სპორტის ნებისმიერ სახეობაში ყოველთვის არსებობდნენ განსხვავებული ადამიანები, რომლებმაც თავისი მიღწევებით თავი არაერთ თაობას დაამახსოვრეს. კალათბურთში ასეთ მოთამაშეთა შორის ერთ-ერთი პირველი მაიკლ ჯორდანია, რომლის პერსონაც ზედმეტ წარდგენას ნამდვილად არ საჭიროებს.
გასაკვირი არ არის, რომ ამ სპორტსმენების ოსტატობის გამო არაერთი მათი კოლეგა და თანაგუნდელი ჩრდილის ქვეშ რჩება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნებას ვერ ახერხებს ან ამ „საუკეთესო სპორტსმენთან“ ბრძოლას აგებს. დღეს სწორედ მსგავს მაგალითებზე ვისაუბრებთ. უკვე ხსენებულ მაიკლ ჯორდანს შევეხებით და იმ კალათბურთელებს გავიხსენებთ, რომლებიც დიდებული 23 ნომერის პერიოდში თამაშობდნენ.
კვამე ბრაუნი
კვამე ბრაუნის კარიერას დიდებულს ნამდვილად ვერ ვუწეოდებთ. ეს კალათბურთელი „ვაშინგტონმა“ 2001 წლის დრაფტზე პირველი პიკით აირჩია. ასეა თუ ისე, შემდგომ მომხდარი კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც სკოლის მოსწავლემ თავი ვერ გამოიჩინა მუდმივი ზეწოლა იყო. რეგულარული „დამცირებებით“ ჯორდანი ბრაუნისთვის მოტივაციის მიცემას ცდილობდა, თუმცა მის ამ ქმედებას შედეგი არ მოჰყოლია. საბოლოოდ, ახალგაზრდა ბიჭმა თავდაჯერებულობა დაკარგა.
პატრიკ იუინგი
იუინგს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ჯორჯ მაიკანის, ბილ რასელისა და ქარიმ აბდულ-ჯაბარის დონის ცენტრებს ადარებდნენ. ამის მიუხედავად, მან ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა და გულშემატკვირებს თავი მხოლოდ ერთ ფინალურ სერიაში თამაშით დაამახსოვრა, რომელშიც მისი გუნდი დამარცხდა.
ჯორდანი მას აჩრდილივით დასდევდა. „ნიქსის“ გზაზე ყოველთვის „ჩიკაგო ბულზი“ ჩნდებოდა, რომელიც ნიუ-იორკელებს ამარცხებდა. ასევე 1982 წელს ჯორდანის სროლამ ბოლო წამს მთელი ჯორჯთაუნი შოკში ჩაადგო. 1991 წელს კი, ლეგენდარულმა მაიკლმა თავისი ერთ-ერთი ცნობილი დანკი შეასრულა. გამოიცანით, ვინ ვერ შეძლო ააღნიშნულ ეპიზოდში მისი გაჩერება… დიახ, ეს სწორედ იუინგი იყო…
ჯონ სტოკტონი
ჯონ სტოკტონის გრძელი კარიერა ლოგიკურად იმით უნდა დასრულებულიყო, რომ ეს უკანასკვნელი პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდებოდა. თუმცა 19-წლიანი შრომის შემდეგ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის სახელი მხოლოდ იმ დიდებული კალათბურთელების სახელებს შორის დარჩა, რომლებმაც ოცნება ვერ აისრულეს. 1997/98 წლების სეზონში ტრიუმფისკენ მიმავალი „იუტა ჯაზი“ სწორედ მაიკლ ჯორდანმა შეაჩერა, რომელიც არავის დანდობას არ აპირებდა.
მაგსი ბოგზი
მაგსი ბოგზი დიდებულ მოთამაშედ არ ითვლება, თუმცა თავის დროზე იგი მაინც ცნობილი იყო. 90-იანი წლების დასაწყისში იგი „შარლოტის“ ახალაგზრდული და ამბიციური გუნდის ერთ-ერთი წევრი გახდა.
1995 წელს „ჰორნეტსი“ პლეიოფში „ბულზს“ შეხვდა. სერიის მეხუთე მატჩის ბოლოს (რომლის დაწყებამდეც ანგარიში 2:2 იყო) „ჩიკაგო“ ერთი ქულით იგებდა. ბოგზი ბურთიანად მეტოქის ნახევარზე გადავიდა, სადაც მას მაიკლ ჯორდანი დახვდა, რომელმაც დაუყვირა: „ისროლე, არაფრის მაქნისო ჯუჯა“.
საბოლოოდ, შესაძლოა, ამის გამო ბოგზმა ის ეპიზოდი იმით დაასრულა, რომ ბურთი ფარს ააცილა. ლიგაში იგი კდიევ შვიდი წლის განმავლობაში იყო, თუმცა თავდაჯერებულაობა მას ნამდვილად აკლდა. როგორც მომავალში თავად მოთამაშემ გაიხსენა, ჯორდანთან მომხდარმა ეპიზოდმა მის კარიერას წერტილი დაუსვა.
