ლონდონის “არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რობერ პირესი, რომელიც ამჟამად ინდური “გოას” ღირსებას იცავს, “ატლეტიკო კოლკატას” ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო ლოპემა სცემა. ამის შესახებ “გოას” თავკაცმა ზიკომ ისაუბრა.
“ძალზედ სერიოზული რამ მოხდა: ჩემმა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა განმიცხადა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სცემა. პირესმა მითხრა, რომ “ატლეტიკო კოლკატას” თავკაცმა მას სახეში გაარტყა. სამარცხვინო ფაქტია. მე იმას ვაცხადებ, რაც თავად პირესმა მითხრა და არა მგონია, რომ ის ტყუოდეს”, – ციტირებს ზიკოს სიტყვებს ფრანგული პრესა.
“გოასა” და “ატლეტიკო კოლკატას” შორის მატჩი გუშინ გაიმართა და სტუმრებმა 2:1 გაიმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ პირესმა საფეხბურთო კარიერის განახლების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღო. ფეხბურთელს დამდეგ ოთხშაბათს 41 წელი შეუსრულდება.