დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 მაისი

საბალეტა “მანჩესტერ სიტის” ტოვებს

პაბლო საბალეტა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “მანჩესტერ სიტის” დატოვებს – ამ ინფორმაციას კლუბიც ადასტურებს.

არგენტინელი მცველი “ქალაქელებს” 2008 წელს “ესპანიოლიდან” შეუერთდა.

პეპე “ინტერში” მიდის

მადრიდის “რეალის” მცველი პეპე კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკა” აქვეყნებს.

მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. პორტუგალიელი ფეხბურთელი მილანში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ გაემგზავრება. მას “რეალთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, პეპე “ნერაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება

აგენტი: “ობლაკით ორი კლუბია დაინტერესებული”

მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარის, იან ობლაკის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტის გადაბირებით ორი კლუბია დაინტერესებული.

“მის მომავალზე მალე ვიმსჯელებთ. ცხადია, ასეთი მეკარე ბევრს სურს, თუმცა სერიოზულ ინტერესს ორი კლუბი იჩენს. ერთ-ერთი ინგლისური გუნდია. იტალია? ამას სერიოზულად მეკითხებით? იქ მხოლოდ ერთი უმაღლესი დონის კლუბია და იქაც ჯანლუიჯი ბუფონი თამაშობს”, – უთხრა მიჰა მლაკარმა Goal-ს.

ხამესი “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუთანხმდა?

კოლუმბიური რადიო RCN-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი “მანჩესტერ იუნაიტედს” კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა.

ხამესსა და “ადიდასს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელმა ნებისმიერ კლუბში 10-ნომრიანი მაისურით უნდა იასპარეზოს. მანჩესტერელების ათიანი უეინ რუნია, რომლის მომავალიც ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა დიდი შანსია, ის ჩინეთში ან აშშ-ში ვიხილოთ.

კონტეს ბარკლი სურს

დიდი შანსია, “ევერტონის” ნახევარმცველი, როს ბარკლი ლონდონის “ჩელსიში” ვიხილოთ. 23 წლის ფეხბურთელს ლივერპულელებთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი აცხადებს, რომ თუ ის გადაწყვეტილებას მალე არ მიიღებს, მაშინ კლუბი მას გაყიდის.

Sunday Express-ის ცნობით, ბარკლის დამატების სურვილი “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს აქვს.

ობლაკი: “ატლეტიკოში” მივიდვარ”

ახალგაზრდა სლოვენიელი მეკარე იან ობლაკი აცხადებს, რომ ის “ბენფიკადან” “ატლეტიკოში” მიდის.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის “ჩელსიმ” მადრიდის “ატლეტიკოში” განათხოვრებული მეკარის ტიბო კურტუას დაბრუნება მოინდომა, ამიტომ ესპანური კლუბის წარმომადგენლები ბელგიელი კარის დარაჯის შემცვლელს ეძებენ.

“ბენფიკას” ვტოვებ და “ატლეტიკოში” მივდივარ. ბავშვობიდან ვოცნებობდი იმაზე, რომ ესპანეთის ჩემპიონატში მეთამაშა. ვფიქრობ ლა ლიგა პორტუგალიის ჩემპიონატს ნამდვილად ჯობია”, – ამბობს ობლაკი.