საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული „ვოლინის“ ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ხარკოვის „მეტალისტთან“ ანგარიშით 1:2 წაგებულ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მან გოლი გაიტანა. გარდა ამისა, უკრაინული კლუბის ქართველმა ლეგიონერმა პირველ წრეში თავისი გუნდის გამოსვლაც შეაფასა.
„თუ გუნდის თამაშს შევაფასებთ, ვფიქრობ, პირველი წრე ცუდი არ იყო. რა თქმა უნდა, ბევრი ის ქულა დავკარგეთ, რომლის გადარჩენა შეგვეძლო. თუმცა, ვფიქრობ, პირველი წრე დამსახურებულ ადგილზე დავასრულეთ („ვოლინმა“, პირველი წრის შედეგად, მე-7 ადგილი დაიკავა – ავტ.). მეოთხე ადგილზე გასვლაც კი შეგვეძლო.
„მეტალისტთან“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ მოგებას ვიმსახურებდით. მსაჯობის განხილვა არ მსურს. ყველამ დაინახა, თუ რა ხდებოდა. სჯობს, საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. მე მხოლოდ თამაშზე ვისაუბრებ.
ჩემი თვალსაზრისით, პირველი ტაიმი ღირსეულად ჩავატარეთ, ხოლო მეორეში მოვდუნდით. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა წავაგეთ და მეშვიდე ადგილზე ამის გამო აღვმოჩნდით. მეორე ტაიმში უკან დავიხიეთ, სჯობდა, შეგვეტია. ამის გამო ორი გოლი მივიღეთ“.
კობახიძემ იმ გულშემატკივრებზე ისაუბრა, რომლებიც მატჩის ბოლოს მოედანზე შევარდნენ.
„ქომაგები სტადიონზე მოდიან და მხარს გვიჭერენ. ხალხს უსამართლობა არ უყვარს. მე არაფრის თქმა მინდა, უბრალოდ, მათაც უნდა გაუგოთ. ის, რაც მოხდა, ლამაზი არ იყო, ხალხს თავის შეკავება არ შეუძლია“.
გულშემატკივრები მოედანზე მას შემდეგ შევიდნენ, რაც მთავარმა მსაჯმა დიმიტრი კუტაკოვმა მეტოქის საჯარიმოსთან კობახიძის წაქცევისთვის საჯარიმო დარტყმა არ დანიშნა.
„დიახ, ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. ამ დარღვევის შედეგად, მსაჯს მეტოქისთვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეცა. ზოგადად, ბევრი ეპიზოდი ძალიან საკამათო გამოდგა“, – აღნიშნა „ვოლინის“ შემტევმა ნახევარმცველმა.