რობერ პირესმა კარიერა მეორედ დაასრულა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რობერ პირესმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 42 წლის ფეხბურთელი ფეხბურთიდან 2011 წელს წავიდა, თუმცა სამი წლის შემდეგ კარიერა განაახლა და ინდური “გოასთვის” ირჯებოდა.

“დროა, კარიერა დავასრულო და გზა ახალგაზრდებს დავუთმო”, – ციტირებს პირესის სიტყვებს “ლეკიპი”.

თავის დროზე რობერ პირესი “მეცის”, “მარსელის”, “არსენალის”, “ვილიარეალისა” და “ასტონ ვილას” ღირსებას იცავდა. იგი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 1998 წელს მსოფლიოს, ხოლო 2000 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

პირესმა უეფას წლის გუნდი შეადგინა

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ნახევარმცველმა რობერ პირესმა უეფს წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა. ფრანგი ფეხბურთელის მიერ დაკომპელქტებულ გუნდში ყველაზე მეტი “ბარსელონას” წარმომადგენელია.

მეკარე: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”);

მცველები: დავიდ ალაბა (“ბაიერნი”), ტიაგო სილვა (“პარი სენ-ჟერმენი”), ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”), დანი ალვესი (“ბარსელონა”);

ნახევარმცველები: პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), მარკო ვერატი (“პარი სენ-ჟერმენი”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”);

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”).

 

პირესი: “არსენალი” ჩემპიონობას იმსახურებს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი რობერ პირესი მიიჩნევს, რომ “მეთოფეებს” ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

“ჩემი აზრით, “არსენალი” მიმდინარე სეზონში ჩემპიონობას იმსახურებს. ლონდონელები საჩემპიონო ტიტულიდან შორს არ არიან, თუმცა მაინც მგონია, რომ სეზონის ბოლოს იმედგაცრუება გველის”, ციტირებს პირესის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა “მირორი”.

შეგახსენებთ, რომ “არსენალს” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერ “ჩელსისთან” შვიდქულიანი ჩამორჩენა აქვს. გარდა ამისა, “მეთოფეებს” ერთით მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

 

“რობერ პირესი მეტოქე გუნდის თავკაცმა სცემა”

ლონდონის “არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რობერ პირესი, რომელიც ამჟამად ინდური “გოას” ღირსებას იცავს, “ატლეტიკო კოლკატას” ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო ლოპემა სცემა. ამის შესახებ “გოას” თავკაცმა ზიკომ ისაუბრა.

“ძალზედ სერიოზული რამ მოხდა: ჩემმა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა განმიცხადა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სცემა. პირესმა მითხრა, რომ “ატლეტიკო კოლკატას” თავკაცმა მას სახეში გაარტყა. სამარცხვინო ფაქტია. მე იმას ვაცხადებ, რაც თავად პირესმა მითხრა და არა მგონია, რომ ის ტყუოდეს”, – ციტირებს ზიკოს სიტყვებს ფრანგული პრესა.

“გოასა” და “ატლეტიკო კოლკატას” შორის მატჩი გუშინ გაიმართა და სტუმრებმა 2:1 გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ პირესმა საფეხბურთო კარიერის განახლების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღო. ფეხბურთელს დამდეგ ოთხშაბათს 41 წელი შეუსრულდება.