“ნიუკასლის” ფეხბურთელები მუშტი-კრივზე გადავიდნენ, გამშველებელ შელვის ყველაზე მეტი მოხვდა

“ნიუკასლ იუნაიტედში” სიტუაცია იმდენადაა არეული, რომ გუნდის ფეხბურთელები ერთმანეთს უკვე მუშტი-კრივს უმართავენ.

“კაჭკაჭთა” ვარჯიშზე კაპიტან ჯამალ ლესელსს ნახევარმცველ მოჰამედ დიამესთვის უთქვამს, შენზე ზარმაცი ფეხბურთელი გუნდში მეორე არ მოიძებნებაო. სენეგალელს ეს შეურაცხყოფა ვერ მოუთმენია და შელაპარაკება მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილა.

თანაგუნდელების დაშოშმინება ჯონჯო შელვიმ ითავა და როგორც ასეთ სიტუაციებში ხდება ხოლმე, გამშველებელს ყველაზე მეტი მოხვდა. ინგლისელმა ხელის თითიც მოიტეხა, მაგრამ “ნიუკასლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა გუნდის ქომაგები დაამშვიდა, როდის იყო შელვის ასეთი ტრავმების ეშინოდა, ის მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად დაგვეხმარებაო.

ინციდენტი 5 ოქტომბერს მოხდა. სწორედ ამ დღეს გააფორმა ლესელსმა კლუბთან ექვსწლიანი კონტრაქტი, ბენიტესმა კი საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულების გამო გუნდის კაპიტნის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

შელვის რასისტულ გამონათქვამში სდებენ ბრალს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “ნიუკასლ იუნაიტედის” ნახევარმცველ ჯონჯო შელვის ბრალი წაუყენა.

ასოციაცია ინგლისელ ნახევარმცველს ჩემპიონშიფის მე-8 ტურში “ვულვერჰემპტონის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიწურულს რასისტული, ეთნიკური და ეროვნული დისკრიმინაციის შემცველი გამონათქვამის გაკეთებაში სდებს ბრალს.

ჯონჯო შელვიმ ამ ბრალდებებს 16 ნოემბრამდე უნდა უპასუხოს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ინგლისელ ნახევარმცველს მინიმუმ ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ჯონჯო შელვი “ნიუკასლში” გადავიდა

ინგლისელი ნახევარმცველი ჯონჯო შელვი “სუონსი სიტიდან” “ნიუკასლ იუნაიტედში” გადავიდა.

23 წლის ფეხბურთელმა “კაჭკაჭებთან” 5-წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად არ გახმაურებულა. თუ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, “ნიუკასლმა” შელვის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.

 

ჯონჯო შელვიმ ბავშვს ოცნება აუხდინა

როდესაც 7 წლის ჰარი ჯეიკობსი “სუონსი სიტის” ნახევარმცველ ჯონჯო შელვის წერილს უგზავნიდა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთელისგან პასუხს მიიღებდა. ჯეიკობსსაც და შელვისაც ერთი დაავადება აწუხებთ — ალოპეცია, რაც თმის საფარველის დაკარგვას ნიშნავს. ინგლისელმა ნახევარმცველმა ბავშვს საპასუხო წერილი გაუგზავნა, სტადიონზე დაპატიჟა და პრემიერლიგის V ტურში “საუთჰემპტონთან” გამართული მატჩის წინ მოედანზეც წაიმძღვარა.

ამ ისტორიის შესახებ უფრო დაწვრილებით აღნიშნული სიუჟეტიდან გაიგებთ.