შონ კემპი
შონ კემპის კარიერა ალკოჰოლმა, ნარკოტიკებმა და სიზარმაცემ გააფუჭეს, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა, თუ 1996 წელს „სიეტლი“ ფინალში მაიკლ ჯორდანის გუნდს არ შეხვედროდა. მაშინ „სუპერსონიკსმა“ 64 მატჩი მოიგო და ტიტულის მოგებას ნამდვილად იმსახურებდა. თუმცა „ხარების“ შედეგი კიდევ უფრო უკეთესი იყო, გუნდმა 72 მატჩი მოიგო და, საბოლოოდ, გადამწყვეტი სერიის მოგება მეტოქეზე მეტად დაიმსახურა.
ტესტს „სონიკსმა“ ვერ გაუძლო და დამარცხდა, კემპი კი, სულ სხვა გზით წავიდა. შესაძლოა, იგი დღემდე ფიქრობს, თუ რა მოხდებოდა, ყველაფერი სხვაგვარად რომ განვითარებულიყო…
კლაიდ დრეკსერი
„კლაიდი პიკში 1992 წელს იყო, როდესაც „პორტლენდმა“ პლეიოფი წარმატებით დაძლია და ფინალურ სერიაში „ჩიკაგო ბულზს“ შეხვდა. იმ სერიის შედეგის გამოცნობა არც ისე ადვილი საქმე იყო. „პორტლენდს“ ტიტულის მოგების ნამდვილად კარგი შანსი ჰქონდა.
მაიკლი თუ კლაიდი? ვინ იყო საუკეთესო? სერიის პირველივე მატჩში ჯორდანმა ექვსი სამქულიანი ჩააგდო, რითაც ამ კითხვის ავტორებს პასუხი გასცა.
რეჯი მილერი
1991 წელს მილერმა, რომელიც ყოველთვის სკანდალური ინტერვიუებით გამოირჩეოდა, „ჩიკაგოს“ სუსტ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაიკლ ჯორდანს მაღალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს, რამეთუ ასე გუნდის აშენება რთულია.
საკუთარ სიტყვებზე პასუხი მილერმა მხოლოდ შვიდ წელიწადში აგო, როდესაც „ინდიანა პეისერსი“ „ჩიკაგო ბულზს“ დაუპირისპირდა. მაშინ მან თავისი ერთ-ერთი ცნობილი ბურთი ჩააგდო, როდესაც მეოთხე მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ჯორდანს აჯობა და ბურთი კალათში განათავსა. მაშინ მილერის გუნდი მაინც დამარცხდა.
ერთადერთხელ რეჯი ფინალში უკვე ჯორდანის მეორედ წასვლის შემდეგ გავიდა.
გერი პეიტონი
გერი პეიტონის წარმატებული პერიოდი საკმაოდ მოკლე გამოდგა. გამთამაშებელს ვარსკვლავისა და სუპერმოთამაშის სტატუსით ლიგის მოგების შანსი ერთხელ ჰქონდა. 1996 წელს „სუპერსონიკსში“ ცვლილებების შემდეგ პეიტონმა წარმატებას ვერ მიაღწია. საბოლოოდ, იგი მეორეხარისხოვანი მოთამაშე გახდა…
კარლ მელოუნი
მელოუნს ლიგის მოგება ისე სურდა, რომ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გადასვლასაც კი დათანხმდა. ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილი, MVP-ს ორი წოდება, არნახული სტაბილურობა – ეს ყველაფერი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგებას მოუხდებოდა.
1998 წელს „იუტა ჯაზი“ წარმატებასთან ახლოს იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, „ჯეზმენებს“ ხელი ჯორდანმა და კომპანიამ შეუშალეს.
ჩარლზ ბარკლი
„ყოველთვის მეგონა, რომ კალათბურთს უკეთესად ვთამაშობდი. როდესაც ჯორდანმა მოგება დაიწყო, მომეჩვენა, რომ ეს მისი თანაგუნდელების კლასის გამო იყო. მაშინ კოტონ ფიტცსიმონსს ვუთხარი: „წელს ფინალურ სერიაში ვითამაშებთ. დენ მარლი, კევინ ჯონსონი და სხვები… ეს ისაა, რაც მჭირდება. ჩვენ ფინალში ვიქნებით“.
მან მიპასუხა: „კოტონ, ვფიქრობ, ჯორდანზე უკეთესი ვარ“.
პირველი მატჩის წინ ავნერვიულდით. ვერაფერი გამოგვდიოდა. მე ნორმალურად ვითამაშე, თუმცა, ვფიქრობ, სხვები ძალიან ღელავდნენ. და, აი, მეორე მატჩის წინ მე ჩემს ქალიშვილს ვესაუბრები:
– მამა, დღეს თქვენ მოიგებთ?
– საყვარელო, მამაშენი მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია. დღეს ყველას ვაჯობებ
მახსოვს მაშინ 46 თუ 47 ქულა დავაგროვე. მაიკლს კი 52 ჰქონდა…
მე სახლში დავბრუნდი, სადაც ატირებული ქალიშვილი დამხვდა.
– მამა, თქვენ ისევ დამარცხდით
– იცი, ვფიქრობ, მაიკლ ჯორდანი მჯობნის
– მამა, შენ ასე არასდროს გითქვამს
– საყვარელო, აქამდე ასე არ ვფიქრობდი“.
1993 წელს ბარკლი მიხვდა, რომ ჯორდანი მას მოგების გემოს არ აგრძნობინებს და მაშინ ძლიერი თანაგუნდელების ძებნა დაიწყო, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და ტიტულის გარეშე დარჩა.