Fanebi.com-ი თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ შორის საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის მატჩისშემდგომ კომენტარებს გთავაზობთ.
„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს ბრძოლისათვის, მათ, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. მადლობა გულშემატკივარსაც, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.
რაც შეეხება თამაშს, ბურთს, რა თქმა უნდა, „დინამო ფლობდა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და თამაშის აგებას კონტრშეტევაზე ვაპირებდით. ასეც მოხდა და ლოგიკური შედეგიც მივიღეთ. ბურთის ფლობაში შედეგის დათმობას არ ვგულისხმობ, პირიქით, ჩვენი მიზანი კონტრშეტევებზე თამაში იყო და მას ბიჭებმა თავი კარგად გაართვეს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა „გურიას“ დამრიგებელმა თემურ ლორიამ.
„გვქონდა მომენტები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, იმედგაცრუებულები ვართ. ალბათ, ძალების აღდგენა მთლიანად ვერ მოვახერხეთ. ამ მოკლე პერიოდში გუნდმა ოთხი მატჩი ჩაატარა, აქედან ორი გასვლაზე. წინა შეხვედრებთან შედარებით, სათანადო ფიზიკური კონდიციები გვაკლდა. წელს ჩემპიონატის ბოლო თამაში „ჩიხურასთან“ გასვლაზე გვაქვს, ვეცდებით, იქ წარმატებით გამოვიდეთ“, – განაცხადა „დინამოს“ თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა.