იან რაიტი: “ობამეიანგს შანსებს არ უქმნიან, ასე არაფერი გამოვა”

ლონდონის “არსენალისა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, იან რაიტმა ინგლისის ლიგის თასის ფინალის (“არსენალი” 0-3 “მანჩესტერ სიტი”) შემდეგ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ფაქტორზე ისაუბრა.

“როდესაც ობამეიანგს უყურებ, ხედავ ნამდვილ ბომბარდირს, ადამიანს რომელსაც გოლების გატანა სწყურია, თუმცა მას შანსებს არ უქმნიან. ასე არ შეიძლება, არაფერი გამოვა.

ობამეიანგი არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც ბურთს მილიონჯერ ეხება. ის მეტოქის ზურგს უკან მოქმედებს. არაერთხელ გვინახავს თუ როგორი ეფექტურია ის ასეთ ფორმატში.

პრობლემა ის არის, რომ “არსენალი” ბოლომდე არ იბრძვის ბურთის მოსაპოვებლად და არც იმ ფეხბურთელზე ზრუნავენ, რომელიც თითქმის 60 მილიონი ფუნტი დაგვიჯდა,” – აცხადებს რაიტი.

მხითარიანმა და ობამეიანგმა ტრანსფერები ერთმანეთში შეათანხმეს

ლონდონის “არსენალის” გაბონელი ახალწვეული, პიერ-ემერიკ ობამეიანგი აღიარებს, რომ “მეთოფეთა” რიგებში გაწევრიანებამდე ჰენრიკ მხითარიანს ეკონტაქტებოდა.

“ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ძველ მეგობართან ვბრუნდებოდი, კარგ მეგობართან. წარსულში ერთად ვთამაშობდით და ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება ისევ გვაქვს.

ტრანსფერის დასრულებამდე მან რამდენიმეჯერ დამირეკა იმის საკითხავად, გადავდიოდი თუ არა “არსენალში”. ბუნებრივია, რომ მისი ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო ჩემს არჩევანში,” – აცხადებს დორტმუნდის “ბორუსიას” ექს-ფეხბურთელი.

როგორც იცით, ყოფილი თანაგუნდელების დებიუტი პრემიერ ლიგაში უკვე შედგა – ობამეიანგმა გოლით გამოიჩინა თავი, მხითარიანმა კი სამი საგოლე გადაცემა მიითვალა საკუთარ აქტივში.

ობამეიანგი: “ბოდიშს გიხდით იმისთვის, რაც ამ თვეში მოხდა”

დორტმუნდის “ბორუსიადან” ლონდონის “არსენალში” გადასვლის შემდეგ, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გერმანელ გულშემატკივრებს მიმართა და ბოლო დროს შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიშიც მოიხადა.

“პირველ რიგში მინდა ყველას ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რაც ამ თვეში მოხდა. კლუბის დატოვება გასულ ზაფხულსაც მინდოდა, ასე რომ, ეს ახლა უნდა მომხდარიყო.

შეიძლება, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ობა გიჟი ბიჭია, დიახ, ძალიან გიჟური ვარ.

შეცდომები დავუშვი, მაგრამ ცუდს არასოდეს ვფიქრობ. არასოდეს დავივიწყებ დორტმუნდის “ბორუსიაში” გატარებულ დროს. სწორედ თქვენ მომეცით ძალა, ამ დონეზე ვყოფილიყავი. მადლობას ვუხდი “ბორუსიას” მთელ ოჯახს, ფანებს, კლუბს, სამწვრთნელო შტაბს და რა თქმა უნდა, თანაგუნდელებს. თქვენი Auba17″ – ვკითხულობთ გაბონელი ფეხბურთლის პოსტში.

ობამეიანგი ოჯახის წევრებთან ერთად დორტმუნდის აეროპორტში დააფიქსირეს (ვიდეო)

2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დასასრულს უახლოვდება და გულშემატკივრები კიდევ ერთი დიდი ტრანსფერის მოლოდინში იმყოფებიან – “არსენალმა” სანჩესის შემცვლელად გუნდში ობამეიანგი უნდა მიიყვანოს.

