“კანტუს” გამარჯვება ევროთასზე და შერმადინის საუკეთესო მოთამაშის ტიტული

იტალიური „კანტუს“ ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინს მხოლოდ 19 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ „ვილერბანთან“ ევროთასის შეხვედრაში საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. იტალიურმა კლუბმა ევროთასზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ქართველ ლეგიონერს ლომის წილი მიუძღვის. კანტუელებმა ფრანგული კლუბი 79:69 დაამარცხეს.

მართალია, შერმადინის სტატისტიკა შთამბეჭდავი არ ყოფილა, თუმცა მეტად აკურატული თამაშის წყალობით ქართველ ლეგიონერს კანტუელთაგან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციციენტი დაუგროვდა – 19.

შერმადინმა მოედანზე 18:53 წუთი გაატარა და 6 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ გიორგის შეცდომა არ დაუშვია, 2-ვე ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთადერთი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ფრანგულ გუნდში საუკეთესო საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ტორინ გრინი იყო. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა უკანახაზელმა 34:24 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მან 3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო გამოიყენა, მეტოქეებს კი თამაშის წესების დარღვევა ერთბაშად 8-ჯერ აიძულა.

“ფოქსთაუნ კანტუმ” 3 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და B ჯგუფში იმავე “ვილერბანთან” ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოს. ცნობისთვის, შემდეგ ეტაპზე ჯგუფის საუკეთესო ოთხეული გავა, ფრანგებთან თანასწორობის შემთხვევაში კი, უპირატესობა იტალიელთა მხარეს იქნება, რადგანაც სტუმრად მხოლოდ 8 ქულით აქვთ წაგებული.

შერმადინის კლუბს ევროთასზე მომდევნო მატჩი 10 დეკემბერს შინ, “დიჟონთან” აქვს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატი გახდება.

GBF.GE