოა, გამორჩეულად მშრომელი, კალათბურთისთვის თავდადებული და იმედისმომცემი. გვჯერა, რომ ის შეძლებს გაიზარდოს მენტალურად, ფიზიკურად და ტექნიკურად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთგვარი ინვესტიცია ჩავდოთ მასში და დარწმუნებული ვარ, ის მოლოდინს გაამართლებს.

გიორგი გოგუა(მოთამაშე): ძალიან მაღალი დონის კემპი იყო და ყველანი კმაყოფილები ვართ. მიხარია, რომ მწვრთნელის სიმპათია დავიმსახურე და ესპანეთში მივდივარ. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ესპანელ მწვრთნელს და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ამ კემპისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ.

superleague.ge