ბრიტანული პრესის ცნობით, მხარეებმა უკვე ყველაფერი შეათანხმეს და ახლა კონტრაქტზე ხელის მოწერაღაა დარჩენილი. ობამეიანგი კი, თავის ოჯახის წევრებთან ერთად უკვე დააფიქსირეს დორტმუნდის აეროპორტში. დიდი ალბათობით, ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.

მიმდინარე სეზონში გაბონელმა ვარსკვლავმა გერმანული კლუბის მაისურით 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 21 გატანილი გოლით გამოიჩინა.

იქნებ, ობამეიანგი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონია

იმ შემთხვევაში, თუ პიერ-ემერიკ ობამეიანგის კარიერის კონკრეტულ დეტალებს არ იცნობთ, შესაძლოა, ამ ფეხბურთელზე მცდარი წარმოდგენა შეგექმნათ. არაკლასიკური ტანსაცმელი, ძვირფასი თვლებით გაწყობილი დრაკონის ბუცები, თმის გიჟური ვარცხნილობები გაბონელ შემტევს უბრალო თავქარიან ფეხბურთელად წარმოგვიჩენს, მაგრამ კარიერის მანძილზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

“2012 წელს კატარული კლუბისგან წინადადება მივიღე, ისინი 10 მილიონ ევროს მთავაზობენ ხელფასის სახით. იქ რომ წავსულიყავი, ჩემი ოჯახი მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე უზრუნველყოფილი იქნებოდა, მაგრამ “სენტ-ეტიენში” დარჩენა გადავწყვიტე, სადაც თვეში 70 000 ევროს მიხდიდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომავალში ჩემი შესაძლებლობების წყალობით უფრო მეტს მივაღწევდი,” – აცხადებს ობამეიანგი L’Equipe-სთან საუბრისას.

ერთი წლის შემდეგ ობამეიანგი ისევ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ დადგა: “სენტ-ეტიენში” უნდოდათ, “ნიუკასლში” გადავსულიყავი, მაგრამ “ბორუსიაში” წავედი, სადაც ნაკლები თანხა მელოდა. თუმცა, ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები იყვნენ,” – იხსენებს ობამეიანგი.

ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი იურგენ კლოპი და პიერ ემერიკ-უფროსი გახლდათ, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა “ბორუსიელთა” სისტემა და ეს თავისი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტად მიიჩნია.

გასულ ზაფხულს აფრიკელმა ფეხბურთელმა გაცილებით უფრო სარფიანი შემოთავაზება მიიღო, ამჯერად ჩინური კლუბებისგან. მართალია, ობამეიანგს “მილანში” დაბრუნება უნდოდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა და “სიგნალ იდუნა პარკზე” დარჩა. “ბორუსიაში” რთული სიტუაციაა, ობამეიანგს თითქმის ყოველ მატჩში გააქვს, მაგრამ გერმანული კლუბი ტიტულისთვის ბრძოლას ვერ ახერხებს. გაბონელის შესანარჩუნებლად “ბორუსია” ამ უკანასკნელს ხელფასს უზრდის.

დღეს კი ჯერი “არსენალზეა”. “მეთოფეები” პიერ-ემერიკ ობამეიანგს ხელფასის გაორმაგებას და ტიტულისთვის ბრძოლის უკეთეს შესაძლებლობას სთავაზობენ. უცხოური ტაბლოიდები, მათ შორის გერმანული Bild, იუწყებიან, რომ გაბონელი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ლონდონურ კლუბთან. რაც არ უნდა მოხდეს, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის ცივ გონებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

შესაძლოა, ახლა ობამეიანგს გეგმები აერიოს, ან სხვა კლუბში გადავიდეს, მაგრამ მის ცხოვრებაში არ იქნებოდა “ბორუსია”, არც “არსენალის” შემოთავაზება, არც ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთი, არც აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, ფულის გამო კატარში რომ წასულიყო. ასე რომ, იქნებ, ის მართლაც განსხვავებულია.

