ერთკვირიანი მოსამზადებელი შეკრების დაწყებამდე, ს.კ. „ზუგდიდის“ ხელმძღვანელობა ბაიას ბაზაზე გულშემატკივრებს შეხვდა. ქომაგებთან შეხვედრა გუნდის დირექტორმა, გელა ინალიშვილმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნესტორ მუმლაძემ დაგეგმეს. მოგვიანებით მათ ქალაქის მერი, ირაკლი გოგოხიაც შეუერთდა. როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივართა შორის ძირითადი სასაუბრო თემა, გუნდში არსებულ ვითარებას შეეხო. ასევე, ქომაგთა მხრიდან დაისვა კითხვები, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ეტაპისთვის გუნდის მომზადება და რა ცვლილებებია შემადგენლობის მხრივ. გარდა ამისა იყო კითხვები, დაფინანსების საკითხზეც და გუნდის სამომავლო გეგმებზეც, რაზეც კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.
გელა ინალიშვილი (გუნდის დირექტორი): „სასიხარულოა, რომ თქვენთან შეხვედრა, ჩვენი დანიშვნიდან სულ რაღაც ერთ კვირაში მოხდა. გუნდში არსებული პრობლემები ისედაც ცხადია და დეტალებს არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ საკითხები – რა ცვლილებები ხდება გუნდში და სამომავლოდ რა უნდა განხორციელდეს. იცით, რომ კლუბის მესვეურთა მხრიდან აქტიური მხარდაჭერა გვაქვს და მოკლე დროში ერთად დგომით, შევეცდებით, რომ ახალ სეზონს ნორმალურად შეხვდეთ, მცირე დროის მიუხედავად რაც არ უნდა ზედაპირულად ჩანდეს ჩემი სიტყვები. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ გუნდის ძირითადი ამოცანა წლევანდელ სეზონზე არის უმაღლეს ლიგაში დარჩენა, მაგრამ ეტაპობრივად მთავარ ორიენტირი გუნდის მშენებლობაზე კეთდება. სასაუბრო, კლუბის გარშემო ბევრად მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, ამ ეტაპისთვის უპირველესი ამოცანა გუნდის გადარჩენა და შენარჩუნებაა. სამომავლოდ კი ს.კ. „ზუგდიდის“ აღზრდილების, საკუთარ გუნდში დაბრუნება იგეგმება. კიდევ ერთხელ მინდა შევეხო მთავარი მწვრთნელის თემას – ნესტორ მუმლაძის დიდად გვეიმედება და გუნდში მიმდინარე შემადგენლობის მხრივ მიმდინარე ცვლილებებზე, სიტყვა სწორედ მას მინდა გადავცე“.
ნესტორ მუმლაძე (მწვრთნელი): გუნდში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და პირველი ამხანაგური მატჩიც ჩავატარეთ უკვე. შემადგენლობის მხრივ კი გეტყვით იმას, რომ ჩვენთან ვარჯიშობენ მეკარე რევაზ თევდორაძე, მცველები, ლაშა ტუღუში და დათო ლომაია. ასევე გუნდს დაუბრუნდა თქვენთვის კარგად ნაცნობი ვაკო ტყემალაძე. ვმუშაობთ რამდენიმე ფეხბურთელის ჩამოყვანაზე და ეს პროცესიც თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ თამამად შემიძლია განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ არცერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის მოწვევა არ იგეგმება ამ ეტაპისთვის. როგორც კლუბის დირექტორმა მოგახსენათ, ვიბრძოლებთ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად, მაგრამ მინდორზე ნებისმიერ თამაშზე ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩემი მთავარი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი ახალბედა ფეხბურთელი მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში. ადრე რომელ გუნდშიც ვიყავი ყველგან ასე ხდებოდა და აქაც ანალოგიური იქნება. ჩვენი მიზანია ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა და ვფიქრობთ მივაღწევთ ამას.
გულშემატკივარი: სხვა რგოლთან ერთად იგეგმება თუ არა შეტევის ხაზის გაძლიერება, ვინაიდან ფორვარდის პრობლემა ყველგანაა…
ნესტორ მუმლაძე: გეთანხმებით დღეისათვის ერთი გამოკვეთილი შემტევი გვყავს ლაშა კუკავა, რომელიც წელს დაუბრუნდა გუნდს. ბუნებრივია ამ მხრივაც მიდის მუშაობა, მაგრამ განვმეორდები, ძვირადღირებული ფეხბურთელის გუნდში მოყვანა ამჟამად არ იგეგმება. გაძლიერება უდაოდ გვჭირდება, თუმცა პარალელურად ადგილობრივი კადრების მომზადებას მიექცევა უდიდესი ყურადღება. საბედიეროდ ამის პოტენციალი ამ ქალაქში არის“.
ქალაქის მერი, ირაკლი გოგოხია კიდევ ერთხელ შეეხო კლუბში არსებულ პრობლემებს , მათ შორის მერმა კლუბის დავალიანებაზეც ისაუბრა.
ირაკლი გოგოხია (ზუგდიდის მერი): „ არ მინდა ერთიდაიგივე საკითხის გარშემო ტრიალი, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ ის, რომ გუნდი ქალაქის მერიამ ჩაიბარა 177 000 ლარიანი ვალით. ამის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ გუნდის წინსვლისთვის. მინდა შევეხო იმ თემას, რომ ამ დღეებში კლუბში არსებულ დავალიანებას აუდიტი შეისწავლის, რის შემდეგაც გავსწევთ შესაბამის სამუშაოებს. დავიწყეთ აქტიური მუშაობა და კლუბის დაქვემდებარებაში უახლოეს პერიოდში უნდა გადავიდეს, რუხის ბაზა და ზედაეწერის სტადიონი, ამასთან ერთად კლუბს ოფიციალურად უნდა გადაეცეს განმუხურის სტადიონიც. ეს კი ინვესტორთა მოზიდვისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მინდა გითხრათ, რომ ინვესტორებთანაც უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, რაც შეეხება ცენტრალურ სტადიონს – ველოდებით ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას და ახალი სტადიონის მშენებლობას ფუნდამენტი, 2015 წლის დასაწყისში ჩაეყრება. წელიწადნახევარში კი ის ექსპლუატაციაში შევა“.
საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ დღეიდან ერთკვიან შეკრებაზე გადავიდა ბაიას ბაზაზე და ხვალიდან, ფეხბურთელებს მთავარი მწვრთნელი, ორჯერადი ვარჯიშებით დატვირთავს“.
fczugdidi.ge