„Forbes“-მა მსოფლიოსა და NBA-ს ყველაზე მდიდარი კლუბები დაასახელა

ჟურნალ „Forbes“-ს ვერსიით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ძვირადღებული კლუბი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსია“. კალიფორნიული კლუბი 2,6 მილიარდ დოლარად შეფასდა. ამ მაჩვენებლით „ლეიკერსი“ მსოფლიოს სპორტულ კლუბებს შორის მეექვსეა.

ასევე ათეულში „ნიუ-იორკ ნიქსი“ მოხვდა, რომელმაც მერვე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების ასეულში NBA-დან „ჩიკაგო“, „ბოსტონი“, „კლიპერსი“, „ბრუკლინი“, „გოლდენ სტეიტი“ „ჰიუსტონი“, „მაიამი“ და „დალასი“ მოხვდნენ.

რეიტინგში პირველი ადგილი მადრიდის „რეალმა“ დაიკავა. მეორე ადგილს კი ბეისბოლის კლუბი „ნიუ-იორკ იანკისი“ და ამერიკული ფეხბურთის გუნდი „დალას ქაუბოისი“ იყოფენ.

ლებრონ ჯეიმსის ბრენდი სპორტსმენებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „Forbes“-ის ძვირადღირებული სპორტსმენების ბრენდების რეიტინგში გოლფისტ ტაიგერ ვუდსს გადაუსწრო და პირველ პოზიციაზე დამკვიდრდა.

ჟურნალი 2014 წელს ლებრონის ბრენდის საფასურს სარეკლამო და სხვა კონტრაქტებიდან გამომდინარე აფასებს. ჯამში ჯეიმსის ბრენდის ფასმა 37 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 10 მილიონით მეტია.

საინტერესოა, რომ ხსენებული რეიტინგის მერვე ადგილზე „ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი იმყოფება, რომლის ბრენდიც 2013 წელთან შედარებით 4 მილიონით გაიაფდა და ამჟამად 15 მილიონს შეადგენს.