კონფლიქტი “ინტერში”? რა მოხდა მოედანზე იკარდისა და ოსვალდოს შორის

იტალიის სერია A-ს XVII ტურში ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ორივე გოლი არგენტინელმა თავდამსხმელებმა გაიტანეს: მასპინძელთაგან თავი კარლოს ტევესმა გამოიჩინა, სტუმართაგან კი – მაურო იკარდიმ.

მატჩის მიწურულს სტუმრებს დაწინაურების შანსიც მიეცათ, თუმცა მაურო იკარდიმ ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ პაბლო ოსვალდოს ბურთი არ გადააწოდა და ეპიზოდი თავად დაასრულა არაზუსტი დარტყმით. იკარდის ამ გადაწყვეტილებამ ოსვალდოს გაღიზიანება გამოიწვია, უმალ მიიჭრა თანაგუნდელთან და რომ არა ფრედი გუარინი, შესაძლოა, ახალგაზრდა თანაგუნდელს ფიზიკურადაც შეხებოდა.

მატჩის შემდეგ აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი იკარდიმ გააკეთა.

“ასეთი მომენტები მოედანზე ხდება ხოლმე. მინდორს მიღმა ჩვენ შორის არავითარი პრობლემა არ არის. არასწორად მოვიქეცი, მისთვის ბურთი უნდა მიმეცა. ვიგრძენი, რომ ეპიზოდის საკუთარ თავზე აღება შემეძლო და ამიტომაც გავრისკე.

რაც შეეხება გოლის მომენტს, გუარინმა კარგი პასი მომცა და მეც, საბედნიეროდ, ბურთის კარის ბადეში გახვევა შევძელი. მოპოვებული ქულა ფასეულია, თუმცა გამარჯვებაც შეგვეძლო. სამწუხაროა, რომ შანსები ვერ გამოვიყენეთ”, – ციტირებს იკარდის სიტყვებს Football-italia.