“ნაპოლის” პრეზიდენტი: “სერია A 16 გუნდამდე უნდა შევამციროთ”

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიის სერია A-ში მონაწილე გუნდთა რაოდენობის შემცირების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ჩემპიონატი სხვა ევროპულ ტოპლიგებს ჩამორჩება.

“იტალიაში ფეხბურთს მენტალურად 30 წლით ჩამორჩენილი ხალხი ხელმძღვანელობს. დღეს სერია A-ში 1986 წლის მსგავსად მხოლოდ 16 გუნდი რომ თამაშობდეს, უკეთესი იქნებოდა. იტალიის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის შემცირებას გთავაზობთ. გასავარდ ზონაში მხოლოდ ერთი ადგილი დავტოვოთ.

ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კარლო ტავეკიოს ვესაუბრე. ეს სხვა ცვლილებებს არ გამოიწვევს. კომპანია, რომელიც სერია A-ს მატჩების ტრანსლირების უფლებების რეალიზაციით არის დაკავებული, პატარა კლუბებს ატყუებს და ეს ჩემპიონატის კონკურენტუნარიანობას აფერხებს.

დადგა დრო, რომ ჩვენი ლიგა უკეთ გავყიდოთ. ამ მხრივ სხვა ჩემპიონატებს ჩამოვრჩებით. ესპანეთის პრიმერადივიზიონი საზღვარგარეთ მატჩების ტრანსლაციების გაყიდვით 700 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ჩვენ კი მხოლოდ 300-400 მილიონს ვიღებთ. ესპანელებს “ატლეტიკო”, “რეალი” და “ბარსელონა” ჰყავთ, როცა ჩვენთან “იუვენტუსი”, “ნაპოლი”, “ინტერი”, “მილანი”, “რომა”, “ლაციო”, “ფიორენტინა” და სხვა კლუბები ასპარეზობენ”, – განაცხადა დე ლაურენტისმა “რადიო 24”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“ნაპოლის” პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა

“ნაპოლიში” კონფლიქტია გაღვივებული. კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

როგორც იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, სერია A-ს 22-ე ტურში “პალერმოს” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) შემდეგ ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტმა გუნდის თავკაცს უყვირა.

დე ლაურენტისმა სარის გუნდის სასტარტო შემადგენლობის გამო ეჩხუბა. თავად მწვრთნელი პრეზიდენტს დაემუქრა, თუ ჩემს საქმეში კიდევ ჩაჰყოფ ცხვირს, გუნდს დავტოვებო. საქმეში “ნაპოლის” სპორტული დირექტორი კრისტიანო გინტოლიც ჩაერთო, რომელმაც მაურიციო სარის მხარე დაიჭირა და კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მანაც დაძრა სიტყვა.

რამდენიმე დღის შემდეგ სიტუაცია ოდნავ მიწყნარდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდრის “რეალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ (1:3) კონფლიქტმა ახალი ძალით იფეთქა. დე ლაურენტისმა გუნდის თამაში გააკრიტიკა, სარიმ კი თქვა, რომ პრეზიდენტმა ტელეეთერებში გამოსვლის ნაცვლად მას პირისპირ უნდა ესუაბროს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მაურიციო სარი გუნდში დარჩენას არ აპირებს და ნეაპოლიტანურ კლუბს მაქსიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უთავკაცოს.

“ნაპოლის” პრეზიდენტი: “ჩვენ “რეალისა” და “ბარსელონას” დონეზე ვართ”

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მიმდინარე სეზონში მისი კლუბის თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ნეაპოლიტანები მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” დონეზე დგანან.

“ჩვენ ლიდერები ვართ, რაც მაურიციო სარის (მთავარი მწვრთნელი) დამსახურებაა. სეზონის დასაწყისში მას გარკვეული სირთულეები ჰქონდა, თუმცა ახლა ფეხბურთელები მოედანზე იდეალურად მოქმედებენ.
რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ყველა მატჩს მოვიგებთ. ვიმედოვნებ, საშობაოდ უფრო მეტი ქულა გვექნება, ვიდრე მეორეადგილოსან გუნდს.
გაკოტრებული კლუბი ჩავიბარე და ახლა მსოფლიოში მე-15 ადგილზე ვართ. დღესდღეობით “რეალისა” და “ბარსელონას” დონეზე ვდგავართ. თუმცა ამ კლუბებსა და იმ გუნდებს, რომლებსაც რუსი ოლიგარქები ან არაბი შეიხები პატრონობენ, დიდძალი თანხები აქვთ, ჩვენ კი პატივს ვცემთ მიშელ პლატინის მიერ შემოღებული ფინანსური ფეარ-პლეის წესებს”, – “ნაპოლის” პრეზიდენტის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

“ნაპოლის” პრეზიდენტი: “მინდა, რომ იგუაინი წავიდეს”

“ნაპოლის” პრეზიდენტი ანტონიო დე ლაურენტისი, რომელიც ექსცენტრიული ქცევებით არის ცნობილი, აცხადებს, რომ გონსალო იგუაინის გაყიდვა სურს.

“მინდა, რომ იგუაინი ვინმემ იყიდოს. 90 მილიონ ევროდ რვა ახალ ფეხბურთელს ვიყიდიდი.

რაც შეეხება ჩირო იმობილეს, ჩვენ არ ვაპირებთ მის შეძენას, რადგან იგი მხოლოდ ლორენცო ინსინიესთან და მარკო ვერატისთან ერთად თამაშობს კარგად (ეს სამი ფეხბურთელი ერთად “პესკარაში” 2011/12 წლების სეზონში თამაშობდა, როცა გუნდი სერია А-ში გადმოვიდა), ჩვენ კი აქედან მხოლოდ ერთი მოთამაშე გვყავს”, – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Football Italia.

 

ალეგრი: “იტალიაში მარცხის აღიარება არ შეუძლიათ”

იტალიის სერია A-ს XVIII ტურის ცენტრალური შეხვედრა “სან პაოლოზე” გაიმართა, სადაც “ნაპოლიმ” გათამაშების ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლიტანური გუნდის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მსაჯები “იუვეს” დაეხმარნენ, რაზეც მოგვიანებით “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

“სასაცილოა. არბიტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაპროტესტება რომ დავიწყოთ, ქაოსს მივიღებთ. როდესაც მსაჯი ჩვენ წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას, ყველა კმაყოფილია. როდესაც პირიქით ხდება, უთანხმოება წარმოიშვება ხოლმე.

“სამპდორიასთან” გამართული მატჩი მახსენდება, როდესაც არბიტრი ჩვენ საწინააღმდეგოდ ორჯერ შეცდა. შეცდომას ყველა უშვებს: ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და პრეზიდენტებიც და რატომ არ შეიძლება, რომ მსაჯი შეცდეს? დიდებული მატჩის შემდეგ რა საჭიროა სკანდალის მოწყობა?

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ასეთი სანახაობრივი საღამოს გაფუჭებას ცდილობს. ვწუხვარ, მაგრამ დღეს ასეთია იტალიური ფეხბურთი – მარცხს არავინ აღიარებს. თუ არბიტრებს ერთ შეცდომაზე გამოვეკიდებით, მალე აღარავინ იმსაჯებს”, – ალეგრის სიტყვები Football italia-მ გამოაქვეყნა.

 

“ნაპოლის” მფლობელი: “მსაჯთა ეს ექვსეული დიდი ხნით უნდა ჩამოშორდეს ფეხბურთს”

იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “ნაპოლი” შინ ტურინის “იუვენტუსთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლიტანური გუნდის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა შეხვედრაში მონაწილე მსაჯები გააკრიტიკა.

“იუვენტუსი” ძლიერი გუნდია და როდესაც მას არბიტრები ეხმარებიან, დაუმარცხებელი ხდება.

არანორმალურია, როდესაც ექვსი მსაჯი თამაშგარე მდგომარეობაში მყოფ ორ ფეხბურთელს ვერ ამჩნევს. ან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე, ან არაკეთილსინდისიერ მუშაობასთან.

ეს ექვსეული დიდი ხნით უნდა ჩამოშორდეს ფეხბურთს”, – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Football italia.