ვენგერი ობამეიანგზე: “ჯობს, ტრანსფერამდე ასეთი დეტალები საიდუმლოდ დარჩეს”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ალექსის სანჩესის, ჰენრიკ მხითარიანისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესაძლო ტრანსფერებზე გააკეთა კომენტარი და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა.

“სანჩესი “მანჩესტერ იუნაიტედში”? ეს ტრანსფერი ნამდვილად შეიძლება გახორციელდეს. თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ ყველაფერი ჩაიშალოს. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, შაბათს სანჩესი ითამაშებს. მაგრამ უფრო დიდია იმის შანსი, რომ სანჩესი წავიდეს.

მხითარიანის ტრანსფერის იდეა ძალიან მომწონს. ამ ფეხბურთელების მიმართ სიმპატიებს ვგრძნობ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც “დორტმუნდში” თამაშობდა. მოხარული ვიქნები, თუ ყველაფერი გამოვა. თანხები პრობლემა არ იქნება.

რაც შეეხება პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ვთვლი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული დეტალები ტრანსფერის გამოცხადებამდე არ უნდა გაცხადდეს და საიდუმლოდ დარჩეს,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ობამეიანგი: “ატლეტიკო” გრიზმანის შემცვლელს ეძებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი ლიდერი, პიერ ემერიკ-ობამეიანგი, შესაძლოა, ყველასათვის გასაკვირად მადრიდის “ატლეტიკოში” აღმოჩნდეს. ამ ეჭვებს განსაკუთრებულად ამძაფრებს Sport.es-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინტერვიუ.

“ზამთრის სატრასნფერო ფანჯარაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩემთვისაც კი. ყველამ ძალიან აკრგად იცის, რომ “ატლეტიკო” გრიზმანის შემცვლელს ეძებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ახალი კონტრაქტი? არა, გუნდთან ხელშეკრულება არ გამიხანგრძლივებია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,” – აცხადებს ობამეიანგი, რომლის ოცნების გუნდიც მადრიდის “რეალია”.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის “ბორუსია” 2017/18 წლების გათამაშებაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა და ახლა ევროპა ლიგაზე აგრძელებს ასპარეზობას.

ობამეიანგი: “პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი არასდროს გამჩენია”

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი ლიდერი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მას არასდროს უფიქრია კარიერის ინგლისურ პრემიერ ლიგაში გაგრძელებაზე, მიუხედავად მანჩესტერული კლუბებიდან წამოსული ინტერესებისა.

“არასდროს მიფიქრია პრემიე ლიგაში გადასვლაზე, ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრია, ეს ჩემპიონატი არ მიზიდავს. რაც შეეხება ჩინურ სუპერ ლიგას, იყო ეს ვარიანტიც, მაგრამ ჩემის აზრით, იქ გადასვლა პროფესიონალიზმის კუთხით მცდარი ნაბიჯი იქნებოდა.

ყველაფერთან ერთად, “ბორუსიაში” თავს ბედნიერად ვგრძნობ. სეზონი ბრწყინვალედ დავიწყეთ და იმედი მაქვს, რომ ასეც გავაგრძელებთ. “ბორუსია” ჩემი ოჯახია,” – აცხადებს 28 წლის ფეხბურთელი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ობამეიანგმა უკვე შეძლო რვა გოლის გატანა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის შვიდ მატჩში და ბომბარდირთა დავასაც სწორედ ის ლიდერობს.

მალდინი: “ობამეიანგისგან ასეთ დონეზე თამაშს არც მე მოველოდი და არც “მილანი”

“მილანის” ლეგენდამ, პაულო მალდინიმ 29 წლის გაბონელ თავდამსხმელზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას არაერთხელ დაუკავშირეს “როსონერის”.

“ობამეიანგი ძალიან განვითარდა და ახლა დიდ ფეხბურთს თამაშობს, რასაც არც მე და არც “მილანი” არ მოელოდა. მაშინ ძალიან რთული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელთათვის წარმატების მიღწევა, პირველი გუნდი ძალიან ძლიერი იყო. ასე რომ, მისი გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით აშკარად მართბული იყო.

ძალიან მიხარია, ახლა ამ დონეზე რომ თამაშობს. მას რამდენიმე დღის წინ შევხვდი და მითხრა, რომ ჩემი გაოცება მოახერხა. ობას ძალიან უყვარს “მილანი”, მაგრამ ახლა მის გადასაბირებლად დიდი თანხის გადახდაა საჭირო.

ბოლო დროს სატრანსფერო ფანჯარაზე ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. “პარიზელები” ძალიან აქტიურობენ. ნეიმარის ტრანსფერით ფრანგებმა მესისა და რონალდუსაც დაუმტკიცეს, რომ სურვილის შემთხვევაში მათ გადაბირებასაც შეძლებენ,” – აცხადებს მალდინი.

ჰიცფელდი: “შეუცვლელი ობამეიანგი “ბორუსიას” 20 პროცენტს შეადგენს”

ფეხბურთის გამოცდილმა სპეციალისტმა, ოტმარ ჰიცფელდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “ბორუსიასთვის” შეუცვლელი ფიგურაა.

“პიერ-ემერიკ ობამეიანგი “ბორუსიას” ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ნებისმიერი ფეხბურთელის ჩანაცვლება შეიძლება, მაგრამ არა ობამეიანგის. ის ერთგვარი წარმატების გარანტია “დორტმუნდისთვის”.

ობამეიანგი “ბორუსიას” 20 პროცენტს შეადგენს. ის უმაღლესი დონის თავდამსხმელია და შეუძლია საგოლე შანსები წარმოუდგენელი სიტუაციებიდანაც შექმნას. ყველაფერთან ერთად, ის თანაგუნდელებზეც არ არის დამოკიდებული,” – აცხადებს ჰიცფელდი.

“ჩელსი” “ბორუსიას” ობამეიანგის სანაცვლოდ 65 მილიონ ფუნტს სთავაზობს

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მთავარ პრიორიტეტად ჯერ კიდევ ალვარო მორატას ტრანსფერი რჩება, მაგრამ ამის პარალერულად “ლურჯები” დორტმუნდის “ბორუსიასთანაც” აწარმოებენ მოლაპარაკებებს პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერის თაობაზე.

The Sun-ის ცნობით, გერმანულმა კლუბმა უკვე მისცა წასვლის უფლება გაბონელ შემტევს, რომლის ანგარიშზეც “ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 189 მატჩში გატანილი 120 გოლია.

28 წლის აფრიკელი ფეხბურთელის საოცნებო კლუბი მადრიდის “რეალია”, თუმცა ის არც პრემიერ ლიგაში თამაშზე იტყვის უარს. ინგლისურ გრანდთაგან კი მისი ტრანსფერით ყველაზე სერიოზულად სწორედ “არისტოკრატები” არიან დაინტერესებულები.

ლევანდოვსკის აგენტი: “ბაიერნის” ფეხბურთელებმა რობერტს იმედები გაუცრუეს”

“ბაიერნის” პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვკის აგენტმა აღიარა, რომ მისი კლიენტი ძლიერ იმედგაცრუებას გრძნობდა, როდესაც ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მის ნაცვლად პიერ-ემერიკ ობამეიანგს გადასცეს.

“რობერტმა მითხრა, რომ ჩემპიონატის ბოლო მატჩში გუნდისგან მხარდაჭერას საერთოდ ვერ გრძნობდა.

ის ძალიან იმედგაცრუებული იყო, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი რომ ვერ მოიპოვა, ასეთი იმედგაცრუება მასში არასდროს შემიმჩნევია.

მას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ კლუბი დაეხმარებოდა. ახლა ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმ დროს, ეს ასე არ იყო,” – აცხადებს პოლონელი ფეხბურთელის აგენტი.