კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია „ჩელენჯ ქაპის“ შესარჩევი/მე-3 დონის ევროპული საკლუბო ტურნირის გამართვის შესახებ.
გთავაზობთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის ინტერვიუს ამ ტურნირზე ქართული კლუბის მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:
სანამ გადავალთ უშუალოდ ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მოდი დავბრუნდეთ ცოტა უკან. როგორც მოგეხსენებათ, პირველად ჩვენს ისტორიაში წელს, ქართულმა სელექციამ – თბილისური და ქუთაისური კლუბების ნაკრებმა გუნდმა, რომელსაც დაერქვა „თბილისის კავკასიელები“, მიიღო მონაწილეობა „ჩელენჯ ქაპის“ გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ აგერ უკვე მე-8 წელია რაც რაგბში ვარ და მსგავსი ქაოსი, რომელიც ამ საკვალიფიკაციო ტურნირს ახლავდა, არსად მინახავს – ამას გულწრფელად და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
ჩვენ ისე ვეთამაშეთ იტალიურ კლუბ „როვიგოს“, რომ პრაქტიკულად არაფერი ვიცოდით. არ იყო ცნობილი პრინციპი, მოწინააღმდეგე, დროები, პირობები, დაფინანსება და უნდა ითქვას, რომ ბრმად ჩავერთედ ამ საკვალიფიკაციო შეჯიბრში გამომდინარე იმ უდიდესი მნიშვნელობიდან, რასაც ჩვენ ვანიჭებთ ქართული კლუბების ევროპულ ასპარეზზე გასვლას. მოგვიწია საქართველოს ჩემპიონატის ფორმულის შეცვლა და მისი ორი კვირით ადრე, აგვისტოში დაწყება. იმისათვის, რომ შეგვექმნა პირობები ამ ჩვენი გუნდის მოსამზადებლად, პირველი წრის კალენდარში შეიქმნა სპეციალური, ეგრედ წოდებული ორ კვირიანი ფანჯრები, როდესაც ერთი კვირა გუნდი უნდა მომზადებულიყო და შემდეგ ეთამაშა.
ამან ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა:
1) ვერ ვიშოვეთ ფული და მოგვიწია ჩვენი ბიუჯეტის სხვა სტატიების შემცირების ხარჯზე, დაუგეგმავი და სერიოზული ხარჯების გაწევა;
2) ამ ფანჯრებმა გუნდებს მოსამზადებელ პერიოდში სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. წარმოიდგინეთ, გუნდები ემზადებიან ჩემპიონატისთვის, თამაშობენ ერთ თამაშს, შემდეგ ორ ტურს ტოვებენ, მერე ისევ თამაშობენ და კვლავ ორ ტურს ტოვებენ. ასეთი გრაფიკი ნებისმიერ გუნდს დაანგრევს და პირდაპირ ვიტყვი, რომ ამან ძალიან სერიოზულად იმოქმედა გუნდების თამაშის ხარისხზე პირველ წრეში, ვინაიდან ეს ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს გუნდების მომზადებასა და მათი თამაშის ხარისხს;
შემდეგ მოხდა რაც მოხდა – ვითამაშეთ იტალიურ გუნდთან და წავაგეთ. ამის მერე მოგვდის ოფიციალური წერილი სადაც წერია, რომ მომავალ წელს, ანუ 2015 წელს კვლავ სექტემბერში ვითამაშებთ ორ გადასასვლელ თამაშს „ჩელენჯ ქაპიდან“ ქვედა დივიზიონში ჩამოქვეითებული ორი გუნდიდან ერთ ერთთან. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ მთელ შემდეგ წელიწადს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მეტი შეხება არავისთან არ გვაქვს, არავინ არ გვეხმაურება და შესაბამისად არანაირი სიახლე არ გვაქვს.
ნოემბრის ბოლოს ჩავედით პარიზში „რაგბი ევროპის“ (რაგბის ევროპული ფედერაცია) გენერალურ ასამბლეაზე, სადაც გვხვდება EPCR-ის (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბი, კომპანია, რომელიც ექსკლუზიურად მართავს ევროპაში საკლუბო ტურნირებს. შემდგომში „ეპსრ“) მხრიდან „რაგბი ევროპასთვის“ გამოგზავნილი შემოთავაზების „ამბავი“, სადაც გვეუბნებიან: „ეპსრმა“ შეიმუშავა „ჩელენჯ ქაფზე“ კვალიფიკაციის სრულიად ახალი ფორმატი, რომლის მიხედვითაც ქართულმა გუნდმა უნდა ითამაშოს საკვალიფიკაციო ტურნირი – ორი თამაში იანვარში, ორი თამაში აპრილში და ორი თამაში მაისში. ამ ტურნირში გამარჯვებული მონაწილეობას იღებს „ჩელენჯ ქაფის“ 2015-2016 წლის გათამაშებაში (სავარაუდოდ ნოეემბერი, დეკემბერი და იანვარი). ამას გვეუბნებიან პირველ თამაშებამდე ერთი თვით ადრე. თან ჩვენ კი არ გვატყობინებენ, არამედ გველაპარაკებიან „რაგბი ევროპის“ მეშვეობით, რომლის პოზიციაც ახლავე მინდა ვთქვა, რომ არის აგრეთვე მკვეთრად ნეგატიური ასეთი დამოკიდებულების გამო.
ის, რასაც „ეპსრ“ აკეთებს, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის არაპროფესიონალური, უპასუხისმგებლო და არაკოლეგიალური დამოკიდებულება. სარაგბო სამყაროში ყველას ესმის, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ვერაფრით ვერ ვიშოვით იმდენ ფულს, რომელიც ეყოფა ამ ექვს თამაშს და ამ ტურნირის მოგების შემთხვევაში 2015 წლის ბოლოს, 2016 წლის დასაწყისში დამატებით კიდევ ექვსი თამაშისთვის საკმარ თანხებს. პრქატიკულად გამოდის, რომ იმ ბიუჯეტს, რომელიც ჩვენ გვქონდა გათვლილი მაქსიმუმ ექვს თამაშზე (დაახლოებით 800 000 ლარი ან ცოტა მეტი), ემატება კიდევ ექვსი თამაში და ბიუჯეტი ორმაგდება. ამაში „ეპსრ“ არც-ერთ თეთრს არ გვაძლევს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წლის ბოლოს, დეკემბერის თვეში, საქართველოში ამ ოდენობის ბიუჯეტის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს თანხა რომც გვეშოვა, იძულებულნი ვიქნებოდით კვლავ შეგვეცვალა საქართველოს ჩემპიონატის ფორმატი – მეორე წრეში, როდესაც გუნდები იბრძვიან პლეიოფებში მოსახვედრად და საპრიზო ადგილებისთვის, შეგვექმნა ორ კვირიანი სამი ფანჯარა. ამით პრაქტიკულად ვანგრევდით ჩემპიონატს და ჩვენს კლუბებს შევუქმნიდით უსერიოზულეს პრობლემებს.
3) „ეპსრმა“ დააფიქსირა, რომ ზამთარ-გაზაფხულის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია გამოვიდეთ „თბილისის კავკასიელების“ სახელით, მაგრამ თუ გავიმარჯვებთ, „ჩელენჯზე“ უკვე კლუბის სახით უნდა წავრსდგეთ, ანუ გამოდის, რომ შეჯიბრს იწყებ ერთი გუნდით (თბილისის კავკასიელები) და გამარჯვების შემთხვევაში უფრო მაღალის რანგის შეჯიბრში უნდა წარსდგე უფრო სუსტი გუნდით.
„ეპსრს“ გადაწყვეტილება არის უამრავი პრობლემის შემცველი, დაუფიქრებელი, ჩვენთან პირდაპირი კომუნიკაციისა და შეთანხმების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ „რაგბი ევროპის“ ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც ეხება და ხელეწიფება ამ საქმეებთან მუშაობა, სრულიად იზიარებს ჩვენს ნეგატიურ პოზიციას და ეს არის ასახული, როგორც პირად საუბრებში, ასევე მათთან ოფიციალურ მიმოწერაში.
ჩვენ რასაკვირველია კონსულტაცია გავიარეთ „მსოფლიო რაგბთან“ (რაგბის საერთაშორისო ფედერაცია) და მათთგანაც სრული გაგება და მხარდაჭერა მივიღეთ.
„რაგბის ევროპის“ გენ-ასამბლეაზე შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაიმართებოდა რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებოდა, რომელსაც ოფიციალურად შევატყობინებდით „რაგბი ევროპას“. გამგეობის სხდომა პარასკევს, 5 დეკემბერს გაიმართა, რომელზედაც ერთხმად დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო აბსოლუტურად შეუძლებელია ამ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება; დაფიქსირდა ნეგატიური დამოკიდებულება „ეპსრს“ მხრიდან მსგავსი მიდგომების გამო. გამოგეობის გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა, რომ მიუხედავად ჩვენი სურვილისა, სამწუხაროდ ვერ ვიღებთ 2015 წლის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას. ასევე გამოითქვა იმედი, რომ „ეპსრ“ „რაგბი ევროპასთან“ ერთად ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდება ამ ტურნირის მკაფიო კონცეფციაზე და ეს გადაწყვეტილება ერთი წლით ადრე მაინც იქნება ცნობილი მონაწილე ქვეყნების რაგბის კავშირებისთვის. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გამგეობა იყო გაფართოებული, რომელსაც ესწრებოდა უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის წარმომადგენელი და გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთხმად. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს არის რეალობა, რომლსაც ჩვენ ვერ გავექცევით.
ამის საპირწონედ, ერთადერთი, რაც 2015 წელს შეიძლება გაკეთდეს, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოვახერხეთ სპონსორის მოძებნა და გარკვეული თანხების მოზიდვა, არის უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის აგვისტოს თვეში, სეზონის წინა მოსამზადებელ პერიოდში წამყვანი ევროპული ლიგების კლუბებთან ამხანაგური თამაშების ჩატარება ევროპაში ან საქართველოში. თუმცა, აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არის 2015, მსოფლიო თასის წელი. ყველა თეთრი არის გაწერილი, ყველა თანხა არის მოთხოვნილი და დამატებითი თანხების მოძიება სუპერ-მძიმე ამოცანა იქნება – თუ, რათქმაუნდა კერძო სექტორმა არ გამოიჩინა კეთილი ნება და არ დაგვეხმარა ამ ამოცანის შესრულებაში.
რაც შეეხება 2016 წლის გათამაშებას, განვმეორდები და ვიტყვი, რომ იმ შემთხვევაში თუ დროულად იქნება შემოთავაზებული და მოწოდებული მკაფიოდ გასაგები კონცეფცია და კალენდარი, საქართველოს რაგბის კავშირი კვლავ იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ბოლოს მინდა თხოვნით მივმართო გულშემატკივრებს, რომ სანამ ინფორმაციას არ ექნება ოფიციალური ხასიათი, ნუ მიიღებენ ზოგიერთ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, როგორც შემდგარ ფაქტს. შეგახსენებთ, რომ გამგეობის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პარასკევს, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ეცნობა „რაგბი ევროპას“ ორშაბათს, ხოლო დღეს, სამშაბათს ჩვენ ვაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას გულშემატკივრებისთვის.
Rugby.GE