გარი ნევილი: “ჰარი კეინი საკუთარ თავს არ ჰგავს”

გარი ნევილს არ გამორჩენია, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საწყის ეტაპზე გატანილი 6 გოლის შემდეგ ჰარი კეინი ძველებურ თამაშს ვეღარ აჩვენებდა. ბელგიასთან მესამე ადგილისთვის გამართულ მთლიან მატჩში “ტოტენჰემის” ლიდერმა ერთი დარტყმაც კი ვერ ჩაიწერა აქტივში.

“მართლია, ჰარი კეინი ოქროს ბუცს მოიგებს, მაგრამ კოლუმბიასთან ჩატარებული 90 წუთის შემდეგ – დამატებითი დრო, შვედეთთან, ხორვატიასთან და ბელგიასთან გამართულ მატჩებში ჰარი კეინი საკუთარ თავს არ ჰგავდა.

ჩემი აზრით, ის მზად არ იყო ამ მატჩებისთვის, სამი მატჩია, ის საკუთარ თავს არ ჰგავს. რამდენიმე შემთხვევაში, ბელგიასთან მატჩში, ის ვერ შერბოდა საჯარიმოში ისე, როგორც ჩვევია.

ჰარი კეინი დიდი ფეხბურთელია, რომელსაც არაფრისგან შეუძლია გოლის შექმნა და მატჩის ბედის გადაწყვეტა. მისმა გაუჩინარებამ მეტწილად განაპირობა ინგლისის მარცხი,” – აცხადებს გარი ნვეილი.

გარი ნევილი მწვრთნელად მუშაობის ვარიანტს კატეგორიულად გამორიცხავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მან მწვრთნელობაზე საბოლოოდ აიღო ხელი.

შეგახსენებთ, რომ ნევილმა საკუთარი შესაძლებლობები გასულ სეზონში “ვალენსიას” თავკაცის პოსტზე გამოსცადა, სადაც მხოლოდ 16 მატჩის ჩატარება მოასწრო – მათგან მხოლოდ 3 დასრულდა “ღამურების” გამარჯვებით.

“მწვრთნელად აღარსდროს ვიმუშავებ, ეს გამორიცხულია. შესაძლოა, 10 წლის შედმეგ გავიღვიძო და გავიფიქრო, რომ მწვრთნელობა მინდა, მაგრამ ახლა ასე ნამდვილად არ ვფიქრობ.

ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ აღარ მინდა ოდესმე ისეთ მდგომარეობაში მოვხვდე, როგორშიც მაშინ ვიყავი. მას შემდეგ შემოთავაზებები პრემიერ ლიგის კლუბებიდანაც მქონდა, მაგრამ ყველა წინადადებას უარით ვუპასუხე.

“ვალენსიაში” კი ჩემი ბიზნეს პარტნიორის, პიტერ ლიმის (“ვალენსიას” მფლობელი) თხოვნით მივედი, რადგანაც მეგონა, რომ აქიდან რამე გამოვიდოდა,” – აცხადებს ნევილი.

გარი ნევილი: “აზარი უმაღლესი დონის მოთამაშეა, მაგრამ მე მაინც კანტეს ვამჯობინებდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა “ჩელსის” ლიდერებზე, ნგოლო კანტესა და ედენ აზარზე ისაუბრა.

“აზარი უმაღლესი დონის მოთამაშეა, მას შეუძლია მსოფლიოს ოთხ, ხუთ საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მოხვდეს, ისეთების გვერდით, როგორებიც ნეიმარი და ბეილი არიან.

კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი სხვა პლანეტაზე არიან, თავიანთთვის.

აზარს ნამდვილად შეუძლია ისეთ ფეხბურთელებზე წინ დადგეს, როგორებიც ბეილი და ნეიმარი არიან. ის უნიჭიერესი ფეხბურთელია, უბრალოდ მეტი შრომა სჭირდება.

ამისდა მიუხედავად, ჩემზე რომ იყოს, “მანჩესტერ იუნაიტედში” კანტეს უფრო მოვიყვანდი, ვიდრე აზარს,” – აცხადებს ნევილი.

იურგენმა ნევილს შეუტია: “რატომ აქვს მას ამაზე საუბრის უფლება?”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ენფილდელთა” გერმანელი მეკარე, ლორის კარიუსი კრიტიკოსებისგან დაიცვა.

შეგახსენებთ, რომ კარიუსის შეცდომებმა, რომლებმაც “ლივერპულის” ქულების დაკარგვა გამოიწვია, ტელეწამყვანების, ჯეიმი კარაგერისა და გარი ნევილის განრისხება გამოიწვია. ამ უკანასკნელებმა კი მეკარეს საჯაროდ საუბრისას ურჩიეს “მოეკეტა და თავისი საქმე გაეკეთებინა”.

“პირველ რიგში, ჩემი საქმე ჩემი ფეხბურთელების დაცვაა. თუმცა მოედანზე ისინი მარტონი არიან, თითოეულ მათგანს ვერ ვუკარნახებ, რა არის სწორი და რა – არა.

ტელეწამყვანები ყოფილი ფეხბურთელები არიან და ალბათ დაავიწყდათ, თუ რას ნიშნავს, როდესაც ასე გაკრიტიკებენ – განსაკუთრებით კი ნევილებს.

და საერთოდ, რატომ აქვს მას ამაზე საუბრის უფლება მაშინ, როდესაც ყველამ ვნახეთ, რომ ფეხბურთელების განსჯა ასე ცუდად გამოსდის.” – განაცხადა კლოპმა.

ნევილი: “რა დრო სჭირდება მოურინიოს “მანჩესტერში” წარმატების მისაღწევად?”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, გარი ნევილი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს მინიმუმ 3 წელი დასჭირდება იმისათვის, რათა მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ჟოზე მოურინიოს თავისი გეგმების განსახორციელებლად სამი წელი მისცეს, თავისი საქმის კეთება უნდა აცალონ. მისი მისია ძალიან რთულად მისაღწევია, რაც ყველასათვის ნათელია.

დიდებული რამ იყო, როდესაც “მანჩესტერელთა” გამარჯვებებს ვუყურებდი და ამ გამარჯვებებში მოქმედი პირიც ვიყავი, მაგრამ სამუდამო არაფერია. ცუდი პერიოდის აცილება შეუძლებელია.

ვფიქრობ, დღევანდელი გადმოსახედიდან მოურინიოს მიერ “მანჩესტერში” გაწეული სამუშაოს შეფასება უსამართლო იქნება. ამ სპეციალისტმა ტიტული 18 თვის წინ მოიგო, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, უბრალოდ დრო სჭირდება.” – განაცხადა მან.

გარი ნევილმა ჩემპიონობისთვის მებრძოლთა შანსები შეაფასა

გარი ნევილმა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლის კანდიდატთა შანსები განიხილა, თუმცა რომელიმე მათგანის გამორჩევა ვერ მოახერხა.

“ვფიქრობ, “ტოტენჰემი” იმდენად ძლიერია, რამდენადაც “ლივერპული”, ვფიქრობ “ტოტენჰემი” ისეთივე დონეზეა, როგორზეც “ჩელსია”. ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ “სპურსი” ევროსარბიელზე გამოდის, ამიტომაც მასზე წინ “ლივერპულსა” და “ჩელსის” დავაყენებდი პრემიერ ლიგაში.

ჩემი გადმოსახედიდან “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი” უკეთესი გუნდები არიან, მაგრამ შეიძლება კი მათი ბოლომდე ნდობა? ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. ეს ორი გუნდი ევროპაშიც თამაშობს, თანაც ჩავარდნებიც ჰქონდათ, ამიტომ მათგან მეტს ვითხოვ, რათა რეალურ კანდიდატად განვიხილო.

სწორედ ასეთია ფავორიტთა მდგომარეობა ინგლისში, ისე რომ “იუნაიტედი” არც კი მიხსენებია, რომელიც ბოლო დროს ძველებურად ვეღარ თამაშობს.”

გარი ნევილმა ყველაფერი პოლ პოგბასა და ანდერ ერერას გადააბრალა

გარი ნევილმა “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში (4-0) პოლ პოგბასა და ანდერ ერერას თამაშს სამარცხვინო უწოდა. ნევილის თქმით, ნახევარმცველთა ეს დუელი ყველაზე ცუდად გამოიყურებოდა.

“პოგბასა და ანდერ ერერასგან ასეთი თამაშის ჩვენება უბრალოდ სამარცხვინოა.” – განაცხადა “ვალენსიას” ყოფილმა მწვრთნელმა Sky Sports-თან საუბრისას.

“კანტემ მათ შორის უბრალოდ შეისეირნა, არადა მათ საკუთარი ნახევარის დაცვა ევალებათ, ისინი ნახევარმცველები არიან. კანტემ მათი ბარიერი ადვილად გაიარა, ისევე როგორც აზარდმა. პირველი გოლი ერთი დიდი ხუმრობა იყო.

ბოლო წლების მანძილზე “მანჩესტერ იუნაიტედმა” 180 მილიონი ფუნტის ღირებულების ნახევარმცველები იყიდა, თუმცა ჯერაც არ ვიცი, ნახევარმცველთა რომელი წყვილი იყო საუკეთესო.”

7 რამ, რაც დავიდ ლუისის “ჩელსიში” დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია მოხდეს

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ბევრი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. მათ შორის უნდა აღინიშნოს დავიდ ლუისის დაბრუნება ლონდონის “ჩელსიში”. ამასთან დაკავშირებით, გავლენიანი გამოცემა, Mirror-ი სახალისო სტატიას გვთავაზობს. მკითხველს შეუძლია, გაიგოს ის შვიდი რამ, რაც ბრაზილიელი მცველის “არისტოკრატების” რიგებში დაბრუნებას შეიძლება მოჰყვეს.

1. ვარჯიშზე მისი პირველი შეხვედრა დიეგო კოშტასთან ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება…

2. დავიდი დაბრუნდა… გარი ნევილი კი კვლავ მიიღებს ასეთ სახეს…

3. “ჩელსის” კარში უფრო მეტი პენალტს დაარტყამენ მეტოქეები, ვიდრე ეს აქამდე იყო…

4… და შესაძლებელია, უფრო მეტი ავტოგოლიც გავიდეს “არისტოკრატების” კარში…

5. 23 ოქტომბერს “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. საინტერესო იქნება, დავიდ ლუისის შეხვედრა მის ყოფილ გუნდელთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან.

მათ ერთად ბევრი სახალისო რამ გადახდათ თავს…

6. “ჩელსის” საფეხბურთო მაღაზიებში ბევრი სუვენირი გაიყიდება. რატომ? ლუისმა ავტოგრაფები ხომ უნდა დაარიგოს?!

7. უკვე მხოლოდ ფელაინის აღარ აქვს ხვეული გრძელი თმა. ამიტომ, ბელგიელს მოუწევს, მოიფიქროს ახალი, უფრო გიჟური ვარცხნილობა, რათა პრემიერ ლგიის გამორჩეული მოთამაშე იყოს ამ მხრივ.

პრემიერლიგის არცერთი და ევროპის ერთადერთი ტიტული 32 წლის მანძილზე – სირცხვილი ინგლისელ მწვრთნელებს

მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგა დაარსდა (1992 წელი), აღნიშნული ტიტული არცერთ ინგლისელ მწვრთნელს არ მოუგია. ამასთანავე ბოლო ინგლისელი მწვრთნელი, რომელიც ინგლისის საუკეთესო ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა კევინ კიგანი იყო. ეს 20 წლის წინ მოხდა, როცა კიგანი “ნიუკასლ იუნაიტედს” ედგა სათავეში.

ბოლო ორ ათწლეულში მხოლოდ ორმა ინგლისელმა სპეციალისტმა მოახერხა საკუთარი გუნდის მესამე ადგილზე გაყვანა პრემიერ ლიგაში: როი ევანსმა (“ლივერპული”) და 70 წლის სერ ბობი რობსონმა, 2003 წელს “ნიუკასლთან” ერთად.

მართლაც რომ საშინელი სტატისტიკური მონაცემებია. ამ ფონზე გასაკვირი არც ის არის, რომ ინგლისელი მწვრთნელები ვერც სხვაგან ახერხებენ დიდი წარმატებების მიღწევას. გარი ნევილის 4-თვიანი ‘ფორთხიალიც’ სწორედ ბრიტანელების უსუსურობას უსვამს ხაზს, რომლის აწ უკვე ყოფილი გუნდიც სულ რაღაც 6 ქულით არის დაშორებული გასავარდნ ზონას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სხვა დიდ ჩემპიონატებში (ესპანეთი, გერმანია,იტალია, საფრანგეთი) სამად-სამმა ინგლისელმა მოახერხა წარმატების მიღწევა: ბილი ბერი (“ლილი”, 1946), ჯეს კარვერი (“იუვენტუსი”, 1950) და ტერი ვენაბლესი (“ბარსელონა”, 1985). საერთაშორისო დონეზე ბოლო წარმატებას კი ინგლისმა ნახევარი საუკუნის წინ, სერ ალფ რემსის წყალობით მიაღწია.

ზემოხსენებული რობსონი იყო ბოლო ინგლისელი სპეციალისტი, რომელმაც კონტინენტის მთავარი ტიტული მოიპოვა – რონალდოს დახმარებით მან “ბარსელონას” თასების მფლობელთა თასი მოაგებინა 1997 წელს. ევროპის თასისა ან უეფა თასის გამარჯვებულების ვინაობების გასაგება 1984 წლამდე მაინც უნდა დავბრუნდეთ, როცა თავი ჯო ფაგანის “ლივერპულმა” და კეიტ ბურკინშოუს (“ტოტენჰემმა” გამოიჩინეს.

ინგლისელი სპეციალისტების მუშაობა უმაღლეს დონეზე აშკარად სამარცხვინოა, დიახაც, ინგლისელებს უნდა რცხვენოდეთ მათი წარმომადგენლების. ამჟამად პრემიერ ლიგაში მხოლოდ 3 ინგლისელი მწვრთნელი მონაწილეობს. რომელთაგან ორი ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის (ალან პარდიუ და სემ ალარდაისი). ნევილის გათავისუფლება კი ნიშნავს იმას, რომ ლა ლიგაში, სერია აში, ლიგა 1-სა და ბუნდესლიგაში ინგლისელი მწვრთნელი აღარ დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისის ნაკრების ბოლო 4 მწვრთნელიდან 2 უცხოელი იყო.

სხვა წამყვანი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი მწვრთნელი ევროპის Top-5 ჩემპიონატში ესპანეთსა და იტალიას ჰყავს (20-20), საფრანგეთსკი 19 სპეციალისტი წარმოადგენს, მაშინ როცა ასპარეზზე 12 გერმანელი დამრიგებელია გამოსული.

ესპანელმა, იტალიელმა და გერმანელმა მწვრთნელებმა 16-ჯერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება, მას შემდეგ, რაც ტურნირი ჩამოყალიბდა (1992). ამ პერიოდში იტალიელმა მწვრთნელებმა 26 მთავარი ჩემპიონატის ტიტულის მოგება მოახერხეს, ინგლისელებმა კი ვერცერთის.

ინგლისელ მწვრთნელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი, სემ ალარდაისი მუდმივად წუწუნებს იმაზე, რომ ინგლისელ სპეციალისტებს შანსი არ ეძლევათ: “პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ინგლისელ მწვრთნელებს უკანა პლანზე ვწევთ.”

ფაქტია, დღეს პრემიერ ლიგა მაღალი დონის ინგლისელი სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ალბათ, გამოსავალი ის იქნება, რომ ინგლისში ბავშვებს ტაქტიკური დეტალები თავიდანვე კარგად შეასწავლონ. როცა ისინი წამოიზრდებიან, კიდევ უფრო მეტს გაიგებენ, განვითარდებიან, ხოლო როცა სათამაშო კარიერას დაასრულებენ და მწვრთნელები გახდებიან, ცოდნას უკეთესად გამოიყენებენ. მაგალითად, იტალიაში ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ ტაქტიკას და ამ ქვეყანას არაერთი ძლიერი მწვრთნელი გაუზრდია.

ინგლისში ტაქტიკაზე სატელევიზიო გადაცემებში ხშირად საუბრობენ, მაგრამ როგორც ჩანს, სჯობს ეს დეტალები მწვრთნელებმა თავიანთ გუნდებში გამოიყენონ.

ნევილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

“ვალენსიას” მიერ ახლახან გათავისუფლებულმა სპეციალისტმა, გარი ნევილმა აღიარა, რომ მის მიერ ნაჩვენები შედეგები დასაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლებოდა.

“პირველ რიგში, მინდა კლუბის თითოეულ ფანს გადავუხადო მადლობა, ისევე როგორც კლუბის ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს.

დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი მუშაობას, თუმცა მესმის, რომ ფეხბურთში მთავარი შედეგია. 28 მატჩში ჩემს მიერ ნაჩვენები შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი კლუბისათვის.” – განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, რომ ნევილი “ვალენსიას” სათავეში 2 დეკემბერს ჩაუდგა, თუმცა მან სადებიუტო გამარჯვების მოპოვება მხოლოდ მე-10 მატჩში მოახერხა. ამ დროისთვის “ვალენსია” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს.

ოფიციალურად: “ვალენსიამ” გარი ნევილი დაითხოვა

ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელობამ გარი ნევილი პოსტიდან გაათავისუფლა, მის ჩამნაცვლებლად კი პაკო აიესტარანი დაასახელა, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე გაუძღვება.

შეგახსენებთ, რომ გარი ნევილი “ვალენსიაში” 2 დეკემბერს მოვიდა, თუმცა მან პირველი 9 მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა. ამასთანავე მისი კლუბი კოპა დელ რეიდან და ევროპა ლიგიდანაც გამოვარდა.

“ვალენსია”, რომელმაც ესპანური პრიმერადივიზიონის ეგიდით ჩატარებული ბოლო 3 მატჩი წააგო, ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას 6 ქულა აშორებს.

“სიტუაციის გულდასმით გაანალიზების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გარი ნევილი პოსტიდან გაათავისუფლოს. კლუბი მისი ძალიან დიდი მადლობელია და მომავალში წარმატებებს უსურვებს.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ვალენსია” ნევილის სამწვრთნელო კარიერაში პირველი გუნდი იყო.

მანუელ პელეგრინი კარიერის გაგრძელებას ესპანეთში აპირებს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი “ვალენსიაში” გარი ნევილის ადგილის დაკავებას აპირებს, რომელიც “ღამურების” თავკაცის პოსტს ზაფხულში დატოვებს. ამ ინფორმაციას La Cuarta ავრცელებს.

როგორც იცით, ჩილელი “სიტის” ზაფხულში დატოვებს, მას კი მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელი თავკაცი, პეპ გვარდიოლა ჩაანაცვლებს.

აქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 62 წლის სპეციალისტის გადაბირების სურვილი ლონდონის “არსენალმა” და რუსულმა “ზენიტმა” გამოთქვა.

თუმცა პელეგრინისთვის ბრძოლაში ფავორიტი “ვალენსიაა”. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მანუელს ესპანეთში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მას შემდეგი კლუბების თავკაცის პოსტზე აქვს ნამუშევარი: “ვილიარეალი”, “რეალი” და “მალაგა”.