მუტუ ინდოეთში ითამაშებს

რუმინელი თავდამსხმელი ადრიან მუტუ კარიერას, სავარაუდოდ, ინდოეთში გააგრძელებს.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელი “პუნა სიტისთან” ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მუტუს ჯამაგირი წელიწადში 500 ათასი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ადრიან მუტუ უკანასკნელად რუმინული “პეტროლულის” ღირსებას იცავდა. კარიერის განმავლობაში ფეხბურთელს ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა “ჩელსი”, “ინტერი”, “პარმა”, “იუვენტუსი” და “ფიორენტინა”.

 

მატერაცის ინდოეთში უხმობენ

მილანის “ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ინდოეთიდან შემოთავაზება მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელმა ფეხბურთელმა 2011 წელს ბუცები ლურსმანზე დაკიდა, თუმცა ინდოელები მას კარიერის განახლებას სთავაზობენ.

Times of India-ს თანახმად, “ჩენაი ტაიტენსი” 41 წლის მატერაცის მოთამაშე მწვრთნელის მოვალეობას სთავაზობს. მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

ინდოეთის სუპერლიგაში ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, როგორებიც არიან დავიდ ტრეზეგე, რობერ პირესი და ალესანდრო დელ პიერო.