ჩემპიონები გზაგასაყარზე

პრიმერას სამოცაათზე მეტი მოთამაშე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. მათ შორის სამი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.

საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა ესპანურმა Marca-მ. ესპანელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სეზონის ბოლოს პრიმერას 73 ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება. თუმცა, თუ მაგალითად “რაიო ვალეკანოს” ფეხბურთელების ბედი ბევრს არ აინტერესებს, ამ 73 ადამიანში ისეთებიც არიან, ვისი ბედიც ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ნამდვილად საინტერესოა.

ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი მადრიდის “რეალის”ფეხბურთელი ჩაბი ალონსოა. ესპანელი ნახევარმცველის კონტრაქტის ამბავი უკვე ნამდვილ ესპანურ სერიალს დაემსგავსა. ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი პრობლემა ალონსოს ფინანსური მოთხოვნებია, რომელზეც ფლორენტინო პერესი თანახმა ჯერ-ჯერობით არ არის. არცერთი მხარი კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს და სიტუაცია გაურკვევლობით არის მოცული. დრო კი გადის…
სიტუაცია იმდენად შევიდა ჩიხში, რომ საქმეში კლუბის სხვა ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ და ალონსოს კლუბში დარჩენას სთხოვენ.
რამოდენიმე წლის წინ ანალოგიური სიტუაცი იყო მამადუ დიარას კონტრაქტთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ მალელმა საყრდენმა “სანტიაგუ ბერნაბეუ” დატოვა.
ალონსოს კლუბში დარჩენის აუცილებლობაზე “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტიც საუბრობს: “ის ძალიან დიდი მოთამაშეა და ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს ასეთი ფეხბურთელის ყოლა გუნდში. იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად დამთავრდება”.

ბურუსითაა მოცული კიდევ ერთი ვარსკვლავი, ვიქტორ ვალდესის მომავალიც. “ბარსელონას” კიპერმა შარშან განაცხადა, რომ “კამპ ნოუს” დატოვებს, თუმცა ზუსტი მისამართი ვალდესს არ მიუთითებია, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ ასეთი უბრალოდ არ არსებობს. ვალდესის გარდა გაურკვეველ მდომარეობაში “ბარსას” კიდევ სამი მოთამაშეა: პინტო, ბარტრა და მონტოია.

კიდევ ერთი საინტერესო თავისუფალი აგენტი მადრიდის “ატლეტიკოში” თამაშობს. გამოცდილი დავიდ ვილიას შრომითი ხელშეკრულებაც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდიდი საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს “ვისენტე კალდერონზე”, თუმცა არ არის მისთვის პირველი მადრიდული სეზონი, უკანასკნელი აღმოჩნდეს.