27 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართა სარაგბო დაპირისპირება ”კავკასიელებსა” და ”როვიგოს” შორის, სადაც გამარჯვება იტალიურ გუნდს დარჩა (21-24). შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი მედიის წინაშე წარსდგა.
ლევან მაისაშვილი: ”ვერ ვიტყვი რომ როვიგომ უკეთესად ითამაშა დღეს, ვიდრე იტალიაში, მაგრამ უარესად ვითამაშეთ ჩვენ, ვიდრე იტალიაში. ბევრი შეცდომა დავუშვით, გაცილებით მეტი შეცდომა ვიდრე იტალიაში. დავმთმეთ სტატიკური ფაზების დიდი ნაწილი, დაცვაში ისეთი შეცდომები დავუშვით, რომ ”როვიგოს” დონის გუნდი არ გვაპატიებდა. ის დავალება, რომელიც გულისხმობდა მეტოქის წნეხში და მაქსიმალურ დისკომფორტში მოქცევას, სამწუხაროდ ვერ შევასრულეთ. აბსოლუტურად უდისციპლინო და არაორგანიზებული დაცვა დავახვედრეთ პირველ ათ წუთში, რის შედეგადაც ის ქულები მოიპოვეს, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ვერ ვიტყვი რომ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ ბიჭები. აქ უფრო მეტად კლასს ექცევა ყურადღება, რომელიც ჩვენს მეტოქეს უფრო მაღალი აღმოაჩნდა, ასევე დისციპლინა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იჩხუბო და ყვითელი ბარათი აიღო, დისციპლინა არის დაკისრებული დავალების პირნათლად შესრულება. დღევანდელი მატჩით დიდი გამოცდილება შევიძინეთ. რა თქმა უნდა საწყენია ამ თამაშის წაგება, გამომდინარე იქიდან რომ შეგვეძლო გამარჯვება, რომ არა ამდენი უაზრო შეცდომა.”
ლევან მაისაშვილის შემდეგ, კომენტარი ”რაგბის კავშირის” პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ გააკეთა.
გია ნიჟარაძე: ”თამაში ლოგიკურად დამთავრდა, უკეთესმა გაიმარჯვა, მაგრამ რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, რადგან მოგება შეგვეძლო, უბრალოდ შეცდომებმა მაინც თავისი შედეგი გამოიღო. წავაგეთ, იმიტომ რომ მეტოქემ გვაჯობა.
ამ ორ რაუნდიანმა გამოცდილებამ, დიდი ბიძგი უნდა მოგვცეს. დავინახეთ , რომ ნაკრების მორაგბეები ბევრად აღემატებიან სხვა მორაგბეებს, ეს კი კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა უნდა შეამჩნიონ და გამოასწორონ. მოდით ვაღიაროთ რომ მაქსიმალისტები ვართ. 2 კვირის შექმნილი გუნდით, გვინდა მოვუგოთ ისეთ გუნდს, რომელსაც ევროპულ ასპარესზე დიდი გამოცდილება აქვს, ძალიან ძნელია. ”როვიგოს” ბიუჯეტი, ზუსტად იმდენია, რამდენიც ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ათივე კლუბის ბიუჯეტის ჯამი.
დიდი მადლობელი ვარ ბიჭების. დავანახეთ ყველას, რომ იტალიურ და არამარტო იტალიურ გუნდებს ძალიან მინიმალურად ჩამოვრჩებით. ამ მატჩით დიდი გამოცდილება მივიღეთ. მომდევნო შესარჩევი ციკლი ერთ წელში გაიმართება ასე რომ ამ ერთი წლის განმავლობაში კარგად გავიაზრებთ შეცდომებს და მომავალ წელს უფრო მომზადებული შევხვდებით მეტოქეს.”
ანდრეა დე როსი: ”ქართული რაგბი ვითარდება, იმსახურებს 6 ერის თასში თამაშს და IRB-ის რეიტინგში, საქართველო იტალიას 1 პოზიციით ჩამორჩება და სხვაობაც ძალიან ცოტაა.
ამდენი მაყურებლის წინაძე თამაში, ჩვენთვისაც სასიამოვნო იყო. ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. მინდა შევაქო ქართველი მორაგბეები, მათ ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო თუ ვინ გაიმარჯვებდა თამაშში. ჩემი გუნდის რამდენიმე მორაგბეს, ”თბილისის თასზე” აქვს ნათამაშები და ნაწილობრივ ვიცოდით ქართველი მორაგბეების სათამაშო ხასიათი.”