NBA-ს ახალი სეზონის განრიგი ცნობილია

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ახალი სეზონის განრიგი გამოაქვეყნა.

უახლოესი სეზონი 28 ოქტომბერს „სან-ანტონიო სპურსისა“ და „დალას მავერიკსის“ მატჩით დაიწყება, რომელიც „AT&T Center“-ში ჩატარდება. აღნიშნულ დღეს ლიგის მოქმედი გამარჯვებული „სპურსი“ მეხუთე საჩემპიონო ბანერს აღმართავს.

ხსენებული მატჩის შემდეგ კი, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ჰიუსტონ როკეტსის“ შეხვედრა დაიწყება.

„კავალიერსში“ დაბრუნების შემდეგ პირველ ოფიციალურ მატჩს ლებრონ ჯეიმსი 30 ოქტომბერს ჩაატარებს – ოჰაიოს შტატის გუნდი საკუთარ არენაზე „ნიუ-იორკ ნიქსს“ მიიღებს.

კათოლიკური შობის დღეს 5 მატჩი გაიმართება. „ნიქსი“ სახლში „ვაშინგტონ უიზარდსს“ შეხვდება, სან-ანტონიოში ურთიერთობას „სპურსი“ და „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ გაარკვევენ, ლებრონ ჯეიმსი მაიამიში თავის ყოფილ გუნდს შეხვდება, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ „ჩიკაგო ბულზთან“ გასვლით მატჩი ელის, ხოლო „კლიპერსი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ უმასპინძლებს.

რეგულარული ჩემპიონატი 28 ოქტომბერს დაიწყება და 2015 წლის 15 აპრილამდე გაგრძელდება.