2015 წლის დადგომიდან მე-3 დღეს ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და ამჟამინდელი საფეხბურთო სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას შეუდგა. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარებულ ორსაათიან საწვრთნელ პროცესში, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილიც დაესწრო, 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. აქედან მხოლოდ 9 მათგანი იყო წინა შემადგენლობიდან.
ესენი არიან: თორნიკე გეგუჩაძე(მეკარე), მიხეილ მახვილაძე, ზურაბ გელაშვილი, ალეკო ჩაკვეტაძე, ოლეგ მამასახლისი, გოგი გოგიჩაიშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი და ოთარ კვერნაძე.
„ტორპედოს“ დაუბრუნდა შემდეგი ოთხეული: 27 წლის მცველი ზაზა ჭელიძე(ბელორუსიის „გომელიდან“), 31 წლის ნახევარმცველი ლაშა ქებაძე(„სამტრედიადან“) და ფორვარდები – 23 წლის ნიკოლოზ საბანაძე(თბილისის „დინამოდან“) და 26 წლის ვახტანგ კვარაცხელია(„ზუგდიდიდან“).
ახალწვეულების რანგში ივარჯიშეს, მეკარეებმა: 27 წლის სერბმა საშა მიშიჩმა, რომელიც ბოლოს ბოსნიის ჩემპიონატში მოასპარეზე „მლადოსტში“ გამოდიოდა და ექსზესტაფონელმა კახაბერ მეშველიანმა.ნახევარმცველებმა: ირაკლი კლიმიაშვილმა, „ტორპედომდე“ იგი ლატვიურ „სკონტოში“ თამაშობდა და „ზესტაფონის“ კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, 23 წლის გიორგი ჭანკოტაძემ. პლუს, თბილისის „დინამოდან“ წამოსულმა 20 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ.
მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ასევე იყვნენ ახალგაზრდა მცველები: მალხაზ გაგოშიძე(„ზესტაფონიდან“), რომეო კანკია, საბა ადამაშვილი(ორივე „ზუგდიდიდან“) და ბექა ბანძელაძე.ვარჯიშზე მყოფთაგან ამ უკანასკნელთან ერთად ბოლოს წყალტუბოს „სამგურალში“ თამაშობდნენ ნახევარმცველები, თენგიზ ბრეგვაძე და ბექა კაკუშაძე. სხვათა შორის, მისი ქალაქის გუნდის მაისური კაკუშაძესაც მოურგია, უმაღლესი ლიგის სამ შეხვედრაში.
ერთ კვირაში ჩვენს გუნდს შეუერთდება ს. კ. „ზუგდიდის“ ყოფილი უკანახაზელი ბაქარ მირცხულავაც.
ზემოხსენებულ ფეხბურთელთა უმეტესობასთან კონტრაქტები მოკლე ხანში გაფორმდება, რასაც ოპერატიულად გაცნობებთ.
ფეხბურთელთა შემადგენლობისგან განსხვავებით სრულად დაკომპლექტდა გუნდის სამწვრთნელო შტაბი – გიორგი დარასელიას თანაშემწე გარდა გიორგი მეგრელაძისა, ნუკრი გაბრავაც იქნება. მეკარეებს კი თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის.
8 იანვრიდან „ტორპედო“ ორჯერად ვარჯიშებზე გადავა და საწვრთნელ ბაზაზე ორმხრივ თამაშებსაც ჩაატარებს. 29 იანვარს კი ორკვირიანი შეკრების გასავლელად თურქეთში, კერძოდ დაბა ბელეკში გაემგზავრება, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს: 1, 4, 7 და 10 თებერვალს. მეტოქეთა ვინაობა ოდნავ მოგვიანებით დაზუსტდება.
FCTorpedo.GE