“ჰალ სიტის” გულშემატკივრები პრეზიდენტის უმოქმედობას აპროტესტებენ: “Allam Out”

პრემიერ ლიგამ უკვე აიღო სტარტი, თუმცა, “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია. “ჰალის” გულშემატკივრები ამა და სხვა მიზეზების გამო კლუბის პრეზიდენტის, ასემ ალამის გადაყენებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ “ლესტერთან” სათამაშოდ “ჰალ სიტის” მხოლოდ 13 ფეხბურთელი (პროფეისონალი) არის მზად. ამის მიუხედავად, ეგვიპტელი ალამი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას მაინც არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კლუბი 2014 წლის შემდეგ იყიდება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც “ჰალ სიტის” პრეზიდენტს კლუბის სახელის შეცვლის უფლება არ მისცეს.

“ჰალ სიტი” იყიდება

“ჰალის სიტის” მფლობელ ასემ ალამს კლუბისთვის სახელის გადარქმევა და “ჰალ ტაიგერსის” დარქმევა სურდა, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ეგვიპტელ ბიზნესმენს ამის ნებართვა არ მისცა. ამ აკრძალვის გამო, ალამმა კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა.

“ბოლო პერიოდში უამრავი ჭორი გავრცელდა, ამიტომ გადავწყვიტე პრესკონფერენციის ჩატარება, რათა ყველაფერი აგიხსნათ.
მიმდინარე წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ კლუბს გასაყიდად გავიტანდით, თუ მისთვის “ჰალ ტაიგერსის” დარქმევის უფლებას არ მოგვცემდნენ. ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვეტილება 9 აპრილს გამოიტანა, უკვე 10 აპრილს კი განვაცხადეთ, რომ “ჰალ სიტი” იყიდება. ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილების გასაჩივრების გადაწყვეტილებაც მივიღეთ”, – ციტირებს “ჰალ სიტის” 75 წლის მფლობელის სიტყვებს BBC.