შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს. 39 წლის სპორტსმენი ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ფორუმზე მუხლის ტრავმის გამო ვერ წავა.
“ბალახის სეზონის მიმდინარეობისას, სამწუხაროდ, მუხლის ტრავმა გამიმიზეზდა. მომიწევს იმასთან შეგუება, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოვტოვებ. ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან ყოველ ჯერზე ვამაყობ, როდესაც შვეიცარიას წარმოვადგენ. სარეაბილიტაციო კურსი უკვე დავიწყე და იმედია, ამ ზაფხულის ბოლოს დავბრუნდები. შვეიცარიის დელეგაციას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ და შორიდან ვუქომაგებ”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე ფედერერმა.
ოლიმპიურ თამაშებზე საჩოგბურთო ტურნირი 24 ივლისი-1 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება. საქართველოს სახელით ტურნირის ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.