ოფიციალურად: „ნიუკასლმა“ ფრანგი თავდამსხმელი გაიფორმა

„მონაკოს“ თავდამსხმელი ემანუელ რივიერი კარიერას ინგლისურ „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

24 წლის ფეხბურთელმა „კაჭკაჭებთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება.

„ბედნიერი ვარ, რომ „ნიუკასლში“ გადმოვედი. როდესაც კლუბი ამ შემოთავაზებით დამიკავშირდა, მყისიერად განვაცხადე თანხმობა. ეს ადვილი გადასაწყვეტი იყო, რადგან „ნიუკასლი“ დიდი კლუბია, დიდებული ქომაგები ჰყავს, კარგი სტადიონი აქვს. ყოველთვის ვოცნებობდი პრემიერლიგაში თამაშზე, „ნიუკასლმა“ კი ამის შესაძლებლობა მომცა“, – რივიერის სიტყვები ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ემანუელ რივიერმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 30 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.