დუდა სანაძის “სან დიეგომ” გასვლითი ტურნის დასრულების შემდეგ საშინაო მატჩი “სეინთ მერისთან” გამართა და იოლი გამარჯვება მოიპოვა. “სენტ მერი” “ვესთ ქოუსთის” დივიზიონში 6 მოგებით მე-3 ადგილზეა, თუმცა სანაძის გუნდს გამარჯვება არ გასჭირვებია – მეტოქე 61:43 გაანადგურა. კალიფორნიელთა გამარჯვებაში ქართველ უკანახაზელს დიდი წვლილი მიუძღვის – სანაძე ბომბარდირი ვერ გახდა, თუმცა სარგებლიანობით თავის გუნდში ერთ-ერთი პირველი იყო.
საქართველოს ნაკრების წევრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 29 წუთი გაატარა. სანაძემ 6-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯრიმო ჩააგდო. მოგროვებულ 14 ქულას დუდამ 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. მატჩი პირდაპირ ეთერში “ESPN”-მა გადასცა და ქართველის ქებული გარჯაც ათიათასობით ამერიკელმა ნახა.
სანდიეგოელთა შორის ბომბარდირი ჯონი დი გახდა 17 ქულით, დენის კრამერმა კი “ტორეროსს” 14 ქულა და 8 მოხსნა შეაშველა. დამარცხებულთაგან ბრედ უალდოუმ 18 ქულა დაგროვა მაგრამ ამით “სეინთ მერის” ვერაფერი უშველა.
სანდიეგოელებმა კონფერენციაში მე-4 გამარჯვება მოიპოვეს და ცხრილში მე-6 ადგილზე მყოფ “პორტლენდს” გაუთანაბრდნენ. მომდევნო 3 მატჩს სანაძის გუნდი შინ ჩაატარებს, რომელთაგანაც პირველს, 15 თებერვალს, ბოლო ადგილზე მყოფ “პასიფიკთან” გამართავს.
gbf.ge