სეზონის პირველი ოვერტაიმი

ხალი სეზონის დაწყებასთან ერთად სუპერლიგის საიტზე განახლდა რუბრიკა ,,ოვერტაიმი’’, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე კალათბურთელებს უფრო ახლოს გაგაცნობთ. რუბრიკის პირველი სტუმრები ,,ოლიმპის’’ ლიდერები – ნუგო აბულაძე და ნოდო გოგოძე არიან.

წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში ,,ოლიმპი’’ ახალი მწვრთნელით და შეცვლილი შემადგნელობით იასპარეზებს. სუპერლიგაში ეს ყველაზე ახალგაზრდული გუნდია და დუდუ დადიანის მემორიალის და ჩემპიონატის პირველი 2 ტურის შემდეგ საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ,,ოლიმპმა’’ ,,სოხუმი’’ 98:75 დაამარცხა. თამაშის დასრულების შემდეგ სპორტკომპლექს ,,არენაში’’ გუნდის ახალგაზრდა კაპიტან ნუგო აბულაძეს და ასევე ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდა კალათბურთელს – ნოდო გოგოძეს ვესაუბრეთ.

 

  1. 1.    როგორ შეხვდა ,,ოლიმპი’’ ახალი სეზონის დაწყებას?

ნოდო: წინა სეზონთან შედარებით გუნდი მთლიანად შეიცვალა, შარშანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეა დარჩენილი. წელს უფრო ახალგაზრდული გუნდი ვართ, საკმაოდ სერიოზულად ვემზადებით სექტემბრიდან, ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევხვდით სეზონის დაწყებას. ,,სოხუმთან’’ მეორე ტურში პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ და ამან კიდევ უფრო დიდი სტიმული მოგვცა.

ნუგო: 2 თვეა, რაც შევიკრიბეთ და მართლა ძალიან ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. როგორც ნოდომ აღნიშნა, პირველი გამარჯვება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, საკმაოდ გამოცდილი და კარგი გუნდი დავამარცხეთ, თანაც, დიდი სხვაობით. ასევე ძალიან ძლიერ გუნდებთან დუდუ დადიანის მემორიალზე და სუპერლიგის პირველ ტურში ბოლო წუთებზე წავაგეთ. ახალგაზრდული გუნდი ვართ, ჩვენი პლიუსი სწრაფი თამაშია, მართალია, ბევრ შეცდომას ვუშვებთ, თუმცა მოწინააღმდეგესაც ბევრ შეცდომას ვაშვებინებთ და, როგორც ამბობენ, უხერხული მეტოქე ვართ. ეს ძალიან გვიხარია.

 

  1. 2.    როგორი ატმოსფეროა გუნდში? მოედნის გარეთ თუ მეგობრობთ?

ნუგო: ბიჭები ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აქამდე არავინ ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როგორც ,,ოლიმპში’’ ვართ. ყველა ვმეგობრობთ, დროის ძალიან დიდ ნაწილს ვატარებთ ერთად და ეს გვეხმარება, ამასთან ერთად მოდის მოგება და წარმატება.

ნოდო: გუნდური თამაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა მოედანს გარეთ მეგობრობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ამის გარეშე არაფერი გამოვა. ამ მხრივ ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა, შეკრული გუნდი ვართ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

 

  1. 3.    რა მოლოდინები და ამბიციები აქვს სუპერლიგაში ,,ოლიმპს?’’

ნუგო: მე და ნოდო უკანახაზელები ვართ, ,,რუსთავთანაც’’ და ,,ქუთაისთანაც’’ გადამწყვეტ მომენტში ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის გამო წავაგეთ, ,,სოხუმთან’’ ბოლო ტურში ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ის ბავშვური შეცდომები არ გავიმეორეთ, ლიდერობა თავიდანვე მოვიპოვეთ და ბოლომდე შევინარჩუნეთ. ვფიქრობ, ასე თუ გავაგრძელებთ, უფრო და უფრო კარგ შედეგს ვაჩვენებთ. თუ იანვრის შემდეგ გუნდებმა ლეგიონერები არ ჩამოიყვანეს, შეგვიძლია ოთხეულისთვის ვითამაშოთ და ვიბრძოლოთ ისე, რომ ყველას გაუჭირდება ჩვენთან თამაში.

ნოდო: ჩემპიონატის რამდენიმე ფავორიტ გუნდს ვეთამაშეთ – ,,დინამოს’’, ,,რუსთავს’’, ,,ქუთაისს’’… ,,დინამოსთან’’ მემორიალზე უშანსოდ წავაგეთ, მაგრამ დანარჩენ გუნდებთან დაძაბული თამაშები გვქონდა და გამოჩნდა ჩვენი შესაძლებლობები. თუ ლეგიონრებით არ გაძლიერდებიან სხვა გუნდები, ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით და მოგების პრეტენზიაც გვექნება, ასე რომ , შესაძლოა საკმაოდ მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოლოთ.

  1. 4.    რამდენად ბევრს ნიშნავს ახალგაზრდა მოთამაშისთვის სუპერლიგაში თამაში?

ნუგო: დუდუ დადიანის მემორიალზეც და სუპერლიგის პირველ ტურშიც გამოცდილების ნაკლებობის გამო წავაგეთ. თუმცა, ნელ-ნელა მოვუმატებთ. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა გამყრელიძის, ფაშაევის და ასეთი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაში, ეს დიდი სტიმულს მაძლევს და უფრო მონდომებული ვარ. გამოცდილების ხარჯზე ხშირად ისეთ რამეს აკეთებენ, რასაც მე ჯერ ვერ ვფიქრობ. თამაშის ვიდეონალიზს ვაკეთებთ ხოლმე და ვაკვირდებით ამ ყველაფერს, მათგან ბევრს ვსწავლობ ჯერ მოედანზე და შემდეგ ჩანაწერის ყურებისას.

ნოდო: ჩვენთვის ისეთი მოთამაშეების წინააღმდეგ ასპარეზობა, როგორებიც ლეჟავა, გამყრელიძე და სხვები არიან, ბევრს ნიშნავს. ეროვნულ ნაკრებში აქვთ ნათამაშები, კარგი კარიერა აქვთ და მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

 

  1. 5.    რამდენიმე დღეში 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. წინასწარ თუ შეგიძლიათ გუნდის მიზნებზე საუბარი?

ნუგო: გუნდში ნაკრების სავარაუდო კანდიდატები მრავლად გვყავს, 2 მაღალი მოთამაშე, პულუზაშვილი და გამრეკლიძე, რომლებიც ნაკრებში უნდა იყვნენ, ასევე ჩვენთან არიან. ნამდვილად ძლიერი გუნდი ვართ და თავიდანვე შემიძლია ვთქვა, რომ აქცენტს ჩემპიონობაზე ვაკეთებთ. ვემზადებით აქტიურად და ვნახოთ, რა გამოვა.

 

  1. 6.    რას იტყვით 20-წლამდელთა ნაკრების გამოსვლაზე ევროპის ჩემპიონატის ‘’ბ’’ დივიზიონში?

ნოდო: ნაკრებს რამდენიმე ძლიერი მოთამაშე არ ჰყავდა, ზოგი ტრავმის, ზოგი დისკვალიფიკაციის გამო. ამანაც იქონია შედეგზე გავლენა. ყველა რომ ვყოფილიყავით, ალბათ, უკეთესად ვიასპარეზებდით.

ნუგო:  ნაკრებში ისეთი სიტუაცია რომ ყოფილიყო, როგორიც დღეს ჩვენს გუნდშია და  ასეთი კალათბურთი რომ გვეთამაშა, დარწმუნებული ვარ, ბევრს მივაღწევდით. ეს ყველაფერი მწვრთნელების ტაქტიკასა და მიდგომაზეა დამოკიდებული. სწორედ ამის დამტკიცება გვინდა ,,ოლიმპს’’, რომ ახალგაზრდებს ბევრი შეგვიძლია. ხშირად ლაპარაკობენ, რომ კალათბურთს მომავალი არ აქვს, თუმცა ეს ასე არ არის. მთავარი ტაქტიკა, სწორი მიდგომა და ბიჭებს შორის ურთიერთობაა. ეს ყველაფერი კი მენეჯმენტიდან და სამწვრთნელო შტაბიდან მოდის.

 

  1. 7.    როდის დაიწყეთ კალათბურთის თამაში? მოგვიყევით თქვენი კარიერის შესახებ.

ნუგო: ბავშვობაში ფეხბურთელობა მინდოდა, დელ პიეროს ფანი ვიყავი და კალათბურთის პირველ ვარჯიშზეც მისი ფორმით მივედი ზურაბ სამხარაძესთან, რომელიც მამაჩემის მწვრთნელი იყო. კალათბურთი პირველივე ვარჯიშიდან ძალიან შემიყვარდა. მანამდე მამაჩემს დავყვებოდი ხოლმე თამაშებზე და მამას, რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენა. 7 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე. 13 წლის ასაკიში დავით თორთლაძესთან გადავედი და მასთან ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ძალიან ბევრი ვისწავლე მისგან, ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან გამაძლიერა. ესპანეთშიც ვიყავი და წელს ,,ოლიმპში’’ ვარ. ვნახოთ, მომავალში რა იქნება, შემოთავაზებები მაქვს და იმედია, მოვახერხებ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას.

