ედეგორი “არსენალში” მიდის

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ლონდონის “არსენალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსის” ჟურნალისტი პოლ გილმორი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “მეთოფეები” 22 წლის ნორვეგიელ ფეხბურთელს იჯარის წესით აიყვანენ. ინფორმაცია უახლოესი 24 საათის განმავლობაში უნდა დადასტურდეს.

ჟურნალისტის თანახმად, “არსენალის” მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას ედეგორი ძალიან მოსწონს და მას ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებს.

მარტინ ედეგორმა მიმდინარე სეზონში ცხრა არასრული მატჩი ჩაატარა.

ედეგორი “რეალის” დუბლებში ვარჯიშზე უარს ამბობს

მადრიდის “რეალში” მარტინ ედეგორის ინტეგრაციის პროცესი არც ისე მარტივად მიმდინარეობს, როგორც ბევრს ეგონა. 16 წლის თავდამსხმელი დუბლებში ვარჯიშზე უარს ამბობს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კონტრაქტში წერია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კვირაში მინიმუმ ხუთი დღე ძირითად გუნდთან ერთად უნდა ივარჯიშოს. ედეგორი “კასტილიას” (“რეალის” მეორე გუნდი) მხოლოდ მატჩების წინ უერთდება.

“კასტილიას” სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელთან და მის მამასთან რამდენჯერმე გამართა მოლაპარაკება, რათა ედეგორი დაერწმუნებინა, რომ მეორე გუნდის წევრების უკეთესი ურთიერთგაგებისთვის მათთან უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს, თუმცა ნორვეგიელი უარზეა.

“კასტილიას” ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ ედეგორი მეორე გუნდში თამაშისგან თავს არ იწუხებს, ის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსთან ყოფნით არის დაინტერესებული.

“კასტილიას” მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, ბოლო ორ მატჩში ედეგორი სათადარიგოთა შორის დაეტოვებინათ, რადგან ის გუნდურ თამაშში ნაკლებად მონაწილეობს.

 

ედეგორი “რეალში” მიდის

“სტრემსგოდსეტის” შემტევმა ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა გუშინ დილით მადრიდის “რეალის” საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა და კლუბის წამყვან მოთამაშეებს გაეცნო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.

“ასის” ცნობით, “სამეფო კლუბი” ედეგორის სანაცვლოდ “სტრემსგოდსეტს” დაახლოებით 4 მილიონ ევროს გადაუხდის.

ძნელი სავარაუდოა, რომ მადრიდელებმა 16 წლის ფეხბურთელში უფრო მეტი გაიღონ, ვინაიდან ედეგორს მიმდინარე წლის ზაფხულში ამჟამინდელ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ეწურება.

 

მარტინ ედეგორი ბარსელონაში ჩავიდა

ახალგაზრდა ნიჭიერი ნორვეგიელი ფეხბურთელი მარტინ ედეგორი, რომლის მიმართაც წამყვანი ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი, დღეს კატალონიის აეროპორტში შენიშნეს.

კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” წერს, რომ “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა 16 წლის შემტევ ნახევარმცველთან მოლაპარაკებას გამართავს.

სუბისარეტა შეეცდება, ედეგორი დაარწმუნოს იმაში, რომ მისი კარიერისთვის “ბარსელონაში” გადასვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება.

 

რობენი: “ედეგორის შესახებ ზედმეტად ბევრს საუბრობენ”

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი თვლის, რომ პრესა “სტრემსგოდსეტის” შემტევ ნახევარმცველ მარტინ ედეგორს ზედმეტ ყურადღებას უთმობს, რითაც ახალგაზრდა ნორვეგიელ ფეხბურთელს დიდი წნეხის ქვეშ აყენებს. ედეგორს ამა წლის 17 დეკემბერს მხოლოდ 16 წელი უსრულდება. ის უკვე თამაშობს კლუბის ძირითად შემადგენლობაში. გარდა ამისა, ედეგორი 15 წლისა და 300 დღის ასაკში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მონაწილეობით ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უთამაშია.

Robben

მარტინ ედეგორით უკვე დაინტერესდნენ ევროპის წამყვანი კლუბები. ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა “ლივერპულისა” და მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში უკვე ჩაატარა რამდენიმე ვარჯიში, იანვრიდან კი ამსტერდამის “აიაქსში” ივარჯიშებს.

“ედეგორი დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ ის მხოლოდ 15 წლის გახლავთ. მის შესახებ ბევრს საუბრობენ და წერენ, თუმცა მისთვის უმჯობესი იქნება, მშვიდ გარემოში ფეხბურთით ტკბობის საშუალება მიეცეს. ამ ყურადღებით ედეგორი დიდი წნეხის ქვეშ ექცევა”, – რობენის სიტყვები sport1.de-ზე გამოქვეყნდა.

 

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე

ნორვეგიის ნაკრებისა და “სტრემსგოდსეტის” ნახევარმცველი მარტინ ედეგორი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიუღია მონაწილეობა. ედეგორი ნორვეგიისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გუშინ გამართული შეხვედრის 63-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და ახალი რეკორდიც დამყარდა. ის გუშინ მხოლოდ 15 წლისა და 300 დღის გახლდათ.

ცნობისათვის, ნორვეგიის ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.