გუკა სამუშია: „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონატს სჭირდება“

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია – კლუბი თითქმის ყველა მოთამაშემ და მწვრთნელმა დატოვა.

არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით იმერული კლუბის უკვე ყოფილ მოთამაშეს გუკა სამუშიას დავუკავშირდით, რომელმაც რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.

– ზესტაფონში 2011/2012 წლების სეზონიდან ირიცხებოდი. შეგიძლია შეაფასო გუნდთან განვლილი პერიოდი?

„კარგის მეტი „ზესტაფონში“ არაფერი მახსენდება. აქ კარგი წლები მქონდა, რომლებსაც არასდროს დავივიწყებ. გული მწყდება, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ გამოვავლინე. ამ გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გავხდი და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“.

– მიმდინარე სეზონი გუნდმა ნორმალურად დაიწყო, მაგრამ, შემდგომ, ცხრილის შუაში აღმოჩნდა…. ფინანსური პრობლემის გარდა, კიდევ რას დააბრალებდი ამ რეგრესს?

„უბრალოდ, გუნდი ფორმაში არ იყო. რაღაც გვაკლდა, წაგებულ თამაშებში ვიბრძოდით და ვერც ერთ ამ შეხვედრაში მეტოქემ ვერ გვაჯობა, მაგრამ ასე ხდება ხოლმე, არ გვიმართლებდა“.

– შენი აზრით, გუნდის ბოლო შემადგენლობის შენარჩნების შემთხვევაში, „ზესტაფონი“ უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებდა?

„რატომაც არა? სამეულისთვის ბრძოლა შეგვეძლო. ამჟამად დიდი სხვაობა არაა, „ზესტაფონი“ სამეულს მხოლოდ ექვსი ქულით ჩამორჩება“.

– „ზესტაფონში“ ფინანსური კრიზისი წინა წლებშიც იყო, მაგრამ ყველაფერი, საბოლოოდ, კარგად სრულდებოდა, რასაც ამჯერად ვერ ვიტყვით, რადგან კლუბი ყველა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა დატოვა… როგორ ფიქრობ, შეძლებს თუ არა გუნდი ამჯერადაც ამ პრობლემების მგოვარებას?

„როგორც ვიცი, კლუბი ყველას არ დაუტოვებია. მე, რამდენიმე სხვა ფეხბურთელის მსგავსად, კონტრაქტი დამიმთავრდა. იმედია, ყველა პრობლემა მოგვარდება და ეს კლუბი იარსებებს, რადგან იგი საქართველოს ჩემპიონატს სჭირდება. ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება“.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს ან რომელიმე კლუბისგან თუ გქონია შემოთავაზება?

„ჯერჯერობით შემოთავაზებები არ მაქვს“.

– გულშემატკივრებს შენი თამაში ჯერ კიდევ ასაკობრივი ნაკრებებიდან ახსოვს. ამჟამინდელი ასაკობრივი გუნდების რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოყობდი?

„ძალიან მომწონს ლუკა ზარანდიასა და გიორგი პაპუნაშვილის თამაში. ეს ბიჭები ძალიან ნიჭიერები არიან და მათ დიდი მომავალი აქვთ. შემტევები იმიტომ აღვნიშნე, რომ მეც ამ პოზიციაზე ვთამაშობდი. მცველებიდან ნიკა ჭანტურიასა და ლაშა დვალს გამოვყოფდი“.

– რას უსურვებდი ყოფილ თანაგუნდელებსა და ზესტაფონის გულშემატკივრებს?

„ეს გუნდი ყოველთვის მეყვარება და მას ვუგულშემატკივრებ. აქ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. გულშემატკვირებს თანადგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ამ ადამიანებს პატივს ვცემ და წარმატებას ვუსურვებ“.