საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციამ სოციალურ ქსელ Facebook-ში “ზესტაფონის” მეკარეების ყოფილი მწვრთნელის, თამაზ ოდიკაძის მიმართვა გაავრცელა, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ.
სკ “ზესტაფონის” მეკარეების ყოფილმა მწვრთნელმა თამაზ ოდიკაძემ, რომელსაც კლუბმა სპორტული მიზეზის გარეშე, ცალმხრივად შეუწყვიტა კონტრაქტი ყოველგვარი კომპენსაციის გადაუხდელად, დახმარებისათვის საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციას მოგვმართა.
“ზესტაფონს” დავალიანების დაფარვის ვადა 27 დეკემბრამდე აქვს და იმ შემთხვევაში, თუ კლუბი არ გაისტუმრებს დავალიანებას სრულად, ოდიკაძის ინტერესებს დავების განმხილველ შესაბამის ორგანოებში დავიცავთ.
სკ „ზესტაფონის“ ვიცე პრეზიდენტს
ბატონ ვასილ გველესიანს
სკ „ზესტაფონის“ მეკარეების ყოფილი მწვრთნელის
თამაზ ოდიკაძის
წარმომადგენელი: საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე ბესარიონ აბაშიძე
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის 01 აგვისტოს გავაფორმე შრომითი ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) სკ „ზესტაფონთან“ (შემდგომში „კლუბი“) 10 თვის ვადით, რომლის საფუძველზეც დავინიშნე „კლუბის“ პირველი გუნდის მეკარეების მწვრთნელად. 2013 წლის ნოემბრის თვიდან „კლუბმა“ ყოველგვარი მიზეზის გარეშე აღარ დამიშვა გუნდის ვარჯიშებზე და კლუბში ახალი სამწვრთნელო შტაბის მოყვანით, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ცალმხრივად შემიწყვიტა „ხელშეკრულება“. ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როდესაც „ხელშეკრულების“ ვადის მოქმედება ჯერ კიდევ შვიდი თვე გახლდათ (კონტრაქტი მოქმედია 2014 წლის 01 ივნისამდე) და „კლუბს“ მისი შეწყვეტის მიზეზის შესახებ ჩემთვის არაფერი განუმარტავს.
გამომდინარე იქედან, რომ არაერთი ზეპირი თხოვნისა „კლუბის“ ხელმძღვანელობის მიმართ – შეგესრულებინათ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ხელფასის გადახდის ვალდებულება, რასაც „ზესტაფონის“ მხრიდან სრული იგნორირება მოჰყვა, მოგმართავთ წერილობით და გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ, 10 დღის ვადაში (2013 წლის 27 დეკემბრამდე) არ მოახდენთ თქვენს მიერ ცალმხრივად შეწყვეტილი „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადით არსებული ხელფასის (შვიდი თვის ხელფასი) სრულად გადახდას, ვაპირებ საქართველოს კანონმდებლობის, სფფ-სა და ფიფა-ს რეგულაციებით მონიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში დავიცვა ჩემი დარღვეული უფლებები და ვაიძულო „კლუბი“ შეასრულოს „ხელშეკრულებით“ ნაკისრი მოვალეობა.
იმედს ვიტოვებ, რომ ჯეროვნად შეასრულებთ ზემოაღნიშნულ ვალდებულებას და „კლუბს“ აარიდებთ იმ მოსალოდნელ უსიამოვნებებს რასაც თქვენი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩემს შემდგომ მოქმედებებს მოჰყვება. მერწმუნეთ, ჩემი მიზანი არაა იმ „კლუბისათვის“ პრობლემების შექმნა, რომელშიც დიდი სიამოვნებითა და შემართებით ვმუშაობდი, თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, იმ შემთხვევაში, თუ, ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებთ, მივმართავ ყველა კანონიერ საშუალებას ჩემი დარღვეული უფლებების დასაცავად.
პატივისცემით,
თამაზ ოდიკაძე
განმცხადებელი
2013 წლის 16 დეკემებრი