რევაზ არველაძე: „თანამშრომლობის გარეშე სუპერთასის ჩატარება გაგვიჭირდება“

დღეს, თბილისის მერიაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მორიგი კომენტარი გაკეთდა ფეხბურთის ფედერაციაში. მედიასთან განცხადება სფფ-ის გენერალურმა მდივანმა – რევაზ არველაძემ გააკეთა.

რევაზ არველაძე: „მადლობის მეტი მართლა არაფერი გვეთქმის და დამნაშავეებს ჩვენც არ ვეძებთ. დღეს საღამოს, გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მეც დავესწრები და რაც მომდევნო დღეებში გვექნება გასაკეთებელი, ყველაფერზე შევთანხმდებით. ჩვენ გვესმის, რომ მერია სახელმწიფო ორგანიზაციაა და უფრო მეტი დასაბუთება, უფრო მეტი იურიდიული საფუძველი სჭირდება. დღევანდელი შეხვედრაც და ყველა სამომავლო შეხვედრაც მოემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე ჩავატაროთ სუპერთასი მომავალი წლის აგვისტოში.

რაც შეეხება დედლაინს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. ჩვენ გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ დედლაინი უნდა ყოფილიყო სექტემბრის ბოლოსწინა ან ბოლო კვირა. თუმცა, ეგეც არაა პრობლემა. ჩვენ უეფასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და შევუთანხმებთ, რომ რაღაც-რაღაც ლოგიკური საკითხების გამო, შეიძლება ხელმოწერა რამდენიმე დღით გადაიდოს. მე აბსოლუტურად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ; კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პატივისცემას და თანამშრომლობის სურვილს. ბუნებრივია, ამ თანამშრომლობის გარეშე სუპერთასის ჩატარება გაგვიჭირდება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ურთიერთობაში ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვექნება და თამაშიც მაღალ დონეზე ჩატარდება.“

სფფ-ის პრესსამსახური