“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართ მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს

ხვალ უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეხვედრა საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება და მას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

წყვილის განმეორებითი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 7 აგვისტოს შედგება და 21:00 საათზე დაიწყება.

 

„ჩიხურამ“ მუმლაძის საქციელთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

საჩხერის „ჩიხურამ“ უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბურსასპორთან“ გამართული მატჩის ბოლოს მომხდარი ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიის შემდეგ „ჩიხურას“ 22 წლის ფეხბურთელმა თორნიკე მუმლაძემ თურქული გუნდის გულშემატკივართა სექტორთან მიირბინა და თურქ ქომაგებს უხამსი ჟესტი უჩვენა.

„ჩიხურას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„საფეხბურთო კლუბი საჩხერის „ჩიხურა“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 24 ივლისს, „ბურსასპორის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დასასრულს მომხდარი ფაქტის გამო.
ჩვენი ფეხბურთელის ქმედება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ზიანს აყენებს თურქ და ქართველ ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. ის ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე პირველი მატჩი ჩაატარა. ამ მიზეზის გამო, ძლიერი ემოციური წნეხის ქვეშ იყო. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მისი ქმედება გუნდისთვის მიუღებელია.
უფრო მეტიც, მან გაანალიზა, თუ რა გააკეთა და საჯარო ბოდიშიც მოიხადა“.