„რომამ“ „ვერონას“ თავდამსხმელი ხუან იტურბე დაიმატა. დედაქალაქურმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გაიღო. გარდა ამისა, „ვერონამ“ ბონუსის სახით შესაძლოა კიდევ 2,5 მილიონი ევრო მიიღოს. ამისთვის 21 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა რომაულ კლუბში გარკვეულ შედეგებს უნდა მიაღწიოს.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2019 წლამდე გაფორმდა.
სხვათა შორის, იტურბეს დამატება ტურინის „იუვენტუსსაც“ სურდა, თუმცა მხარეები ფეხბურთელის კონტრაქტზე ვერ მორიგდნენ, ანტონიო კონტეს კლუბიდან წასვლამ კი შესაძლო ტრანსფერს ჯვარი დაუსვა.
ხუან იტურბემ სერია А-ს გასულ გათამაშებაში 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ „ვერონაში“ გადავიდა ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია.