კენი დალგლიში: “მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი”

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ექს-მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ “ასტონ ვილას” თავკაც პოლ ლამბერტისა და მისი თანაშემწე როი კინის ადგილას არც ის ჩამოართმევდა ხელს ჟოზე მოურინიოს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის VI ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ასტონ ვილას” შორის გამართული მატჩის (3:0) მიწურულს მოურინიო ლამბერტთან და კინთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, თუმცა შოტლანდელმა სპეციალისტებმა ნაადრევად ამის გაკეთება არ ისურვეს.

“ასეთ სიტუაციაში მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი, – ციტირებს დალგლიშის სიტყვებს “მირორი”. – მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. როდესაც ადამიანი ასეთ მწვერვალზეა, მან შესაძლოა, მოულოდნელი საქციელი ჩაიდინოს, თუმცა ერთი ძველი სიბრძნე ყველას უნდა გვახსოვდეს: როდესაც მწვერვალზე ხარ, ადამიანებს კარგად უნდა მოექცე, რადგან დაცემისას მათი დახმარება დაგჭირდება”.

 

მკაცრი როი კინიც მოალბეს

როი კინს ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და შეუბრალებელი მოთამაშის რეპუტაცია ჰქონდა, თუმცა ირლანდიელმა ამ უქმეებზე გვიჩვენა, რომ სითბოს გამოხატვაც შეუძლია.

შაბათს “ასტონ ვილასა” და იტალიურ “პარმას” შორის ამხანაგური მატჩი (0:0) გაიმართა. როი კინი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის, პოლ ლამბერტის თანაშემწეა და როგორც წესი და რიგია, მის გვერდით დაიკავა ადგილი. ამ დროს მასთან “ასტონ ვილას” თილისმამ მიირბინა და კინს გულთბილად ჩაეხუტა, რამაც ყველა გაამხიარულა, თვით მკაცრი ირლანდიელიც კი.