“კრისტალ პალასმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“კრისტალ პალასმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნილ უორნოკი გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურში “საუთჰემპტონთან” განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ მიიღო.

ამრიგად, უორნოკი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მომუშავე თავკაცებიდან პირველი მწვრთნელი გახდა, რომელიც გუნდიდან დაითხოვეს.

66 წლის უორნოკი “კრისტალ პალასს” 2014 წლის აგვისტოდან თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 16 მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგო.

“კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობას კეიტ მილენი შეასრულებს, რომელიც მანამდე უორნოკის თანაშემწედ მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ “კრისტალ პალასს” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიცია უკავია.