გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელების საქციელი, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ატირა (ვიდეო)

2 დეკემბერს, რუმინეთის თასზე, რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე “მიოვენიმ” საკუთარ მოედანზე გიორგი ჭანტურიას “კლუჟს” უმასპინძლა.

62-ე წუთამდე, მასპინძლები მეტოქეს 3:0-ს ამარცხებდნენ, თუმცა 62-ე წუთზე სტუმართა გუნდის ფრანგმა თავდამსხმელმა გრეგორი ტადემ პენალტით ანგარიში ორამდე შეამცირა. 69-ე წუთზე სხვაობა ერთამდე ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ დაიყვანა. ამის შემდეგ კი მოედანზე მართლაც უსიამოვნო რამ მოხდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ “მიოვენის” ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო, მისმა თანაგუნდელმა კი ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადაგზავნა. ფეირ-ფლეის პრინციპების თანახმად, “კლუჟის” მოთამაშეებს ბურთი მასპინძლებისთვის უნდა დაებრუნებინათ, თუმცა ისინი ასე არ მოიქცნენ და რაც ყველაზე საინტერესოა, 88-ე წუთზე შეტევა გოლით დაასრულეს და ანგარიში გაათანაბრეს.

შეხვედრის დამატებით წუთებზე, საქმე იქამდე მივიდა, რომ “კლუჟმა” კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ ანგარიშით 3:4 გაიმარჯვა.