სფფ-მ 2014 წელი შეაჯამა

დღეს, რესტორან “ქალაქურში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წელი შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელები ოთხ ნომინაციაში გამოავლინა.

თუმცა, თავიდან სფფ-მ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ფილმი წარუდგინა, რომელშიც წლეულს განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი იყო შესული: ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების დაფინანსება, ლაგოდეხის ბაზის მშენებლობა, სფფ-ს აკადემია, მწვრთნელთა PRO ლიცენზიის კურსები, სუპერთასის საორგანიზაციო სამუშაოები, 17 და 19 წლამდელთა ნაკრებების წარმატებული ასპარეზობა. ფეხბურთის ფედერაციამ უახლოეს მომავალში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფან-შოპის გახსნაც დააანონსა, რის შემდეგაც უკვე ნომინაციების ჯერიც დადგა.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ლეგიონერი, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა გამოავლინეს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით თითოეულ ნომინაციაში 3 ლიდერი გამოიკვეთა, გამარჯვებულთა ვინაობა კი დღეს საღამოს გახდა ცნობილი.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად “დინამო თბილისის” ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი დაასახელეს, რომელმაც ლუკა ზარანდიასა (“გენკი”) და ოთარ კიტეიშვილს (რუსთავის “მეტალურგი”) აჯობა.

გიორგი პაპუნაშვილი: “ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით “დინამოს” და ჩემს გუნდელებს. მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მივიღებდი” 

GFF Awards 2014_803859353

ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო “დინამო თბილისის” ყოფილ თავდასხმელ ჩისკო მუნიოსს გადასცეს, რომელმაც “ზესტაფონის” ყოფილი თავდასხმელი ჯაბა დვალი და გორის “დილას” ფორვარდი ირაკლი მოდებაძე ჩამოიტოვა. ესპანელი უკვე სამშობლოში იმყოფება და მის ნაცვლად ჯილდო თბილისის “დინამოს” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ზუხბაიამ მიიღო.

წლის საუკეთესო ლეგიონერი ყაზანის “რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია გახდა, რომელმაც თორნიკე ოქრიაშვილსა (“გენკი”) და ჯაბა კანკავას (“დნიპრო”) აჯობა.

GFF Awards 2014_9745353

კვერკველიამ საღამოს მთავარი ნომინაციაც მოიგო. “რუბინის” უკანახაზელმა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა და ამ ნომინაციაშიც თორნიკე ოქრიაშვილსა და ჯაბა კანკავას აჯობა.

სოლომონ კვირკველია: “უზომოდ ბედნიერი ვარ. მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მეამაყება რომ ქართველი ვარ და საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ. 

GFF Awards 2014_098566546

ოფიციალური ნაწილის შემდეგ სიტყვა სფფ-ს პრეზიდენტ, ზვიად სიჭინავას მიეცა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ეროვნლი ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე წარუდგინა. პირველ ეტაპზე ქართველი სპეციალისტი ნაკრებში და კლუბში შეთავსებით იმუშავებს. სეზონის დასრულების შემდეგ კი ბაქოს “ინტერს” დატოვებს და ნაკრებს 2017 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. ეროვნული ნაკრების ახალმა თავკაცმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

კახა ცხადაძე_993749

“დიდი მადლობა ნდობისთვის. ვეცდები, კრიზისიდან გამოვიდეთ. საქართველოს ნაკრებში მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა. ფეხბურთელების იმედი მაქვს. მათ მატჩების მოგება და დიდ ტურნირებზე თამაში შეუძლიათ. პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს ვუხელმძღვანელებ იმის გამო, რომ ნებისმიერი მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ეროვნულ გუნდში მუშაობაა” – განაცხადა ცხადაძემ.

კახა ცხადაძე_90745353

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები