წლის ტრიუმფატორი – გურამ კაშია!

26 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განვლილი წელი ტრადიციულად, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე – „GFF Awards 2013“ – ზე შეაჯამა.

საზეიმო საღამოს ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის წევრები, საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, სპორტული მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

სფფ-ის ტრადიციულ, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო ფეხბურთელები; ისინი, ვინც 2013 წელს განსაკუთრებულად გამორჩეულები იყვნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, საუკეთესოების გამოსავლენად აზრი პროფესიონალებს ჰკითხა. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

ნომინანტები შემდეგი ოთხი ნომინაციიდან გამოვლინდნენ:

წლის საუკეთესო ახალგაზრდა (21-წლამდე) ფეხბურთელი
ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი
2013 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

გამარჯვებულების გამოვლენამდე, განვლილი წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა შეაჯამეს.

2013 წელი განსაკუთრებულად დატვირთული იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. სფფ-მ არაერთ მაღალი დონის ტურნირს უმასპინძლა. ამ წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდების მოსამზადებლად მოეწყო 60 შეკრება. ჩვენმა ნაკრებმა გუნდებმა 91 ამხანაგური და 36 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს.

რაც შეეხება უშუალოდ დაჯილდოვებას, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი გახდა. ნომინანტები კი,  გიორგი პაპავა და გიორგი ჭანტურია იყვნენ, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო სამეული ასეთია: გამარჯვებული – გიორგი ლორია, II ადგილი – ელგუჯა გრიგალაშვილი, III ადგილი – ჩისკო.

წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი, ისევე, როგორც შარშან, არნემის „ვიტესის“ კაპიტანი – გურამ კაშია გახდა. მეორე-მესამე ადგილებზე კი, ჯაბა კანკავა და ვაკო ყაზაიშვილი გავიდნენ.

სფფ-ის სპეციალური პრიზი – წლის საუკეთესო გუნდი, გია ცეცაძის 19-წლამდე (ახლა უკვე 20-წლამდე) ნაკრები გუნდი გახდა, რომელმაც გასული წლის ივლისში უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

საღამოს კულმინაცია კი, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო. ნომინანტების სამეული ასეთი გახლდათ: გურამ კაშია, გიორგი ლორია და ჯაბა კანკავა.

გამარჯვებული და წლის ნამდვილი ტრიუმფატორი გურამ კაშია გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ამ ტიტულის მოქმედი მფლობელი იყო და 2013 წელსაც დამსახურებულად შეინარჩუნა.

„ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. წელს ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას და იმ პროფესიონალებს – მწვრთნელებსა და კაპიტნებს, ვინც მიიჩნია, რომ მე ამ ჯილდოს ვიმსახურებ. ცოტა მეუხერხულება კიდეც, რადგან ვთვლი, რომ ჩემი ამპლუის ფეხბურთელის ასეთი აღიარება ძალიან ძნელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – განაცხადა 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა.

სფფ-ის პრესსამსახური
ფოტო: სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი