თბილისის ჩემპიონი 13-წლამდელთა შორის “დინამო” გახდა

დასრულდა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მიერ ორგანიზებული ტურნირი 13 წლამდელთა შორის. დედაქალაქის ჩემპიონი გახდა საკალათბურთო კლუბი „დინამო“. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა დინამოელებმა თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ფინალში „აკადემია“ დამაჯერებლად დაამარცხეს და დედაქალაქის უძლიერესი გუნდის ტიტული მოიპოვეს.

საჩემპიონო მატჩი ვერ გამოდგა ისეთი, ფინალს რომ შეეფერება. დინამოელებმა საკმაოდ იოლად – 112:67 დაამარცხეს „აკადემია“. მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ. ჰიუნდაელებს საჩემპიონო ამბიციები ჰქონდათ და მათთვის მესამე ადგილი დიდი შვება ვერ იქნებოდა, თუმცა ლაშა თოიძისა და ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩს მაინც სერიოზულად მიუდგა და „ოლიმპის“ ძლევით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ტურნირზე დაწესებული იყო ინდივიდუალური პრიზები. მაყურებელთა სიმპათია გახდა „ჰიუნდაის“ წევრი ოთარ ჭიჭინაძე. ბომბარდირის პრიზი დინამოელმა ირაკლი კილაძემ დაისაკუთრა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ბიგანაშვილი დასახელდა.

ინდივიდუალური პრიზების მფლობელები და პრიზიორი გუნდების კალათბურთელები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა – ლევან წულაიამ, მამუკა ლომაძემ და დავით გოცირიძემ დააჯილდოვეს. გამარჯვებულებს საჩემპიონო თასი კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.

gbf.ge

“აკადემია” 13-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია

საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა საქართველოს 13-წლამდელთა ჩემპიონატი. ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურებულმა „აკადემიამ“ მეორე მატჩიც მოუგო შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდს და ჩემპიონი გახდა.

სერიის პირველი მატჩი აკადემიელებმა 88:73 მოიგეს. დღეს კი ალექსანდრე ჯაფარიძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა 85:68 იმარჯვა და ფინალური სერია მშრალი ანგარიშით – 2:0 მოიგო.

მატჩის ბედი დიდი შესვენებისთვის გადაწყდა. პირველი პერიოდის 26:14 მოგების შემდეგ აკადემიელებმა მეორე ათწუთეული 30:13 მოიგეს და 56:27 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. „აკადემიამ“ პოზიციები დათმო, თუმცა მეორე და მესამე პერიოდების წაგება საერთო შედეგზე არ ასახულა.

გამარჯვებულებს 2ო ქულით ულიდერა გუნდის კაპიტანმა მიშო ზურაბაშვილმა, რომელმაც თამაშის შემდეგ საჩემპიონო თასი ვეტერანი კალათბურთელებისგან – ვალერი ლომაძესა და ანტონ კაზანჯიანისგან ჩაიბარა.

ვეტერანმა კალათბურთელებმა დააჯილდოვეს ჩემპიონი აკადემიელები და მეორე ადგილზე გასული „შსს-აკადემია“. პრიზიორებს სიგელები და შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცათ.

მესამე ადგილი დაიკავა „დინამომ“, რომელმაც რუსთავში ადგილობრივი გუნდი დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

საკალათბურთო აკადემია. 16 დეკემბერი. ფინალი (მეორე მატჩი)

შსს – აკადემია 68:85 აკადემია

14:26, 13:30, 20:18, 21:11

შსს: ნიკოლაიშვილი (15), შეროზია (15), ბაკაშვილი (10)

აკადემია: კიპაროიძე (6), კოპალეიშვილი (2), ქროული (7), სიმონიშვილი, ნაზარაშვილი (4), ანდრონიკაშვილი (8), რუხაძე (8), მიმინოშვილი (10), ზურაბაშვილი (20), მიქელაძე (10), ლაზვიაშვილი (8), ნუცუბიძე (2)

gbf.ge