მინი ფეხბურთის ფესტივალის გამარჯვებული “SOS” ბავშვთა სოფლის გუნდი გახდა

2-4 დეკემბერს, თბილისში “მინი ფეხბურთის ფესტივალი” ჩატარდა, რომელშიც რვა საფეხბურთო გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალის მონაწილე პატარა ფეხბურთელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელები, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვები იყვნენ.

მინი-ფეხბურთის სამდღიანი ფესტივალის ფინალი 4 დეკემბერს, ბენდელას სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის „კარიტასისა“ და “SOS” ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები შეხვდნენ ერთმანეთს. “SOS” ბავშვთა სოფლის საფეხბურთო გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

აღნიშნული ფესტივალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისა და ახალგაზრდების ფეხბურთში აქტიურ ჩართულობას ისახავს მიზნად.

გამარჯვებული გუნდი და ვერცხლის პრიზიორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.

წყარო: Gff.Ge

თბილისში დიდი ფეხბურთისა და ფუტსალის პირველი ერთიანი სკოლა იხსნება

თბილისში პირველი დიდი ფეხბრუთისა და ფუტსალის გაერთიანებული სკოლა „იუნიორ გოლდ ბოისი“ იხსნება.

ამჟამად კლუბი საქართველოს უნივერსიტეტის სტადიონზე ვარჯიშობს. როგორც „იუნიორ გოლდ ბოისის“ წარმომადგენლებმა გვაცნობეს, სკოლა ევროპული მეთდების შემოღებას აპირებს.

„ჩაფიქრებული გვაქვს მინი ფეხბურთის სკოლის დაარსება. ასევე გვექნება დიდი ფეხბურთის სკოლაც. ვისაც მინი ფეხბურთს თამაშის სურვილი ექნება, შეუძლია ჩვენთან მოვიდეს. ჩვენ ბავშვებს ხელს ყველანაირად შევუწყობთ“, – განაცხადა საქართველოს ფუტსალის ნაკრების ყოფილმა წევრმა აკაკი ხლაბუსტოვმა, რომელიც სკოლას ხელმძღვანელობს.

ბატონმა აკაკიმ Fanebi.com-ის რამდენიმე კითხვასაც უპასუხა.

– თქვენი სკოლა პირველი იქნება, რომელიც დიდი ფეხბურთისა და ფუტსალის გუნდებს გააერთიანებს. აპირებთ თუ არა რომელიმე ტურნირზე გამოსვლას?

– დიდ ფეხბურთში ვაპირებთ. სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვთა მინი ფეხბურთის ჩემპიონატი არ არსებობს.

– სკოლა ევროპული მეთოდების შემოღებას აპირებს. დაწვრილებით გვიამბეთ მათ შესახებ...

– ევროპულ სკოლებში ძალიან დიდ ყურადღებას სამომავლო საქმეს უთმობენ და შედეგიც მოდის. ჯერ ნოლიდან ვიწყებთ და წინასწარ რაიმის თქმა რთულია.

– სკოლაში როგორც დიდების, ასევე პატარების გუნდი იქნება. საინტერესოა, რა ასაკიდან შეეძლებათ მსურველებს თქვენს კლუბში მისვლა

– მსურველებს ექვსი წლიდან მივიღებთ

– გეგმავთ თუ არა სინჯებს?

– აუცილებლად. მთავარია, ბავშვს უნდოდეს და მონდომებული იყოს, ასევე უყვარდეს ფეხბურთი. სინჯების დაწყებას ახალი წლის შემდეგ ვგეგმავთ.

– ბავშვთა მშობელთათვის, ამ შემთხვევაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი თემა გადასახადია. რამდენს შეადგენს თქვენს აკადემიაში სწავლის საფასური?

– პატარებში 40 ლარი. გვაქვს როგორც ღია, ასევე დახურული მოედანი. ასევე შექმნილია ყველანაირი პირობა, რომ ბავშვი გაიხსნას.

– თანამშრომლობთ თუ არა რომელიმე უცხოურ სკოლასთან?

– ურთიერთობა გვაქვს ევროპაში მომუშავე სელექციონერებთან და თუ ბავშვი მართლა ძალიან გამორჩეული იქნება, მას უმაღლესი რანგის სპორტულ სკოლაში აუცილებლად გავუშვებთ. საქართველოში „საბურთალოსთან“ ვურთიერთბთ, რომელსაც დღესდღეობით ყველაზე ძლიერი სკოლა ჰყავს.