მილანის “ინტერის” ორმოცამდე ქომაგი გუნდის თავდამსხმელ მაურო იკარდის თავს მაშინ დაესხა, როდესაც არგენტინელი ფეხბურთელი ავტომობილით შინისაკენ მიემართებოდა. გაგულისებული ფანები ფეხბურთელის დაცვის წევრებმა დააშოშმინეს. გარდა ამისა, ტიფოზებმა გუშინდელ მატჩში იკარდის მისამართით შეურაცხმყოფელი ბანერი გამოკიდეს.
მაურო იკარდისა და “ინტერის” ქომაგთა ნაწილს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფეხბურთელმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. იკარდიმ წიგნში “ნერიაძურის” ულტრასები გააკრიტიკა.
“მორიგი მარცხის შემდეგ ფანები თავიანთ სექტორთან მისვლისკენ მოგვიწოდებდნენ. გამბედაობა მე და გუარინს გვეყო. როდესაც იმ სექტორს მივუახლოვდი, ტიფოზებისგან ჩემი მისამართით ყველანაირი შეურაცხყოფა მოვისმინე. იმავე ტრიბუნაზე ერთი ბავშვი იდგა, რომელსაც ჩემი მაისური სურდა. ფორმა გავიხადე და მას გადავუგდე. ბავშვი სიხარულისგან მეცხრე ცას ეწვია და მესიამოვნა, როდესაც იგი ასეთი გახარებული დავინახე, მაგრამ ულტრასების მეთაური გადმოხტა, ბავშვს მაისური წაართვა და უკან გადმომიგდო. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე მათ მიმართ უწმაწური ფრაზების გამოყენება. თავი მაგარი ბიჭები ჰგონიათ? გასახდელ ოთახში გმირად მიმიღეს, ვინაიდან ფანების ლიდერებთან ასეთი საქციელი მანამდე ვერავის გაებედა. მე მათთან ერთი ერთზე შესახვედრადაც მზად ვარ. რამდენი არიან? ორმოცდაათი, ასი, ორასი? კი ბატონო, ჩაიწერეთ, რასაც ახლა ვიტყვი და მოასმენინეთ მათ: არგენტინიდან ას კრიმინალს ჩამოვიყვან, რომლებიც მათ დახოცავენ. მერე ვნახოთ, ვინ ვის”, – წერს ავტობიოგრაფიულ წიგნში იკარდი.
ამ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემის შემდეგ “ინტერის” ფანები მაურო იკარდისთვის გუნდის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევას მოითხოვენ.
“იგი ისე ლაპარაკობს, თითქოს ბავშვებს ეხმარება, ჰყვება ისტორიას, რომელიც არასდროს მომხდარა და თავს გმირად წარმოაჩენს. სწორედ ჩვენ ვიცავთ ბავშვებს ტრიბუნებზე და ეს ყველამ იცის. შენ ჩვენთვის დამთავრებული ხარ. მოიხსენი კაპიტნის სამკლავური, ჯამბაზო. ჩვენ ამას მოვითხოვთ”, – ნათქვამია “ინტერის” ულტრასების განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მაურო იკარდიმ გუშინ, “კალიარისთან” გამართულ მატჩში პენალტი ვერ გამოიყენა და “ინტერმა” საშინაო კედლებში გამართული ეს შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმო. მილანურ გუნდს სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-11 ადგილი უკავია.