თორნიკე მუმლაძე: “ბურსასპორის გამოთიშვა კარგი შედეგია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ”

ევროასპარეზზე დარჩენილი ერთადერთი ქართული გუნდი საჩხერის “ჩიხურაა”, რომელმაც ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბურსასპორი” პენალტების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი დარტყმა შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე მუმლაძემ ზუსტად შეასრულა. ახალგაზრდა ფეხბურთელს განვლილ შეხვედრაზე და მომდევნო მეტოქეზე ვესაუბრეთ. 

– როგორ შეფასებდი “ბურსასპორთან” ჩატარებულ შეხვედრას? 

– მთავარია, რომ “ბურსასპორის” დამარცხება მოვახერხეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ჩვენთვის ეს შესანიშნავი შედეგია.

– გადამწყვეტი პენალტის შესრულება შენ გხვდა წილად. რას გრძნობდი დარტყმამდე და რა ემოცია დაგეუფლა გატანილი გოლის შემდეგ? 

– პენალტის დასარტყმელად რომ მივდიოდი ცოტას ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, რომ ამ დარტყმით ჩვენ საჩხერის “ჩიხურას” ისტორიის შექმნა შეგვიძლია. ბურთთან მისვლის შემდეგ ეს წნეხი მომეხსნა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ აუცილებლად უნდა გავიტანო. შემდეგ, როდესაც ბურთი ბადეს შეეხო ენით აუღწერელი გრძნობა დამეუფლა.

– გოლი საკმაოდ ემოციურად აღნიშნე. რას იტყოდი ამ ეპიზოდზე? 

– თურქ ფანებთან მისვლა ბურსაში გამართული მატჩის შემდეგ მქონდა გადაწყვეტილი. იქ მომხდარმა ამბებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. თუმცა, როდესაც თამაშის მერე დავწყნარდი და ემოციებმაც გადაიარა მივხვდი, რომ ცუდად გამომივიდა და ეს ფაქტი ძალიან არ მესიამოვნა. ამის გამო ბევრჯერ მოვიბოდიშე და ახლა კიდევ ერთხელ მინდა ამის გაკეთება. ეს აღარ განმეორდება.

Tornike Mumladze

– “ბურსასპორის” ძლევის შემდეგ რა იქნება “ჩიხურას” მიზანი მიმდინარე ევროასპარეზზე? 

– “ბურსასპორის” გამოთიშვა კარგი შედეგია, თუმცა რა თქმა უნდა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ახლა “ნეფტჩიზე” ვფიქრობთ.

– რას იტყოდი მომავალ მეტოქეზე? 

– “ნეფტჩი” საკმაოდ კარგი მოთამაშეეებით დაკომპლექტებული, ძიერი გუნდია. იოლი მატჩები ნამდვილად არ გვექნება.

„ჩიხურამ“ მუმლაძის საქციელთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

საჩხერის „ჩიხურამ“ უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბურსასპორთან“ გამართული მატჩის ბოლოს მომხდარი ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიის შემდეგ „ჩიხურას“ 22 წლის ფეხბურთელმა თორნიკე მუმლაძემ თურქული გუნდის გულშემატკივართა სექტორთან მიირბინა და თურქ ქომაგებს უხამსი ჟესტი უჩვენა.

„ჩიხურას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„საფეხბურთო კლუბი საჩხერის „ჩიხურა“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 24 ივლისს, „ბურსასპორის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დასასრულს მომხდარი ფაქტის გამო.
ჩვენი ფეხბურთელის ქმედება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ზიანს აყენებს თურქ და ქართველ ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. ის ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე პირველი მატჩი ჩაატარა. ამ მიზეზის გამო, ძლიერი ემოციური წნეხის ქვეშ იყო. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მისი ქმედება გუნდისთვის მიუღებელია.
უფრო მეტიც, მან გაანალიზა, თუ რა გააკეთა და საჯარო ბოდიშიც მოიხადა“.

 

უეფა თორნიკე მუმლაძეს დასჯის

დიდი შანსია, საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელმა თორნიკე მუმლაძემ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, “ბურსასპორის” წინააღმდეგ გამართული თერთმეტმეტრიანების სერიაში, ბოლო პენალტი სწორედ მუმლაძემ გაიტანა, რომელიც ზუსტი დარტყმის შემდეგ მეტოქე გუნდის ქომაგების ტრიბუნისაკენ გაიქცა.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, თურქულმა კლუბმა უეფას მუმლაძის ამ საქციელის გამო უკვე მიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ინციდენტს მალევე შეისწავლის და სავარაუდოდ, მუმლაძეს “ნეფთჩის” წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ მისცემენ.