ნოდო: კალათბურთს 7 წლიდან ვთამაშობ, ვარჯიში ქუთაისში დავიწყე მალხაზ კოხრეიძესთან, მასთან ავთანდილ აფრიდონიძემ მიმიყვანა. ძალიან ბევრი კარგი მწვრთნელი მყავდა, მათ შორის იყო გელა დარსაძეც, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. 12 წლის რომ ვიყავი, 1 წლით დავანებე კალათბურთს თავი, თუმცა როცა დავბრუნდი, მივხვდი, რომ ეს აღარ უნდა მომხდარიყო და იმის მერე ვთამაშობ. ბევრი გუნდი და მწვრთნელი გამოვიცვალე და მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, სათითაოდ ყველაზე ვერ ვისაუბრებ, არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

 

  1. 8.    რომელი იყო თქვენთვის ემოციურად ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში?

ნუგო: ჩემთვის ნაკრებში პირველი წელი იყო, როცა 16-წლამდელები მაკედონიას ვეთამაშებოდით მათ მოედანზე. ძალიან რთული თამაში იყო, ოვერტაიმი ვითამაშეთ, გადამწყვეტი ბურთი ჩავაგდე და მოვიგეთ. ეს გამარჯვება დღემდე გამორჩეულად მახსოვს. წაგებებიდან ყველაზე ცუდად წელს უკრაინასთან დამარცხება მახსენდება. ბოლო 6 წამში საოცარი ბურთი ჩაგვიგდეს და მოგვიგეს.

ნოდო: ყველაზე მეტად განვიცადე 20-წლამდელთა ფინალში წაგება ,,სოხუმთან’’. ძალიან კარგი გუნდი ვიყავით, კარგი სეზონი გვქონდა, ყველა გუნდს დიდი სხვაობით ვუგებდით, ფინალში არ ვიცი, რა დაგვემართა, სერია 2:0 წავაგეთ და ეს დღემდე ყველაზე ცუდად მახსენდება.

 

  1. 9.    რაიმე განსაკუთრებული წესი ხომ არ გაქვთ თამაშისთვის მოსამზადებლად?

ნუგო: ამას წესს ვერ დავარქმევ, უბრალოდ თამაშის წინა დღეს ვარჯიში გვაქვს დილის 7 საათზე J

ნოდო: წინა დღეს აუცილებლად ვუყურებთ როგორც ჩვენს, ისე მოწინააღმდეგის თამაშის ვიდეოს, განვიხილავთ შეცდომებს და ტაქტიკას ვარჩევთ.

 

1   რა სირთულეები არსებობს სპორტსმენის ცხოვრებაში?

ნუგო: ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ სისხლის დაავადება დამემართა და 1 წელი არ მითამაშია, მაშინ 16 წლის ვიყავი. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე იყო. ტრავმის გადატანა სპორტსმენისთვის ყველაზე მძიმეა. ჩვენს გუნდში ყველა რეჟიმშია, დღეგამოშვებით ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს – დილით და საღამოს, ჩვენმა ფიზიკურის ტრენერმა ყველას ინდივიდუალური კვების რეჟიმი შეგვირჩია. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ სწორედ რეჟიმის დაცვის შემდეგ მოდის უტრავმობა. ჩვენთან მხოლოდ ტომარაძეებს აწუხებთ წელი, თუმცა ,,სოხუმთან’’ ორივემ ითამაშა და გამოჩნდა, გუნდისთვის ორივე რამხელა ძალაა. იმედია, სეზონის განმავლობაში ტრავმები არ შეგვაწუხებს.

ნოდო: შარშან თასის თამაშზე მხარი ამოვიგდე და დიდხანს ვეღარ ვვარჯიშობდი, არადა რამდენიმე დღეში ‘’ოლ სტარზე’’ 3-ქულიანების კონკურსზე უნდა გავსულიყავი. ტრავმის გადატანა, მითუმეტეს, სერიოზული ტრავმის, საკმაოდ რთულია, თუმცა ეს იმის სტიმულსაც გაძლევს, რომ უკეთეს ფორმაში დაბრუნდე და უკეთ ითამაშო.

 

1   რომელია თქვენი ოცნების გუნდი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ნუგო: კალათბურთში ნამდვილად არ მყავს ოცნების გუნდი, ,,გოლდენ სტეიტს’’ ვგულშემატკივრობ სტეფან კარის გამო. შორეულ გეგმებზე ბევრს არ ვფიქრობ, მთლიანად ამ სეზონზე ვარ კონცენტრირებული, მინდა, 20-წლამდელთა ჩემპიონები გავხდეთ და სუპერლიგაში რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ. შემოთავაზებები მაქვს, შარშანაც ვაპირებდი წასვლას, თუმცა რაღაც მიზეზების გამო არ გამომივიდა. ახლაც მაქვს ‘’NCAA’’-ის პირველი დივიზიონის გუნდებში წასვლის შანსი, ვნახოთ, მომავალ წელს რა გამოვა. კალათბურთის გარდა, ვსწავლობ ‘’ჯიპას’’ სამართლის სკოლაში და მინდა, ამ მხრივაც მივაღწიო წარმატებას.

ნოდო: ოცნების გუნდი ‘’ლეიკერსია’’, პირველი თამაში, რომელსაც ვუყურე, ,,ლეიკერსი’’ – ,,დეტროიტის’’ ფინალური დაპირისპირება იყო, კობის თამაშით მოვიხიბლე და მას შემდეგ ჩემი საყვარელი კალათბურთელია. მის გვერდით თამაში ყველაზე სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა ეს არამგონია ოდესმე მოხდეს. დაგეგმილი ჯერ არაფერი მაქვს, კალათბურთთან ერთად სწავლასაც დიდ ყურადღებას ვუთმობ. სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამეკურსელი ვარ. გუნდში ბევრი სტუდენტი ვართ და ვარჯიშების გრაფიკით გუნდი ძალიან გვეხმარება.

 

1   რა პრობლემებს ხედავთ ქართულ კალათბურთში?

ნუგო: ბევრი პრობლემა არსებობს, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ერთადერთი გამთბარი დარბაზი სპორტის სასახლეა, სხვაგან ისეთი პირობებია, უბრალოდ შეუძლებელია თამაში. ამას გარდა, თამაშების ნაკლებობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. გამოცდილების მისაღებად აუცილებელია ბევრი მატჩის ჩატარება.  14 თამაში (პლიუს პლეი ოფები) არაფერი არ არის, კარგ საკალათბურთო ქვეყნებში ამდენ მატჩს ალბათ 2 თვეში ატარებენ. ფაქტობრივად, მხოლოდ ვარჯიშობ და კვირაში 1 თამაშს ატარებ, ამით საკმარის გამოცდილებას ვერ მიიღებ. ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია უცხოეთში ხშირი გასვლები, ამ მხრივ ,,ოლიმპში’’ კარგი სიტუაციაა, ზამთარში ვაპირებთ 20-წლამდელთა გუნდი ერთ-ერთი ტურნირში მონაწილეობას, კარგი იქნება, სხვა გუნდებიც თუ გააკეთებენ ამას. სუპერლიგას მე-3 წრე თუ დაემატება, ეს დიდი პლიუსი იქნება. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, წელსაც, როგორც ვიცით, რეგიონების გუნდებმა ჩამოსვლის ხარჯების გამო თამაშების რაოდენობის გაზრდაზე უარი თქვეს. გუნდებისთვის ეს ძალიან რთულია და მეტი ბიუჯეტია საჭირო.

ნოდო: როცა გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშობ, თითოეული მატჩი ძალიან ბევრს გაძლევს, ამიტომ მეტი თამაშია საჭირო. ეს ფინანსების პრობლემაა. როგორც ვიცით, აპირებდნენ 3 ან 4 ტურად ჩატარებას, მაგრამ ზოგიერთმა გუნდმა უარი განაცხადა.

 

1      რა რჩევებს მისცემთ დამწყებ კალათბურთელებს?

ნუგო: ჩემს თამაშს არ უყურონ და უფრო ჭკვიანურად ითამაშონ J J უყურონ კრის პოლს, ტონი პარკერს და ასეთი კალათბურთელებისგან მაგალითი აიღონ.

ნოდო: თამაშებს აუცილებლად უნდა უყურონ, ასე ბევრს რამეს სხვანაირად დაინახავენ. ვურჩევდი, სწავლას თავი არ დაანებონ, ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი გაუნათლებელი სპორტსმენების შესახებ, ამიტომ მხოლოდ კალათბურთზე არ იფიქრონ J პირველ რიგში, უნდა იყვნენ მონდომებულები და ასე ყველაფერს მიაღწევენ.

ნუგო: მონდომება და მოტივაციაც გუნდზე არის დამოკიდებული. ჩვენ ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი – დარბაზი, ბასეინი, ტრენაჟორები… როგორც ჩვენთვის უკეთესი იქნება, ისე არის გუნდში ყველაფერი. ამიტომ ვართ ძალიან მონდომებულები. დიდი პლიუსია, როცა გუნდი მსგავს პირობებს გიქმნის.

superleague.ge