დავით ვოლკოვმა თავი “გაგრაში” თამაშით გამოიჩინა, რის შემდეგაც”დინამოში” გადავიდა. 19 წლის ფოვარდი თბილისურ კლუბში უკვე მეორე სეზონია ასპარეზობს და ძირითადად პირველ ლიგაში, მეორე გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა. როგორც იცით, მეორე წრიდან ეს გუნდი ჩემპიონატში მონაწილეობას აღარ მიიღებს. Fanebi.com მოთამაშეს დაუკავშირდა და მის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
– გადაწყვეტილია, რომ დინამოს მეორე გუნდი პირველ ლიგაში აღარ იასპარეზებს. რჩები თბილისურ კლუბში?
– დიახ, ამჟამად დუბლშემადგენლობაში ვარ. წასლვას არსად არ ვაპირებ და იმედი მაქვს, რომ მალე პირველ გუნდშიც შევძლებ თამაშს.
– პირველ წრეში შენს ასპარეზობას როგორ შეაფასებდი?
– იმ სათამაშო დროიდან გამომდინარე რაც მეძლეოდა, ვფიქრო, რომ შანსები კარგად გამოვიყენე.
– რურის თასზე იმ წარმატებული გუნდის შემადგენლობაში იყავი, რომელმაც “დინამოს” გაახალგაზრდავებას დაუდო საფუძველი. როგორ გაიხსენებდი ხსენებულ ტურნირს?
– იმ პერიოდში “დინამოს” ჩემპიონთა ლიგაზე ცუდმა თამაშმაც იმოქმედა ხელმძღვანელობის გადაწყვეიტლებაზე და გუნდში რეორგანიზაცია დაიწყო. ტურნირი კი ძალიან სასიამოვნო გასახსენებელია. რურის თასი საკმაოდ პრესტიჟულია ამ ასაკში და გასახარია, რომ ქართულმა გუნდმა შეძლო მისი მოგება.
– დიდ გამოცდილებასაც მიიღებდით…
– “ვოლფსბურგის”, “დორტმუნდის” და “ბენფიკას” დონის გუნდებთან თამაში გამოცდილების თვალსაზრისით რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალგაზრდა მოთამაშისთვის.
– “დინამოს” თამაშზეც გკითხავ… საჩემპიონო შანსებს როგორ შეაფასებდი?
– გუნდმა სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და სტარტზე მოპოვებული ქულები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ბოლო ტურებში მცირე ჩავარდნა იყო, თუმცა პირველი წრის მოგება მაინც მოხერხდა. გუნდში კვლავ საკადრო ცვლილებია, რაც იმედია უკეთეს შედეგებს მოიტანს. “დინამოს” კიდევ ერთხელ შეუძლია ჩემპიონობის მოპოვება.