ტელმო სარას ქალიშვილი: „მესის მამაჩემის რეკორდი არ დაუმყარებია“

ლა ლიგას ისტორიაში ყოფილი საუკეთესო ბომბარდირის ტელმო სარას ქალიშვილის აზრით, „ბარსელონას“ ლიდერს ლიონელ მესის გასული კვირის ბოლოს მამამისის რეკორდი არ დაუმყარებია.

შაბათს მესიმ „სევილიასთან“ მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა და ესპანეთის პირველობის ისტორიაში გოლების რაოდენობით სარას გაუსწრო, რომელიც 1940 წლიდან 1955 წლამდე ბილბაოს „ატლეტიკში“ თამაშობდა.

„მამაჩემის რეკორდი მხოლოდ მაშინ გაუმჯობესდება, როდესაც ვინმე 267 მატჩში 251 გოლს გაიტანს. მესის ამისთვის 280 შეხვედრა დასჭირდა.

თანაც, მამაჩემის გამოსვლების ზუსტი სტატისტიკა არ გაგვაჩნია. მესიმ ამ შედეგს თავისი ნიჭის წყალობით მიაღწია, თუმცა მან თორმეტ შეხვედრაზე მეტი ჩაატარა. დიახ, მას ახლა მეტი გოლი აქვს, თუმცა, ვფიქრობ, მედია შეცდა, როდესაც აღნიშნა, რომ ლიონელმა რეკორდი დაამყარა.

ყველა ფეხბურთელს თავისი სტილი გააჩნია, მაგრამ მამა დიდებული ფორვარდი იყო. მას მოედანზე ფიქრი კარგად გამოსდიოდა, იგი ჩინებული ტექნიკის პატრონი იყო“, – განაცხადა კარმენ სარამ.

დავამატებთ, რომ კარმენის აზრით, მამამისის რეკორდის გაუმჯობესება მხოლოდ კრიშტიანუ როპნალდუს შეუძლია, რომელმაც ლა ლიგის 176 მატჩში მეტოქეთა კარი 197-ჯერ აიღო.