იმერული დერბი და სიურპრიზები ხორავასაგან

მიმდინარე წლის 12 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ”ზესტაფონმა” საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა.

თამაშის დაწყებამდე “ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის წარმომადგენლებმა სპეციალური პრიზი გადასცეს ჯაბა დვალს. საგანგებოდ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, კაპიტანი მარგველთა შემადგენლობაში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული…

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. უკვე მატჩის დებიუტში ჭანტურიშვილი-გვალიას მიერ წამოწყებულ კომბინაციას ჯაბა დვალი აგვირგვინებდა, თუმცა სტუმრები მეკარე გიორგი ბეგაშვილმა გადაარჩინა. შორიდან დარტყმებით სამტრედიელთა კიპერის შეწუხება სცადეს ვახტანგ ჭანტურიშვილმა და მალხაზ გაგოშიძემ, მაგრამ კარის დარაჯი ამ ეპიზოდებშიც საიმედო გახლდათ.

სახიფათო იყო გიორგი ილურიძის დარტყმა, თუმცა “ზესტაფონის” ახალწვეულს სიზუსტე ოდნავ დააკლდა. 35-ე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს – გორგიაშვილი-კვირკველია-ქანთარიას კომბინაცია საჯარიმოს ფარგლებს გარედან შესრულებული ზუსტი დარტყმით გიორგი დათუნაიშვილმა დააგვირგვინა.

ტაიმის მიწურულს, მას შემდეგ რაც მიხეილ სარდალიშვილი სტუმართა საჯარიმოში დავით კვირკველიასთან ორთაბრძოლისას წაიქცა, მასპინძლები თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა ჯენერი ხორავამ თამაშის გაგრძელება ბრძანა…

შესვენების შემდეგ ზესტაფონელები მოედანზე 10 კაცის შემადგენლობით გამოვიდნენ. როგორც გაირკვა, სწორედ შესვენების დროს მატჩის არბიტრს ჯაბა დვალის მოედნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიუღია…

მოვლენათა ასეთი განვითარების მიუხედავად, მასპინძლებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს – ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს გახლდათ ვახტანგ ჭანტურიშვილი, თუმცა მისი დარტყმული სტუმართა კარის ბადეს გარედან მოხვდა.

სტუმრები ბედს სწრაფ კონტრშეტევებში ეძიებდნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შანსი ბიჭიკო გედენიძეს მიეცა – სამტრედიელის დარტყმული ბოიან პავლოვიჩის კარის ძელს მოხვდა…

ამას მასპინძლეთა უფრო გააქტიურება მოჰყვა და ისინი მიზანთან ახლოს ზედიზედ ორჯერ იყვნენ – ჯერ მიხეილ სარდალიშვილის დარტყმული მოხვდა ხარიხას, შემდეგ კი გიორგი ჭანკოტაძის გასროლილიც ხარიხამ აისხლიტა.

ამასობაში მატჩის არბიტრმა დავით აბაშიძეზე მყოფ პუბლიკას კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა. საქმე იმაშია, რომ მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე სამტრედიელ ფეხბურთელს მაისურზე განთავსებული სათამაშო ნომრები გაძვრა და მათ ფაქტიურად უნომროდ უწევდათ ასპარეზობა. რაც შეეხება სტუმართა გუნდის კაპიტან გიორგი მელქაძეს, მისმა მაისურმა უფრო “მძიმე” დაზიანება მიიღო და ფეხბურთელს ამ მაისურის გამოცვლა მოუხდა. გასაკვირი კი ყველაფერში ამაში ის გახლდათ, რომ მელქაძემ, რომელიც მანამდე 19-ნომრით ასპარეზობდა, მატჩი 20-ნომრიანი მაისურით გააგრძელა (!!!)

მატჩის ეპიოლოგში თავის გუნდისათვის ქულის გადარჩენა თავური დარტყმებით თედორე გრიგალაშვილმა და გიორგი ჭანკოტაძემ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. სამტრედიელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური